უხილავი ჭრილობები: ბავშვები, ომი და მენტალური ჯანმრთელობა აზერბაიჯანში
ორი ომის მემკვიდრეობამ და დაუსრულებელმა შეტაკებებმა მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის მახლობლად აზერბაიჯანულ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს დიდი ზიანი მიაყენა.
7 წლის აისუ ერთ-ერთი იყო იმ 5 ბავშვს შორის, რომლებიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომში სოფელ გარაიუსიფლისთან დაიღუპა. მამამისი, როვშან ისკენდეროვი იხსენებს, რომ დაღუპვამდე შვილი ბოლოს ეზოში თამაშის დროს ნახა.
"შრაპნელმა ჩემი შვილის შინაგანი ორგანოები დაამსხვრია. ვისურვებდი, რომ ის ასე არასდროს მენახა", — უთხრა მან OC Media-ს.
ინციდენტის დროს მისი უმცროსი შვილი, 3 წლის ტაჰირაც დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიზიკური ჭრილობები მოშუშდა, მას შემდეგ მეტყველების დარღვევა განუვითარდა.
სამწუხაროდ, ეს იშვიათი შემთხვევა არ არის — მსგავსი პრობლემები ომის შემდეგ მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზთან მცხოვრებ არაერთ ბავშვს შეექმნა. მათთვის ბავშვობის ნათელ მოგონებებს, ველოსიპედის ტარების სწავლას, პირველ სიყვარულს, პირველ კოცნას, ყოველთვის სდევდა სროლებისა და აფეთქებების ხმები, დაშავებები და სიკვდილი.
რეინტეგრაციის პროცესი
ბავშვთა ფსიქოლოგიის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ომის შედეგად არასრულწლოვნებისთვის მიყენებული ტრავმები იზრდება და გავლენა აქვს მათ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, რომლებმაც ომში საყვარელი ადამიანები დაკარგეს ან მათ მკვლელობებს შეესწრნენ.
დამოუკიდებელი სოციალური მუშაკი, სანუბარ ჰეიდაროვა OC Media-ს ეუბნება, რომ ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებთან ერთად, უწყვეტი ფსიქოლოგიური დახმარება ზრდასრულ ადამიანებსაც უნდა მიეწოდოთ.
"ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობა მათი მშობლების მენტალურ ჯანმრთელობაზეც არის დამოკიდებული", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მაგალითად, ქალების უმეტესობას ომის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მენსტრუაცია შეუწყდათ.
"სამწუხაროდ, ძალიან რთულია ჩვენს რეგიონში საკმარისი ფსიქოლოგების ნახვა, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში არიან ჩართულები", — თქვა ჰეიდაროვამ.
რეინტეგრაცია ფსიქოლოგიური ტერმინია, რომელიც ომის შემდეგ, საზოგადოებაში ბავშვთა ადაპტაციას, ანუ რეინტეგრაციას გულისხმობს.
აღდამის ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარმა ექიმმა, რეიჰან ეივაზოვამ OC Media-ს განუცხადა, რომ მისი გამოცდილებით, კონფლიქტის ზონებში დაბადებულ ბავშვებში უფრო მაღალია არა მხოლოდ ნევროლოგიური დარღვევები, არამედ სხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, დიაბეტი და ჰემოფილია.
"ონკოლოგიური დაავადებებიც კი ფართოდ არის გავრცელებული ბავშვებში ომის დროს და შემდგომ", — თქვა მან.
როგორც გაეროს ბავშთა საერთაშორისო სასწრაფო დახმარების ფონდში მომუშავე ფსიქოლოგი, ორხან ორუჯზადე OC Media-ს ეუბნება, კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ბავშვები პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებიან, რაც რეინტეგრაციას ბევრად უფრო რთულ პროცესად აქცევს.
ორუჯზადეს თქმით, მუშაობის პროცესში, ბავშვებიდან დაწყებული მოზარდების ჩათვლით, ის ყველა ასაკობრივ ჯგუფში გადააწყდა PTSD-ის სიმპტომებს.
"არსებობენ ოჯახები, ადამიანები და ბავშვები, რომლებსაც 30 წლის განმავლობაში ესმით სროლების ხმა", — თქვა მან.
ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ PTSD-ის სიმპტომები ხშირად ვლინდება ბავშვის ნორმალურ, ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა სწავლა, ძილი, ასევე, კვება.
თუმცა, ყველაზე ხშირად, იმ "3 000-ზე მეტ ბავშვში", რომლებთანაც მას და მის გუნდს უმუშავიათ, სიმპტომები ძირითადად აგრესიის ატიპურად მაღალ დონეზე ვლინდებოდა.
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ფსიქოსოციალური დახმარება 700-ზე მეტ ოჯახს გაუწიეს, რომლებიც განჯაში, აღდამში, გორანბოიში და თათარში ცხოვრობენ — ყველა რეგიონი საკონტაქტო ხაზის ზღვარზეა.
ეს პროგრამა მოიცავდა ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და სამოქალაქო პირებს — დახმარება გაუწიეს, დაახლოებით, 400 ქალს და 1 500-ზე მეტ ბავშვს. პროგრამა 2020 წელს ომის შემდეგ დაარსდა და 2021 წლის აპრილში დასრულდა.
მომდევნო პროგრამა, რომელშიც, სამინისტროს ცნობით, თურქეთიდან მოწვეული პროფესიონალი კლინიკური ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები მონაწილეობდნენ, 2021 წლის მაისში შედგა. შედეგად, კონსულტაცია გაეწია, დაახლოებით, 70 ზრდასრულსა და 140 ბავშვსა თუ მოზარდს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, მაფტუნა ისმაილოვამ OC Media-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანი რეინტეგრაციის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებში ეძებს. ისმაილოვას თქმით, მისმა სააგენტომ შექმნა უსაფრთხო სივრცე ომის მსხვერპლთათვის, სადაც ისინი სპეციალისტებთან მკურნალობენ.
ზოგიერთი აქტივისტი და სოციალური მუშაკი სკეპტიკურად არის განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის აზერბაიჯანის ხელისუფლების დღევანდელი ძალისხმევა საკმარისი.
სანუბარ ჰეიდაროვამ OC Media-ს განუცხადა, რომ რეინტეგრაციის წარმატებისთვის, ის აუცილებლად გრძელვადიანი უნდა იყოს. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ამჟამინდელი პროექტები კი, შედარებით მოკლევადიანია, ზოგიერთი, მაგალითად, 2021 წლის მაისის შემდგომი პროგრამა, მხოლოდ ერთი თვე გრძელდებოდა.
ამასთან, მსგავსი პროგრამების ფოკუსირებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საკონტაქტო ხაზთან, უყურადღებოდ რჩებიან ისინი, რომლებმაც ბრძოლების დროს სახლები დატოვეს.
"მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს, ლტოლვილები, რომლებიც კონფლიქტის ზონებში ცხოვრობდნენ და ომისგან ზიანი ადგებოდათ, აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში გადავიდნენ. ამ ლტოლვილთა ოჯახებთან და ტრავმირებულ ბავშვებთან რეგულარული ფსიქოლოგიური კონსულტაციები არ ჩატარებულა", — განუცხადა ჰეიდაროვამ OC Media-ს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები