ოკეანის სიღრმეში "ბნელი ჟანგბადი" აღმოაჩინეს — იგი სინათლისა და ცოცხალი ორგანიზმების გარეშე წარმოიქმნება
შესაძლოა, აღმოჩენამ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ჩვენეული გაგება შეცვალოს.
წყნარი ოკეანის ფსკერზე ჟანგბადი წარმოიქმნება და ეს სრულ სიბნელეში ხდება, ცოცხალი ორგანიზმების ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჟანგბადს ფსკერზე მოფენილი მეტალის კონკრეციები წარმოქმნის, კარტოფილის ფორმის მინერალური წარმონაქმნები. ამას მოწმობს ნაშრომი, რომელიც ჟურნალში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
ოკეანის ფსკერზე წარმოქმნილ ჟანგბადს მეცნიერებმა "ბნელი ჟანგბადი" უწოდეს. მათ ისტორიაში პირველად მოიპოვეს იმის მტკიცებულება, რომ ეს ნივთიერება ცოცხალი ორგანიზმების გარეშეც წარმოიქმნება. შესაძლოა, ამან სიცოცხლის წარმოშობის ჩვენეული გაგება შეცვალოს.
"როცა პირველად ეს მონაცემები მივიღეთ, ვიფიქრეთ, რომ სენსორების ხარვეზი იყო, რადგან ღრმა წყალში ჩატარებული ყველა კვლევისას ჟანგბადის შთანთქმა ფიქსირდებოდა და არა წარმოქმნა", — განაცხადა პროფესორმა ენდრიუ სვიტმენმა, კვლევის ხელმძღვანელმა.
როცა ინსტრუმენტებმა იგივე შედეგები რამდენჯერმე აჩვენა, მეცნიერები უკვე დარწმუნდნენ, რომ რაღაც სრულიად ახალსა და რევოლუციურთან ჰქონდათ საქმე.
პატარა მეტალის კონკრეციები კლარიონ-კლიპერტონის ზონაში (CCZ) აღმოაჩინეს, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰავაისა და მექსიკას შორის. კვლევის მიხედვით, ისინი ჟანგბადს წყლის ელექტროლიზის შედეგად წარმოქმნის. ამ დროს წყალი ელექტრული მუხტის გავლენით იშლება და მისგან ჟანგბადი და წყალბადი რჩება. თავად მუხტი, შესაძლოა, ელექტრული პოტენციალის სხვაობიდან მოდიოდეს. ეს უკანასკნელი კონკრეციებში მეტალის იონებს შორისაა და ელექტრონების გადანაწილებას განაპირობებს.
ე. წ. პოლიმეტალური კონკრეციები აბისალურ ზონებში საკმაოდ გავრცელებულია. ეს ზონები ოკეანის ფსკერის ბრტყელი რეგიონებია, რომლებიც წყლის ზედაპირიდან 3-6 ათასი მეტრით ქვემოთ მდებარეობს. კონკრეციები უმეტესად რკინისა და მანგანუმის ოქსიდებისაგან შედგება, თუმცა ასევე შეიცავს მეტალებს, მათ შორის: კობალტს, ნიკელსა და ლითიუმს. შიგნით გვხვდება იშვიათი მიწის ელემენტებიც, მაგალითად ცერიუმი, რომლებსაც ელექტრონული მოწყობილობებისა და დაბალნახშირბადოვანი ტექნოლოგიების შესაქმნელად იყენებენ.
მკვლევრებს თავიდან იმის შესწავლა სურდათ, თუ რა გავლენა აქვს ფსკერის ეკოსისტემაზე პოლიმეტალური კონკრეციების დამუშავებას.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჟანგბადის კონცენტრაციის ცვლილებები გაზომეს სხვადასხვა ადგილას. ჩვეულებრივ, ჟანგბადის დონე ოკეანის სიღრმეებში თანდათანობით იკლებს, რადგან აქ ნაკლები სინათლეა და უფრო ცოტა ფოტოსინთეზური ორგანიზმი გვხვდება, შედეგად კი ჟანგბადის წარმოქმნაც მცირდება. მიუხედავად ამისა, კვლევის ფარგლებში ჟანგბადის შემცირება არ გამოვლენილა — მონაცემებმა ოკეანის ფსკერიდან სტაბილური ემისიები აჩვენა.
ბნელი ჟანგბადი 4 ათასი მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს — ისეთ ადგილას, სადაც სინათლე არ აღწევს. მიგნება ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ცოდნას, რომ დედამიწაზე ჟანგბადი ბუნებრივად მხოლოდ ფოტოსინთეზის გზით წარმოიქმნება (ეს ამიაკის დაჟანგვითაც ხდება, თუმცა ამ დროს ძალიან ცოტა ჟანგბადი წარმოიქმნება და მაშინვე იხარჯება). დამატებითი კითხვები ჩნდება პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებაც.
"პლანეტაზე რომ აერობული [რაღაც, რაც ჟანგბადს საჭიროებს] სიცოცხლე წარმოიშვას, ჟანგბადი უნდა არსებობდეს და ასე ვიცოდით, რომ დედამიწაზე ჟანგბადის მარაგი ფოტოსინთეზური ორგანიზმებისგან გაჩნდა", — თქვა მეცნიერმა — "თუმცა ახლა უკვე ვიცით, რომ ჟანგბადი ღრმა წყალშიც წარმოიქმნება, სადაც სინათლე არაა. ვფიქრობ, ხელახლა უნდა დავსვათ ზოგიერთი კითხვა, მაგალითად: სად შეიძლება იყოს აერობული სიცოცხლის სათავე?"
შედეგები პოლიმეტალური კონკრეციების შესაძლო მოპოვება-გამოყენებაზეც აჩენს ახალ საფიქრალს. ეს კონკრეციები, შესაძლოა, ღრმა წყლის ეკოსისტემებისათვის ჟანგბადის მნიშვნელოვანი წყარო იყოს.
"ამ აღმოჩენამ არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა წარმოშვა და, ჩემი აზრით, ბევრი გვაქვს საფიქრი ამ კონკრეციების დამუშავების საკითხზე. ისინი ფაქტობრივად ბატარეებია ქვებში", — დასძინა სვიტმენმა.
კომენტარები