რატომ სხდებიან ჩიტები ელექტროგადამცემ ხაზებზე და არის თუ არა ეს მომაკვდინებელი?
ალბათ, ხშირად შეგინიშნავთ, რომ ელექტროგადამცემ ხაზებზე ჩიტები სხედან. დაფიქრებულხართ, რატომ იქცევიან ასე ან რამდენად უსაფრთხოა დასასვენებლად ასეთი მაღალი ძაბვის მქონე ადგილის შერჩევა?
კითხვის პირველ ნაწილზე გიპასუხებთ, რომ ეს სადენები, რომლებიც დიდ დისტანციებზე ელექტრობის გადასატანად გამოიყენება, მშვენიერია იმისთვის, რომ ფრინველები გარემოს დააკვირდნენ. ასე ისინი ვრცელ არეალს ხედავენ და პოტენციურ მტაცებელს ან საკვებს აფიქსირებენ, რასაც ხეების შემთხვევაში ტოტები და ფოთლები უშლის ხოლმე ხელს.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს უსაფრთხოების შესახებ, მასზე პასუხი ისაა, რომ სინამდვილეში ელექტროგადამცემ ხაზებზე საკმაოდ ბევრი ჩიტი კვდება. 2014 წლის კვლევის თანახმად, მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად დენის დარტყმას 0.9-დან 11.6 მილიონამდე ფრინველის სიცოცხლე ეწირება.
დიდი ზომის ჩიტები განსაკუთრებული რისკის წინაშე არიან, რადგან მეტი შანსია, რომ ორ სადენს ან სადენსა და ხმელეთზე განლაგებულ დენის წყაროს შეეხონ. 2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ დენდარტყმული 417 მტაცებელი ფრინველის დაახლოებით 80% მთის არწივი და თეთრთავა ფსოვი იყო.
დენის დარტყმისგან ჩიტებს ფრენის უნარი იცავს. ერთ ხაზზე განლაგებული ფრინველები საფრთხის წინაშე არ არიან, რადგან ისინი დამიწების ადგილს არ ეხებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი სადენსა და ხმელეთს შორის კავშირს არ ქმნიან.
"თუკი ელექტროგადამცემ ხაზს მიწაზე დგომისას შევეხებით, წრედს შევკრავთ და ყველაფერი ცუდად წავა", — აცხადებს ოჰაიოს ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ველური ბუნების განყოფილებაში მომუშავე უილ ბები.
საქმე ისაა, რომ ელექტრულად გამტარი ობიექტი, რომელიც აქტიურ ელექტროსადენს ეხება, ელექტრობის გადასატან ახალ გზას ქმნის. შესაბამისად, თუ ჩიტი ხაზსა და ძელს ან ორ სადენს ერთდროულად შეეხება, მას დენი დაარტყამს.
კომენტარები