შესაძლოა, მზის სისტემაში კიდევ ერთი ფარული ოკეანე იყოს
მზის სისტემაში წყალს არა მხოლოდ პლანეტებზე, არამედ მათ ბუნებრივ თანამგზავრებზეც ეძებენ. მაგალითად ევროპასა და ენცელადზე ყინულოვანი საფარის ქვეშ უზარმაზარი ოკეანის არსებობის შესახებაა ცნობილი. ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ასეთი რეზერვუარი ურანის გარშემო მოძრავი ციური სხეულის, არიელის, ზედაპირის დაბლაც იყოს.
ამ ობიექტს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი აკვირდებოდა, რა დროსაც მის ზედაპირზე ნახშირორჟანგის ყინულის კვალი დააფიქსირა. ობსერვატორიამ ის არიელის იმ ნახევარსფეროზე შენიშნა, რომელიც მუდმივად ორბიტული მიმართულების საპირისპირო მხარესაა მოქცეული. მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, ყინულოვანი CO2 სწორედ ურანის თანამგზავრის ღრმა ოკეანეს უკავშირდებოდეს.
არიელი ურანის "შვილობილი" 5 ციური სხეულიდან ერთ-ერთია. ის მრავალფეროვანი გეოლოგიური სტრუქტურით გამოირჩევა, რადგან იქ კანიონები, ქედები, ნასხლეტები და დაბლობები გხვდება, რაც ტექტონიკური პროცესების შედეგი უნდა იყოს. ასევე, ამ ობიექტზე ყინულოვანი ვულკანებიცაა, რის გამოც მისი ზედაპირის შრეები იცვლება, შედეგად კი ღია შეფერილობას იძენს.
არიელის ახლოდან შესწავლამ აჩვენა, რომ მისი "უკანა" ნახევარსფერო ნახშირორჟანგის ყინულის საკმაოდ დიდი რაოდენობითაა დაფარული. მზისგან დაახლოებით 2.9 მილიარდ კილომეტრ დისტანციაზე მოსალოდნელია, რომ CO2 პირდაპირ აირად იქცეს და კოსმოსში გაიჟონოს. ყინულის სახით მის შენარჩუნებას აქამდე ურანის მაგნიტოსფეროს დამუხტულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებით ხსნიდნენ, რა დროსაც მოლეკულები იონიზაციას განიცდის და იშლება.
ახალი კვლევა ამის ალტერნატივას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც ნახშირორჟანგის მოლეკულების წყარო ზედაპირქვეშა ოკეანეა. მეცნიერებმა ვების მიერ მოპოვებული სპექტრული მონაცემები ლაბორატორიულ შედეგებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ არიელი მთელს მზის სისტემაში ნახშირორჟანგის დანალექით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ციური სხეულია, რომელზეც ასეთი თხელი ფენა 10 მილიმეტრს აღწევს. დაფიქსირდა ნახშირბადის მონოქსიდის კვალიც, რომელიც, ადგილობრივი ტემპერატურის გათვალისწინებით, იქ არ უნდა იყოს.
არ გამორიცხავენ, რომ CO2-ის წყარო, გარკვეულწილად, ურანის მაგნიტოსფეროცაა, მაგრამ, ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მთავარ როლს სწორედ ოკეანე უნდა ასრულებდეს. ამ მოსაზრებას შეესაბამება არიელზე აღმოჩენილი კარბონატული მინერალების კვალიც, რომელთა წარმოსაქმნელადაც წყალია საჭირო.
ამ საკითხზე მეტის გასაგებად ურანისკენ მისიის გაშვებაა აუცილებელი, რომელიც მის თანამგზავრებსაც გამოიკვლევს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები