საქართველოში სქესობრივი განათლების კუთხით ნამდვილად ვერ დავიტრაბახებთ, თუმცა გეცოდინებათ, რომ ნაყოფის ჩასახვისთვის სპერმატოზოიდმა კვერცხუჯრედი უნდა გაანაყოფიეროს. ამისათვის ოპტიმალური პირობები პენეტრაციული სქესობრივი კავშირის დროს იქმნება, თუმცა სპერმამ კვერცხუჯრედამდე სხვა გზებითაც შეიძლება მიაღწიოს.

სტატიაში რამდენიმე უჩვეულო და უაღრესად იშვიათ გამონაკლისზე მოგიყვებით. ფეხმძიმობა ასე თითქმის არასდროს არ დგება.

1. დაორსულება ანალური სექსით

ანალური სქესობრივი კავშირით დაფეხმძიმება შეუძლებელია, თუ სპერმატოზოიდები ანალური ხვრელიდან ვაგინაში არ მოხვდა. ეს ძალიან იშვიათია (სპერმის გადმოღვრის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით), თუმცა მაინც ხდება ისეთ ადამიანებში, რომელთაც ანომალიური აგებულების კლოაკა აქვთ.

კლოაკა ერთგვარი საზიარო ხვრელია, რომელიც შარდვის, დეფეკაციისა და გამრავლების ფუნქციებს ითავსებს. როგორც წესი, იგი რეპტილიებში, ჩიტებსა და იხვნისკარტებში გვხვდება.

ჩვეულებრივ, ადამიანებში ქსოვილი ქვემოთ იზრდება, კლოაკა კი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად ორ ან სამ ხვრელად იყოფა. ძალიან იშვიათად ისეც ხდება, რომ ქსოვილი ბოლომდე ვერ იყოფა, შედეგად კი წვრილი ნაწლავი და ვაგინა ნაწილობრივ განუცალკევებელი რჩება.

ამ ანომალიის დროს შესაძლებელია, რომ სპერმატოზოიდმა გამყოფი ქსოვილის ნებისმიერ ხვრელში გაიაროს და კვერცხუჯრედი გაანაყოფიეროს. ზიგოტა ისევე მიემაგრება საშვილოსნოს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.

კლოაკის ეს ანომალია 50 ათასიდან ერთ გოგოში გვხვდება და ოპერაციას საჭიროებს. ამ შემთხვევაშიც კი დიდია რისკი, რომ გართულებები იჩენს თავს: თირკმლის უკმარისობა, შარდის შეუკავებლობა, დაფეხმძიმების სირთულე თუ ნაადრევი მშობიარობა.

ცნობისთვის, სპერმატოზოიდები სწორ ნაწლავში გადაადგილებას ისევე არ განაგრძობს, როგორც საშოში. ეს ქემოტაქსისით აიხსნება. სხვა სიტყვებით, სპერმატოზოიდები კვერცხუჯრედისაკენ მიისწრაფვის და არა ნებისმიერი რამისკენ; "სწორ" მიმართულებას მას კვერცხუჯრედის მიერ წარმოქმნილი ქიმიკატების კვალი "ანიშნებს".

რაც მეტად უახლოვდება სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს, მით უფრო მეტ კვალს პოულობს და შესაბამისი მიმართულებით მოძრაობასაც ასე განაგრძობს.

ფოტო: sciencephoto/Canva Pro

2. დაორსულება ორალური სექსით

ამის საილუსტრაციოდ ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო შემთხვევა უნდა გავიხსენოთ, რომელიც კი სამედიცინო ლიტერატურაში მოიპოვება.

ვაგინის გარეშე დაბადებულმა ახალგაზრდა გოგომ ექიმებს მუცლის ტკივილის ჩივილით მიაკითხა. ტკივილს წყვეტილი ხასიათი ჰქონდა და სამშობიარო ტკივილებს წააგავდა. ექიმებმა პაციენტის საშვილოსნოში ნაყოფი შენიშნეს, მუცლის ტკივილი კი ნამდვილად მშობიარობის თანმხლები ტკივილი აღმოჩნდა. გოგოს მაშინვე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

ჩასახვის დეტალებს რომ მივუბრუნდეთ, გოგო ვაგინის გარეშე დაიბადა, ეს კი თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ ფეხმძიმობა პენეტრაციული სექსის შედეგად დამდგარიყო.

გაირკვა, რომ ბავშვის დაბადებამდე ზუსტად 278 დღით ადრე გოგო დანით მიყენებული ჭრილობებით მივიდა საავადმყოფოში — პაციენტმა, მისმა ყოფილმა და ახალმა პარტნიორმა იჩხუბეს.

როგორც აღმოჩნდა, დაჭრამდე გოგომ ახალ სქესობრივ პარტნიორთან ორალური სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და სპერმატოზოიდები პირის ღრუში აღმოჩნდა. ოპერაციის დროს ექიმები ჭრილობებს ამუშავებდნენ. სავარაუდოდ, ამან მუცლის ღრუს გარშემო შემორჩენილი სპერმატოზოიდების გადაადგილებას შეუწყო ხელი და ისინი კვერცხუჯრედისაკენ დაიძრა.

ცნობილია, რომ სპერმატოზოიდები იშვიათად, თუმცა მაინც ხვდება ხოლმე პერიტონეუმის ღრუში (სივრცე შინაგან ორგანოებსა და მუცლის კედელს შორის). ეს ღრუ სპეციალურ სითხეს შეიცავს, რომელიც ორგანოებს მოძრაობაში ეხმარება საჭმლის გავლისას. კვლევით დადგენილია, რომ სითხემ შეიძლება სპერმატოზოიდების გადარჩენასაც შეუწყოს ხელი (ეს სასქესო უჯრედები ყველა გარემოში ვერ ცოცხლობს და სხეულს გარეთ მალევე იხოცება). შედეგად შანსია, რომ სპერმატოზოიდები პერიტონეუმის ღრუდან კვერცხუჯრედამდეც მივიდეს.

3. დაორსულება სპერმასთან არაპირდაპირი კონტაქტით

ორსულობა, შესაძლოა, სპერმის შეშხეფების შედეგადაც დადგეს, პენეტრაციული სქესობრივი კონტაქტის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუკი სპერმა გარეთა სასქესო ორგანოს (ან ანალურ ხვრელს) მოხვდება, შესაძლოა, სპერმატოზოიდებმა საშომდე გზა მაინც გაიკვალოს და კვერცხუჯრედამდე მიაღწიოს.

ეს ძალიან იშვიათია. ცნობილია, რომ სპერმატოზოიდები სხეულს გარეთ ნახევარ საათზე მეტხანს არ ცოცხლობს. ჯანმრთელი სპერმატოზოიდი წუთში ხუთ მილიმეტრამდე მანძილს გადის, თუმცა შეზღუდული დროით ცოცხლობს (ქალის სასქესო ორგანოში დაახლოებით ხუთ დღემდე).

პენეტრაციული სქესობრივი კონტაქტისას ასობით მილიონი სპერმატოზოიდი ხვდება საშოში, ანუ იდეალურ პირობებში. ამ დროსაც კი კვერცხუჯრედამდე მხოლოდ 200-300 მათგანი აღწევს. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ სპერმასთან არაპირდაპირი კონტაქტით დაორსულება ძალიან იშვიათია.

ცნობისთვის, აბაზანის წყალში ან აუზში გაფანტული სპერმატოზოიდებისგან ფეხმძიმობა ვერ დადგება. წყალი ამ უჯრედებს ფანტავს და სათესლე სითხეს შლის, რომელიც სპერმატოზოიდებს ქალის სასქესო ორგანოს გარემოსგან თუ გარე სამყაროსგან იცავს. წყალში არსებული ქიმიკატები, მათ შორის ქლორი, სპერმატოზოიდებს ასევე სწრაფად ხოცავს.

ფოტო: Science Photo Library/Canva Pro

4. ორმაგი ორსულობა

სხეულს გარკვეული მექანიზმი გააჩნია, რომელიც ორსულობის დროს ხელმეორედ დაფეხმძიმებას უშლის ხელს. ეს ანალოგიურად ხდება ორი საშვილოსნოს მქონე ქალებშიც.

ჰორმონული ცვლილებების შედეგად ოვულაცია წყდება და სქელი ლორწო წარმოიქმნება, რომელიც საშვილოსნოს ყელს ფარავს და სპერმატოზოიდებს ხელს უშლის, კვერცხუჯრედამდე მიაღწიოს.

მიუხედავად ამ მექანიზმისა, არსებობს ზეგანაყოფიერების ფენომენიც. ამ დროს მეორე ორსულობა პირველის პროგრესირების პარალელურად იწყება. ეს მოვლენა ძალიან იშვიათია, ამიტომ კარგად შესწავლილიც არ არის.

ასევე იხილეთ: ორსულობისას მეორედ დაფეხმძიმება შესაძლებელია — რამდენად ხშირია და რა იწვევს ზეგანაყოფიერებას?

აღრიცხული შემთხვევებიდან ზეგანაყოფიერება ყველაზე ხშირად იმ ქალებში ფიქსირდება, რომლებმაც ინვიტრო განაყოფიერება გაიკეთეს.

როგორც წესი, ორი ფეხმძიმობა დროში ერთმანეთს სულ 2-4 კვირით სცილდება. შესაბამისად, შესაძლებელია ხოლმე, რომ ბავშვები ერთდროულად დაიბადონ, როგორც ტყუპები. მიუხედავად გესტაციური ასაკის სხვაობისა, მსგავსი ფეხმძიმობების უმეტესობა ჩვეულებრივზე რთულად არ მიმდინარეობს.


თავისთავად, თითოეული ეს შემთხვევა უაღრესად იშვიათია და უსაფუძვლოა იმაზე ფიქრი, რომ რომელიმე თავად შეგემთხვევათ. თუკი დაფეხმძიმებას არ გეგმავთ, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ჩვეულებისამებრ გამოიყენეთ და დანარჩენზე ნუღარ იღელვებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.