რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალი თავისუფლების მოედნის პარალელურად სხვადასხვა ლოკაციაზე, დმანისში, გუდანში, შემოქმედში, ფოთში იმართებოდა. ფიცის დადება რეკრუტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა.

"ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად გილოცვათ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება. დღეს თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ.

თქვენ იცით, და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და მოითხოვს ღირსებასა და თავდადებას. 26 მაისს, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება", — განაცხადა მან.

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება. პრეზიდენტის გარდა ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე.

1918 წლის 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 3 წლის შემდეგ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და 70 წლით იბატონა, თუმცა 1991 წლის, 9 აპრილს საქართველო პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე ისევ გათავისუფლდა რუსეთისგან. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა, დღემდე სიმბოლურად 1918 წლის 26 მაისი მიიჩნევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ.