შექმნეს 5-წუთიანი ტესტი, რომელსაც გულის შეტევის რისკის გამოვლენა შეუძლია
შვედმა მეცნიერებმა 5-წუთიანი ტესტი შექმნეს, რომელიც გულის შეტევის რისკის გამოვლენას ისახავს მიზნად. კითხვარი ისეთივე სიზუსტით აფასებს არტერიებში ცხიმოვანი დანალექების არსებობის ალბათობას, როგორითაც სისხლის ანალიზები და წნევის გასინჯვა. შეფასების ეს სწრაფი და მარტივი მეთოდი ექიმთან ვიზიტს არ საჭიროებს.
გულის შეტევის პრევენციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რისკები რაც შეიძლება მალე გამოვლინდეს. შესაბამისად, შესაძლოა, თვითაღწერის კითხვარი არაერთი სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმაროს.
"გულის შეტევა ხშირად მოულოდნელად იჩენს თავს", — ამბობს გორან ბერგსტრომი, კლინიკური ფიზიოლოგი გოტენბურგის უნივერსიტეტიდან — "ბევრი ადამიანი, რომელთაც გულის შეტევა ემართებათ, ერთი შეხედვით ჯანმრთელნი და უსიმპტომონი არიან, თუმცა კორონალურ არტერიებში ცხიმოვანი დანალექები აქვთ, იგივე ათეროსკლეროზი".
თვითაღწერის კითხვარი 14 კითხვისგან შედგება. კითხვები ეხება: ადამიანის ასაკს, სქესს, წონას, დიაბეტის სტატუს, სისხლის წნევას, ლიპიდების დონეებს, ოჯახურ ისტორიასა და მოწევასთან დაკავშირებულ ჩვევებს. მკვლევრების თქმით, მის შევსებას დაახლოებით 5-8 წუთი დასჭირდება.
მიმდინარე პროექტის, SCAPIS-ის, ფარგლებში ამ შეკითხვებს 25 ათასზე მეტმა ადამიანმა უპასუხა; მათი ასაკი 50-იდან 64 წლამდე მერყეობდა. მკვლევრებმა პასუხები კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებს შეადარეს, რომლებიც ასევე SCAPIS-ის ფარგლებში შეგროვდა.
კომპიუტერული ტომოგრაფია არტერიებში ცხიმოვან დანალექებსაც აჩვენებს, ამიტომ გუნდმა შეძლო და კითხვებზე გაცემული პასუხები რეალურ კორონალურ ათეროსკლეროზს დაუკავშირა. ასე მეცნიერებმა გულის შეტევის რისკის შეფასება შეძლეს.
მეთოდი მათ SCAPIS-ის უფრო პატარა ქვესექციაზეც გამოცადეს, შედეგად კი გამოვლინდა, რომ ყველაზე მაღალი რისკი ადამიანთა 64.6%-ს ჰქონდა.
შემდეგ შედარების მიზნით კლინიკური ხელსაწყო გამოიყენეს. იგი პაციენტების მიერ აღწერილ 14 და დამატებით 9 ფაქტორს მოიცავდა, მათ შორის ლაბორატორიული ანალიზების შედეგებსა და სასიცოცხლო ნიშნებს.
კლინიკური ხელსაწყოს გამოყენებით გუნდმა დაადგინა, რომ ყველაზე მაღალი რისკი ადამიანების 67.3%-ს ჰქონდა. გამოდის, თვითაღწერით მიღებული მონაცემებით შესაძლებელია, რომ გულის შეტევის რისკი ეფექტიანად შეფასდეს, ხოლო კლინიკაში ვიზიტით ეს რისკი ოდნავ უფრო ზუსტად დგინდება.
მკვლევართა გუნდს სურს, რომ ტესტირება უფრო დიდ ჯგუფებზე ჩაატაროს სხვა ქვეყნებში. ეს იმის დადგენისთვის არის საჭირო, იგივე იქნება თუ არა კავშირი გულის შეტევის რისკსა და კითხვარის შედეგებს შორის.
საგულისხმოა, რომ რისკს მხოლოდ თვითაღწერის ინსტრუმენტი არ ადგენს; კითხვარის მიზანი პირველადი შეფასებაა, ანუ კითხვებზე პასუხის მიხედვით დგინდება, ვის სჭირდება ექიმთან ვიზიტი და დამატებითი გამოკვლევები. მკვლევრებს სურთ, რომ ასეთმა ადამიანებმა რაც შეიძლება მალე შეძლონ გართულებების პრევენცია.
ცნობისთვის, გულის შეტევა მაშინ ვითარდება, როცა გულის ნაწილს სისხლის მიწოდება უწყდება და კუნთს ჟანგბადი აკლდება. როგორც წესი, ამას კორონალურ არტერიაში ნადების დაგროვება და გასკდომა განაპირობებს, რის შედეგადაც თრომბი წარმოიქმნება. ამ პროცესში არაერთი ფაქტორი შეიძლება მონაწილეობდეს — ჰაერის დაბინძურებიდან დაწყებული, სამსახურში განცდილი სტრესით დამთავრებული. მკვლევრები აქტიურად მუშაობენ, რომ გულის შეტევების დროული პრევენცია შევძლოთ.
ბერგსტრომის თქმით, ტესტი არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენს, თუ ჯანდაცვის სფეროში ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. იგი ექიმებს იმ ადამიანების გამოვლენაში დაეხმარება, რომელთაც გულის შეტევის მაღალი რისკი აქვთ ანდა უფრო აქტიური მკურნალობა ესაჭიროებათ.
ნაშრომი გამოცემაში Journal of the American Heart Association გამოქვეყნდა.
კომენტარები