ვების ტელესკოპმა პირდაპირ გადაიღო ყველაზე ცივი ეგზოპლანეტა, რომელიც აქამდე დაუფიქსირებია
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ასტრონომებმა აირის გიგანტი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც Eps Ind Ab ეწოდება. ესაა პირველი მსგავსი ციური სხეული, რომელიც მან პირდაპირ გადაიღო ისე, რომ ობიექტი ჯერ ხმელეთზე არსებულ ობსერვატორიებს არ ჰქონდა დაფიქსირებული.
ასევე, Eps Ind Ab ვების სხვა სამიზნე ეგზოპლანეტებზე ბევრად ცივია, რადგან იქ ტემპერატურა დაახლოებით 0 გრადუსი ცელსიუსია. ის სუპერ-იუპიტერის ტიპს მიეკუთვნება, ანუ იუპიტერზე მეტად მასიურია. მას საკუთარი ვარსკვლავისგან დაახლოებით ისეთი მანძილი აშორებს, როგორც ნეპტუნს — მზისგან.
მეცნიერები ამბობენ, რომ გაუკვირდათ, როცა ვების შუა ინფრაწითელი კამერის მონაცემებში კაშკაშა წერტილი შენიშნეს. ეს იმიტომ, რომ მისი მდებარეობა მოსალოდნელ არეალს არ ემთხვეოდა.
აქამდე დაახლოებით 5 700 ეგზოპლანეტაა მიკვლეული, რომელთაც, ძირითადად, არაპირდაპირ აფიქსირებენ, როცა ვარსკვლავის დისკოს წინ მათი ჩავლისას სინათლის ცვლილებას აკვირდებიან. Eps Ind Ab ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტია, რადგან ის მნათობისგან დამოუკიდებლად აღბეჭდეს.
ამას ეგზოპლანეტის დიდი ზომა და ვარსკვლავთან საკმაო დისტანცია უწყობს ხელს, რადგან მას სიკაშკაშე არ ფარავს. ის ნარინჯისფერი ჯუჯა Epsilon Indi A-ის გარშემო მოძრაობს, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 12 სინათლის წლის მოშორებითაა და ვარსკვლავთა სამმაგი სისტემის ნაწილია.
სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ Epsilon Indi A ძალიან მცირედით ირხეოდა. დაასკვნეს, რომ ეს არა დანარჩენი ორი ვარსკვლავის, არამედ დიდი ეგზოპლანეტის გრავიტაციული გავლენის შედეგი უნდა ყოფილიყო. სწორედ აქ ჩაერთო ვები, რომლის ინფრაწითელ კამერებსაც მკრთალი ელვარებაც არ რჩება შეუმჩნეველი, თანაც კორონოგრაფის მეშვეობით მნათობის სიკაშკაშესაც ბლოკავს.
შედეგად, მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ Eps Ind Ab გადაიღო, რომელიც საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას დაახლოებით 200 წელს ანდომებს და მნათობისგან 28 ასტრონომიული ერთეული აშორებს. ამ მონაცემებამდე ვარაუდობდნენ, რომ ეს მანძილი 8.8 ასტრონომიული ერთეული იყო, რაც ციურ სხეულებზე პირდაპირი დაკვირვებების მნიშვნელობას ცხადყოფს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები