როგორ უძლებენ ანტარქტიკის სიცივეს წყლის ჭიები — ბუნებრივი ანტიფრიზი?
ანტარქტიკის ყინულიანი წყლები წარმოუდგენლად ცივია, მაგრამ იქ ცოცხალი არსებები მაინც გვხვდება. ამის მაგალითია ჭიები, რომლებსაც პოლიქეტები ეწოდებათ და დაბალ ტემპერატურას უძლებენ. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი ამას ბაქტერიების მეშვეობით ახერხებენ, რომლებიც მათ ორგანიზმში ცხოვრობენ და მასპინძელი ჭიების სიცივისგან დასაცავად ცილოვან ნაერთს გამოყოფენ.
"ოკეანეებში მრავალუჯრედიან ორგანიზმებს მჭიდრო კავშირი აქვთ თავიანთ მიკრობიომთან, რომლისგანაც მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ, როგორიცაა საკვები ნივთიერებებით მომარაგება, თავდაცვის მექანიზმები და დამატებითი მეტაბოლური გზებიც კი", — აცხადებენ მეცნიერები.
მათ ანტარქტიდის რამდენიმე სანაპირო არეალიდან ნიმუშები აიღეს და სამი სახეობის პოლიქიტს მიაკვლიეს, ესენია: Leitoscoloplos geminus, Aphelochaeta palmeri და Aglaophamus trissophyllus. ამ რეგიონებში წყლის სიცივე ყინვის ტემპერატურაზე 1°C-ით ნაკლებია, შესაბამისად ასეთ ჭიებს მსგავს გარემოში არსებობა გაუჭირდებოდათ, რომ არა Meiothermus-ისა და Anoxybacillus-ის ტიპის ბაქტერიები.
მათ მიერ გამოყოფილ ცილებში პროლინი და გლიკოლი წარმოიქმნება, რომლებიც სხეულის შიდა სითხეების ყინვის წერტილს ისე ამცირებს, როგორც ანტიფრიზი.
საინტერესოა, რომ სიცივეში მცხოვრები სხვა ორგანიზმების ნაწილი მსგავს ნაერთებს თავადვე გამოიმუშავებს, მაგრამ პოლიქიტებში ეს ბაქტერიებთან სიმბიოზური ურთიერთობითაა ჩანაცვლებული. ავტორები ფიქრობენ, რომ მათ შორის ამგვარი კავშირი დიდი ხნის წინ უნდა დამყარებულიყო, რის შედეგადაც ჭიებისგან შთამომავლებს სარგებლის მომტანი ბაქტერიები გადაეცემა, მაგრამ ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
შესაძლოა, ასეთი მიგნებები ისეთი სამეცნიერო მეთოდების განვითარებაში დაგვეხმაროს, როგორიც კრიოკონსერვაციაა, ანუ ცოცხალი უჯრედების გაყინვა და ასე შენახვა. ასევე, შესაძლებლობა გვეძლევა, მეტი გავიგოთ ანტარქტიკის წყლებში გავრცელებული ცოცხალი არსებების ბალანსზეც, რომელსაც საფრთხეს გლობალური დათბობა უქმნის.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები