NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნო
NASA-ს მავალმა Perseverance მარსზე საინტერესო მახასიათებლების მქონე ქვას მიაგნო, რომელიც შესაძლოა, უძველესი მიკრობული სიცოცხლის კვალს ინახავდეს. ამის მიუხედავად, მეცნიერები დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ და დამატებითი მონაცემების მოპოვება სურთ.
ამ ქვას Cheyava Falls ეწოდება და მასზე ისეთი ქიმიური ნიშნები და სტრუქტურებია, რომლებიც პოტენციურად მილიარდობით წლის წინ არსებულ მიკროსკოპულ ორგანიზმებთან შეგვიძლია დავაკავშიროთ. ასევე, იმავე არეალში ორგანულ ნაერთებსაც მიაკვლიეს, ქვის გაყოლებაზე კი კალციუმის სულფატი შენიშნეს, რომელიც წყალთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნილი მინერალური დანალექია.
ქვაზე მილიმეტრული ზომის ათობით ლაქა დააფიქსირეს, რომელთა გარშემოც მუქი რგოლებია. ისინი რკინასა და ფოსფატს შეიცავს, ეს ელემენტები კი დედამიწაზე მიკრობული ქიმიური პროცესებისას ფორმირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩამოთვლილი სამი მახასიათებელი მარსზე ერთად აქამდე არასდროს აღმოუჩენიათ.
"მსგავსი ლაქების დაფიქსირება მოულოდნელი იყო. დედამიწაზე ქვის ასეთი სტრუქტურები ხშირად მიწის ქვეშ მცხოვრები მიკროორგანიზმების განამარხებულ კვალთან ასოცირდება", — აცხადებს ასტრობიოლოგი დევიდ ფლენერი.
მავალის მიერ გამოკვლეული ქვა 400 მეტრი სიგანის ველზე მდებარეობს, რომელსაც Neretva Vallis-ს სახელით ვიცნობთ. ეს დაბლობი მდინარის დინების შედეგად უნდა წარმოქმნილიყო, რომელიც იეზეროს კრატერში ჩაედინებოდა. ერთ-ერთი შესაძლო სცენარის თანახმად, ორგანული მატერიის შემცველი ტალახი ამ რეგიონში მოხვდა და ქვაზე შერჩა, წყლის ნაკადმა კი კალციუმის სულფატისა და მუქი რგოლების გაჩენას შეუწყო ხელი.
მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ეს მიგნება მარსზე არსებული სიცოცხლის პირდაპირ მტკიცებულებად ჯერ არ მიიჩნევა, ამგვარი კვალის სხვა პოტენციური მიზეზებია. მაგალითად, კალციუმის სულფატის ფორმირება მაღალ ტემპერატურაზე ვულკანური აქტიურობის შედეგადაცაა მოსალოდნელი. ანუ ცნობილია ისეთი არაბიოლოგიური პროცესებიც, რომლებიც შესაძლოა, ამ ყველაფრის უკან იდგეს.
ასტრონომები ამბობენ, რომ Perseverance-მა ახალი ქვის შესასწავლად ყველა სამეცნიერო ინსტრუმენტი და მეთოდი გამოიყენა, მათ შორის ლაზერები, რენტგენული ხელსაწყო და სხვა. მეტის გასაგებად უკვე იქიდან დედამიწაზე ნიმუშების ჩამოტანაა სასურველი, რათა მეცნიერებმა ის პირდაპირ გააანალიზონ ისეთი მოწყობილობებით, რომლებიც მარსზე გაშვებულ რობოტს არ აქვს.
კომენტარები