რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთმა პირმა მისი ფიზიკური შეურაცხყოფაც სცადა და ხელი გაუქნია. ბერძენიშვილის თქმით, ისინი განსაკუთრებით აგრესიულები ხათუნა სამნიძის მიმართ იყვნენ.

"დაიწყო საყვედურები პარლამენტთან, საყვედური ჩემთან... მერე აქედან მოულოდნელად გადავიდა, რომ შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ [...] ორივეს მხრიდან გაუჩერებელი დედის გინება, მერე წამოვედით, ხალხიც ადგა, ჩადგა შუაში და იყვნენ იმდენად მოტივირებულები, შარზე იყვნენ, რომ აქ ვერ გაივლი, დაცვის გარეშე ვერ გაივლი [...] ერთი ეცადა, რომ მე შემხებოდა ფიზიკურად, ხელი გამომიქნია და განსაკუთრებული აგრესია იყო ხათუნა სამნიძის მიმართ", — განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღეს ხათუნა სამნიძემ დაწერა, რომ რუსთაველზე ორი პირი თავს დაესხა. მან ფორმულასთან ისაუბრა, რომ პრესკონფერენციის შემდეგ ის და დავით ბერძენიშვილი ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათთან ორი პირი მივიდა. როგორც სამნიძე ამბობს, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.