17 მაისიდან 17 მაისამდე — 17 მნიშვნელოვანი ქვიარ ამბავი, რომელიც გასულ წელს მოხდა
17 მაისს ცივილიზებული მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. რადგან ამ დასახელებაში "ბრძოლაც" ურევია, ალბათ ურიგო არ იქნებოდა, აღგვენიშნა, რომ მას ყოველთვის აქვს აზრი — შედეგები, რომლებიც წლიდან წლამდე ცვლიან ლგბტქ ადამიანების ცხოვრებას.
1. ქართული ქვიარგამოცემა Queer.ge ამუშავდა
2021 წლის 17 მაისს მუშაობა დაიწყო ონლაინჟურნალმა Queer.ge-მ, რომელიც აქტიურად აშუქებს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ქვიარ ამბებს. ისინი ასევე ამზადებენ ანალიტიკურ სტატიებს ქვეყანაში ლგბტქ თემის მდგომარეობაზე. სხვათა შორის, On.ge და Queer.ge პარტნიორებიც არიან, რის გამოც ქართული ქვიარგამოცემის მასალების გაცნობა ჩვენს პლატფორმაზეც შეგიძლიათ.
2. კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებული პრაიდები დაბრუნდა
კორონავირუსის პანდემიის გამო, ცხადია, არც პრაიდების აღნიშვნა იყო ხალხმრავალი. სამაგიეროდ, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, კვლავაც შეზღუდვების დაცვით, გასული წლის ივნისში გეი პრაიდები ისევ გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში — მათ შორის, იერუსალიმში, რომელსაც 7 500-მდე ადამიანი დაესწრო. მასშტაბურად აღინიშნა პრაიდის თვე ვარშავაშიც, სადაც მონაწილეებმა ქვიარ ადამიანებისადმი პოლონეთის რეპრესიული პოლიტიკა გააპროტესტეს.
3. თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ჰომოფობიური ჯგუფების წინასწარგანზრახული ძალადობრივი ქმედებები, რომელთაც სახელმწიფო უმოქმედობით ახალისებს
ალბათ გახსოვთ, რომ 2021 წლის ივლისში თბილისი პრაიდის კვირეული იყო დაგეგმილი, თუმცა, ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს არაერთ ადამიანს სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მათი უმეტესობა ჟურნალისტი იყო. სწორედ 5 ივლისს გახდა TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. საქმეზე ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
6 ივლისს პარლამენტთან ქვიარ აქტივისტები და თანასწორობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ლგბტქ დროშა გაშალეს. შეკრების პარალელურად კვლავ გაიმართა ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია, რასაც არეულობა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენებს წინ უძღოდა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადებები, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონელი იყო, ხოლო საქართველოში ლგბტქ ადამიანების დისკრიმინაციის არცერთი ფაქტი არ არსებობს. DRI-ის ცნობით, ძალადობაში მონაწილე პირები არგუმენტად სწორედ ამ განცხადებებს იშველიებდენ.
4. ქვიარ სპორტსმენი ტომ დეილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
ბრიტანელი წყალში მხტომელი ტომ დეილი და თავის მეწყვილესთან, მეტი ლისთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. წყვილმა ოქროს მედალი 10 მეტრის სიმაღლის ტრამპლინიდან ხტომაში მიიღო. სიტყვით გამოსვლისას დეილიმ ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რაც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა ჩინეთსა და რუსეთში. აღსანიშნავია ისიც, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 168 ლგბტქ სპორტსმენი მონაწილეობდა, რაც 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მონაწილე ქვიარ ათლეტების რიცხვზე (56) სამჯერ მეტი იყო.
5. Playboy-ის გარეკანზე პირველად გამოჩნდა ღიად გეი კაცი
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ჟურნალმა, რომელიც ყდაზე ქალ მოდელებს ბეჭდავს ხოლმე, გარეკანი პირველად დაუთმო კაცს, თანაც ღიად ქვიარ მოდელ ბრეტმენ როკს. ასე იქცა 23 წლის როკი 66-წლიანი ტრადიციის მქონე ჟურნალის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად.
6. მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთელი გეიდ პირველად დაქამინგაუთდა
ავსტრალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ნახევარმცველმა ჯოშ კავალომ გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ გეია. ამდენად, იგი მსოფლიოში პირველი მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, ვინც საჯაროდ დაქამინგაუთდა.
7. აშშ-მა გამოსცა პირველი პასპორტი, რომელშიც გენდერი არ არის დაკონკრეტებული
იმ ადამიანებისათვის, ვინც გენდერულად ბინარულ სისტემას არ მიაკუთვნებს საკუთარ თავს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ოფიციალურ საბუთებში მათი იდენტობა ასახული იყოს. ამდენად, დიდი ნაბიჯია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომ გამოეცა პირველი პასპორტი, სადაც გენდერი არ იქნებოდა დაკონკრეტებული, მის აღმნიშვნელ გრაფაში კი, უბრალოდ, X-სიმბოლო იქნებოდა მითითებული. ამ პრეცედენტს მალევე მიეცა ფართო ხასიათი და სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ტიკტოკერმა, რომელიც არაბინარული გენდერული იდენტობის მქონეა, სიხარულით გვაცნობა, რომ თავის მართვის მოწმობაში შეძლო, ცვლილება აესახა.
8. შვეიცარიაში ქორწინების თანაბარ უფლებას მხარი დაუჭირეს
შვეიცარიის მოსახლეობის თითქმის ორმა მესამედმა სახელმწიფოს რეფერენდუმში ქორწინების თანაბარ უფლებას, მათ შორის, ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის, მხარი დაუჭირა. ასე შვეიცარია მსოფლიოს 30-ე ქვეყანა გახდა, რომელიც გეი წყვილების ქორწინებას ცნობს, თუმცა, სახელმწიფო ერთ-ერთი ბოლოა დასავლეთ ევროპაში, რომელმაც ეს ცვლილება განახორციელა.
9. ბოტსვანაში ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზება მოხდა
სამხრეთაფრიკულ ქვეყანაში ხუთი წევრისგან შემდგარი სასამართლო ერთხმად შეთანხმდა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობის კრიმინალიზება ლგბტქ ადამიანების კუთვნილი კონსტიტუციური უფლებების, ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის შელახვაა. ამდენად, ქვეყანაში ჰომოსექსუალური ურთიერთობის დეკრიმინალიზებას დაუჭირეს მხარი. 2019 წლამდე ბოტსვანაში გეი ურთიერთობაში "მხილებული" პირი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.
10. ჩილეში ქორწინების თანაბარ უფლებას მხარი დაუჭირეს
სამხრეთამერიკული ქვეყნის კონგრესმა გასული წლის დეკემბერში ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება კანონიერად ცნო. სახელმწიფო კონტინენტზე მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანაბარი უფლება აღიარა. ჩილეში და ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო კავშირი ჯერ კიდევ 2015 წელს ცნეს, თუმცა, წლევანდელი წლიდან ქვიარ ადამიანებს სხვა შესაძლებლობებზეც მიეცათ წვდომა.
11. კანადაში "გარდაქმნის თერაპია" აიკრძალა
ეგრეთ წოდებული გარდაქმნის თერაპია — "მეთოდი", რომელიც სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლას ისახავს მიზნად, კანადაში ამაზრზენ და დამამცირებელ პრაქტიკად მიიჩნიეს, რის გამოც, მისი ჩატარება აიკრძალა.
12. ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წევრმა ქვეყნებმა ლგბტქ წყვილები მშობლებად უნდა ცნონ
გასული წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, ლგბტქ მშობლები და მათი შვილები ოჯახად ცნოს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბულგარეთის მოქალაქე კალინა ივანოვასა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯეინ ჯოუნსის სარჩელის განხილვა. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა წყვილის ახალშეძენილი ბავშვისთვის დაბადების მოწმობის გაცემაზე უარი განაცხადა.
13. რომის პაპმა გეი ადამიანებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა
კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა, პაპმა ფრანცისკემ, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გეი ბავშვების ოჯახში მიღების პრობლემაზე და მშობლებს მოუწოდა, შვილებს მათი იდენტობის მიუხედავად დაუჭირონ მხარი. ფრანცისკემ წინათაც განაცხადა, რომ ლგბტქ ბავშვები ღმერთს ისეთები უყვარს, როგორებიც არიან. ამასთან, მან მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო ქორწინებასაც.
14. "გარდაქმნის თერაპია" აიკრძალა საფრანგეთშიც
ეგრეთ წოდებული გარდაქმნის თერაპია 2022 წლის დასაწყისში დანაშაულებრივ ქმედებად ცნეს საფრანგეთშიც, სადაც ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი პრაქტიკის აკრძალვას. ამდენად, ქვეყანაში ნებისმიერ პირს, ვისაც ახალი კანონი დამნაშავედ ცნობს, შეიძლება $34 ათასამდე ჯარიმა და თავისუფლების ორი წლით აღკვეთა შეეფარდოს. გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც. მან ტვიტერზე დაწერა, რომ "დანაშაული არაა, იყო ის, ვინც ხარ".
15. ნორვეგიულ ენაში გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელი ოფიციალურად დამკვიდრდა
იმ ენებში, სადაც გრამატიკული სქესი არსებობს, განსაკუთრებულად პრობლემურია ნაცვალსახელების საკითხი. ერთ-ერთი ასეთი ენა ნორვეგიულია, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის ენის საბჭომ განაცხადა, რომ ნორვეგიულში გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელი დამკვიდრდება და ის ლექსიკონებშიც შევა.
16. სისხლის დონორი გეი კაცებისთვის "დაყოვნების პერიოდი" რამდენიმე ქვეყანაში გაუქმდა
წელს უკვე რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, გეი კაცებისთვის ან იმ კაცებისთვის, ვისაც სქესობრივი კავშირი კაცთან აქვთ, სისხლის დონაციამდე ეგრეთ წოდებული დაყოვნების პერიოდი გაეუქმებინა. ეს დისკრიმინაციული შეზღუდვა ემყარება სტიგმას, რომ ქვიარ ადამიანებისა ან ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში მყოფი სხვა პირების გაღებული სისხლი, შესაძლოა, უფრო მეტად იყოს საფრთხის შემცველი. ეს შეზღუდვა წელს უკვე მოიხსნა საბერძნეთში, საფრანგეთსა და ლიეტუვაში, ხოლო ირლანდიაში შემცირდა დაყოვნების პერიოდი.
17. გაიზარდა ქვიარ პერსონაჟების რეპრეზენტაცია კინო და სერიალების ინდუსტრიაში
მნიშვნელოვანი ამბავია ისიც, რომ იზრდება იმ პერსონაჟების რიცხვი, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალ სისგენდერ ადამიანებად არ აიდენტიფიცირებენ. ჯადოსნური ცხოველების ახალგამოსული მესამე ფილმიდან ნეტფლიქსამდე და The Umbrella Academy-ის ახალ სეზონამდე — სასიკეთო ცვლილებაა, რომ ლგბტქ ადამიანებს ეკრანზე ნანახ პერსონაჟთან გაიგივება უფრო მეტად შეუძლიათ, ვიდრე წარსულში. ამასთან, კვლავაც იზრდება ქვიარ ფილმების რაოდენობა — ლესბოსელ მონაზონის ისტორიიდან საბჭოთა ჯარში აკრძალულ გეი სიყვარულამდე.
კომენტარები