ძაღლები ჩვენს სტრესს სუნით ცნობენ და ეს მათ განწყობაზეც აისახება — კვლევა
ცნობილია, რომ ძაღლები სუნით გრძნობენ, როდის ვართ სტრესის ქვეშ. ახალი კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ეს თავად მათ ემოციურ მდგომარეობასა და დასწავლის უნარზეც უარყოფითად მოქმედებს. ასევე, მსგავსი სიტუაცია ამ გასაოცარ ცხოველებს "პესიმისტური" გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს მაშინაც კი, თუ საქმე არა მათ პატრონს, არამედ უცხო ადამიანს ეხება.
ამ საკითხის გამოსაკვლევად მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაჰკვირვებოდნენ, როგორი რეაქცია ექნებოდათ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს უცნობი ადამიანების ოფლისა და ამონასუნთქის დაყნოსვის შემდეგ. ეს ნიმუშები მოხალისეების სტრესის ქვეშ ყოფნისას და პირიქით, დასვენებისას, შეგროვდა. პირველი საჯაროდ საუბარსა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნას გულისხმობდა, მეორე კი ბუნების ამსახველი ვიდეოების ყურებას.
საბოლოოდ, კვლევაში ადამიანისა და ძაღლის 18-მა წყვილმა მიიღო მონაწილეობა. ცხოველები გაწვრთნეს, რათა დაემახსოვრებინათ, რომ ერთ კონკრეტულ ადგილზე მდგარ ჯამში ყოველთვის სასუსნავი დახვდებოდათ, მეორეზე კი მუდამ ცარიელი ჯამი იდო. როცა ჯამი პირველ ადგილზე იყო მოთავსებული, ისინი მას უფრო სწრაფად უახლოვდებოდნენ, რაც "ოპტიმისტურ" ქცევასთან ასოცირდება.
ამის შემდეგ სპეციალისტებმა ჯამები 3 ახალ ადგილზე დაალაგეს: პირველთან ახლოს (NP), შუაში (M) და მეორესთან ახლოს (NN). პარალელურად ოთახში სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ოფლისა და ამონასუნთქის ნიმუშების შემცველ კონტეინერებს ათავსებდნენ.
აღმოჩნდა, რომ როცა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები სტრესის სუნს გრძნობდნენ, NP ლოკაციას ბევრად ნელა უახლოვდებოდნენ, ვიდრე სხვა სუნების შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ იქ სასუსნავის პოვნას ნაკლებად ელოდნენ, ანუ "პესიმისტური" განწყობა ძლიერდებოდა.
საინტერესოა, რომ იგივე ეფექტი არ დაფიქსირებულა მაშინ, როცა ძაღლები მშვიდად მყოფი ადამიანის სუნს გრძნობდნენ, რაც მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სტრესის გავლენას ცხადყოფს. ამგვარ ქცევას მეცნიერები "პესიმისტურს" უწოდებენ და უარყოფით ემოციურ მდგომარეობასთან აკავშირებენ.
შესაძლოა, ძაღლების ეს თვისება ადაპტაციური ხასიათისა იყოს და მათ ენერგიის შენახვასა და იმედგაცრუების თავიდან აცილებაში ეხმარებოდეს. ამაში უკეთ გასარკვევად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები