ახალქალაქში X საუკუნის წარწერა აღმოაჩინეს, რომელშიც ბაგრატ III კურაპალატია მოხსენიებული
ახალქალაქში, სოფელ აგანაში, ლაპიდარული წარწერა აღმოაჩინეს, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. ზედ ბაგრატ III კურაპალატია მოხსენიებული. ამის შესახებ ინფორმაციას ანა იმედაშვილი, ექსპედიციაში ჩართული მკვლევარი, ავრცელებს ფეისბუკზე.
მკვლევრებმა ქვაზე შესრულებულ წარწერას სამცხე-ჯავახეთში ჩატარებული ექსპედიციის ფარგლებში მიაკვლიეს. წარწერა შაბათს, 20 ივლისს, აღმოაჩინეს მე-19 საუკუნის სომხურ ეკლესიაში. ანას თქმით, იგი დაზიანებულ ტაძარში შელესილობის ჩამოშლის შედეგად გამოვლინდა.
ანას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მკვლევრები წარწერის ასლებს იღებენ. ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, რა წერია ქვაზე, რადგან ლაპიდარული წარწერის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება.
ანას მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის ამგები მასში ბაგრატ III კურაპალატს ადიდებს. მისი თქმით, წარწერაში ასევე მოხსენიებულია იოანე ნათლისმცემელი და წელი 984.
კომენტარები