ქვიშის სანაპიროზე ორმოს ამოთხრა შეიძლება იმაზე სახიფათო აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. სწორედ ამან იმსხვერპლა 7 წლის გოგო 2024 წლის თებერვალში — ძმასთან ერთად ამოთხრილი 1.5-მეტრიანი ორმო ჩამოიქცა და გოგო შიგნით ჩაიტანა. მცდელობების მიუხედავად, მისი ამოყვანა დროულად ვერ შეძლეს.

ეს ერთადერთი ფატალური შემთხვევა ნამდვილად არაა. კვლევის მიხედვით, ქვიშაში ჩამარხვით უფრო მეტი ადამიანი იხოცება, ვიდრე ზვიგენების თავდასხმის შედეგად.

რატომ იშლება ქვიშა

ამ საფრთხეს ქვიშის არამყარი ბუნება ქმნის. ქვიშა ცალკე ტიპის ნივთიერება არაა — მას არა შემადგენელი ნაწილაკების რაობა, არამედ მათი ზომა განსაზღვრავს. თავად ნაწილაკების დიამეტრი 0.06-2 მილიმეტრამდე იცვლება. ქვიშის ტიპი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ნივთიერებებს შეიცავს იგი. კვარცი, რომელიც სილიციუმის ორჟანგისგან (SiO2) შედგება, ყველაზე გავრცელებული ქვიშაა სანაპიროებზე.

ცნობილია, რომ მშრალ მდგომარეობაში სუფთა კვარცის ქვიშა დაახლოებით 1 441 კილოგრამს იწონის კუბურ მეტრზე. სანაპიროებზე ძირითადად მინარევებიანი ქვიშა გვხვდება, რომლის იგივე მოცულობაც დაახლოებით ორიათას კილოგრამს იწონის მშრალ მდგომარეობაში.

ყველაზე ციცაბო კუთხე, რომელზეც ქვიშის გროვა სტაბილური რჩება, დაახლოებით 33 გრადუსია. ამ სტაბილურობას თითოეულ მარცვალს შორის არსებული ხახუნის ძალა განაპირობებს.

ფოტო: Davius / Wikimedia Commons, CC BY-SA

ქვიშა სისველის დროსაა მყარი, რადგან ამ დროს მის მარცვლებსა და წყალს შორის ზედაპირის დაჭიმულობა არსებობს. ამ მასალის გროვა ვერტიკალურად სწორედ ასე ჩერდება. გაშრობის დროს ზედაპირის დაჭიმულობაც ქრება და გროვა იშლება.

გამოდის, თუკი სანაპიროზე ორმოს ამოთხრით, ქვიშის გაშრობის შემდეგ იგი ჩამოიქცევა. ორმო შიგნით კოლაფსს იწყებს მაშინაც, როცა მის ვინმე მის კიდეზე დგება და ქვიშას დამატებითი წონა აწვება.

უსაფრთხოების ზომები

ორმოს ჩამოშლისას ქვიშის წვრილი ნაწილაკები ყველა ნაპრალს ავსებს, ადამიანისთვის კი სასუნთქად ადგილი აღარ რჩება. ამის, ასევე ქვიშის სიმძიმისა და არამდგრადობის, გამო ქვიშაში მოყოლილის გადარჩენა ძალიან რთულია. თუკი მაშველები ქვიშის გახვეტას დაიწყებენ, ორმო მათივე წონის ზემოქმედებით განაგრძობს დაშლას. დამხმარეებს სულ რაღაც 3-5 წუთი აქვთ, სანამ ქვეშ მოყოლილი ადამიანი გაიგუდება.

დამატებითი კოლაფსის საპრევენციოდ პროფესიონალები სპეციალურ დაფებს ათავსებენ ორმოს ზემოდან, ქვიშას კი ხელსაწყოებით იღებენ. ასე წონა პირდაპირ ორმოს კიდეს აღარ აწვება და იგი სტაბილური რჩება.

ორმოს ჩამოშლისას შიგნით მოყოლილი ადამიანს პირველ რიგში პირი და მკერდი უნდა გავუთავისუფლოთ ქვიშისგან. ასე ხელოვნური სუნთქვის ჩატარება იქნება შესაძლებელი, სანამ სხვები თხრას განაგრძობენ მის ამოსაყვანად.

მნიშვნელოვანია, რომ ორმოს გარშემო ბევრი ხალხი არ მოგროვდეს. მსხვერპლთან ახლოს, უმჯობესია, სულ 2-3 ადამიანი მუშაობდეს, დანარჩენებს კი ქვიშა უნდა გაჰქონდეთ, რათა ცენტრიდან მისი მოშორება გამარტივდეს. გარე პერიმეტრზე მყოფ ხალხს შეუძლია, ცენტრალური არეალიდან ქვიშის გატანაზე იზრუნოს ნიჩბებით, სათლებითა თუ სკამებით.

თუკი ორმოს ამოთხრა რატომღაც მაინც გადაწყვიტეთ, უბედური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მისი სიღრმე 60 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამოთხრილი ადგილები მაშინვე ამოვავსოთ — პატარა ორმომაც კი შეიძლება, რომ გამვლელი დააზიანოს.


ცნობილია, 1997-2007 წლებში აშშ-ში ქვიშაში ამოთხრილი ორმოების ჩამოშლამ 31 ადამიანი იმსხვერპლა. ამ პერიოდში კიდევ 21 ადამიანი მოექცა ქვიშაში, თუმცა გადარჩა. მათი უმრავლესობა ბავშვი იყო, 87% კი — მამრობითი სქესის. ორმოების კოლაფსი სხვადასხვა აქტივობამ გამოიწვია, მათ შორის: თხრამ, ხტუნვამ და შიგნით ჩავარდნამ. ისინი უცაბედად იშლება, ხშირად ერთი შეხედვით არც ისე სახიფათო სიტუაციებში.

ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია, თუ სანაპიროზე ორმოს ამოთხრის იდეას დავივიწყებთ — რისკების უგულებელყოფა არც ისე კარგი იდეაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.