ფოტორეპორტაჟი: როგორ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის დღე
104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელი იარსება და საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლი გახდა, თუმცა დატოვა მნიშვნელოვანი კვალი სახელმწიფოებრიობის შენებაში.
"თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?" — 1991 წლის 31 მარტს რესპუბლიკის მოსახლეობის 98%-მა ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა.
მოსახლეობის ნებაზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დღემდე დამოუკიდებლობის დღე საქართველოში 26 მაისს აღინიშნება.
წელს ეს დღე მოქალაქეებმა საზეიმოდ აღნიშნეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ცერემონია 12:00 საათზე წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყო, შემდეგ კი შეკრებილებს პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა მიმართეს.
წელს პირველად თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის გარდა, შესრულდა ევროკავშირის ჰიმნიც, რომლის ფონზე ავიაციამ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაიფრინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და სხვა დიპლომატები. თუმცა, წინა წლებისგან განსვავებით, არ ყოფილან სხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები.
"26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება, ამგვარად, ქართველმა ერთმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე", — ასე მიულოცა პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროპულ ფასეულობებზე ისაუბრა.
- ზურაბიშვილი: ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის გაზიარება და ტოტალური სოლიდარობა
- ზურაბიშვილი: გზა ევროპისკენ არ გაჩენილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე
სიტყვის გამოსვლის დასრულების შემდეგ რეკრუტებთან ერთად მსვლელობით ჩაიარეს საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფებმა და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების არმიის წარმომადგენლებმა.
როცა ოფიციალური ნაწილი დასრულდა, მოქალაქეებსმა სამხედრო მანქანების, შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის დათვალიერება შეძლეს. ჯარისკაცები და მოხალისეები ბავშვებს გამოფენის შესახებ ინფორმაციას აცნობდნენ.
დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მოქალაქეები უკრაინის დროშებითა და სიმბოლიკით გამოვიდნენ და ამით მხარდაჭერას გამოუცხადეს მეგობარ უკრაინელ ხალხს. სწორედ ამიტომ, რუსთაველის გამზირზე აუცილებლად შეხვდებოდით ერთად მოფრიალე უკრაინისა და საქართველოს დროშებს.
რუსთაველის გამზირზე მოწყობილი იყო გასართობი, შემეცნებითი და სხვადასხვა სახის სივრცეები.
კომენტარები