ანგარიში: ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრაციებს მხოლოდ საპოლიციო ძალებით პასუხობდა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახალ ანგარიშში, აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში გართულებული პოლიტიკური და სოციალური ფონის კვალდაკვალ, სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური კონფლიქტების პოლიციის ხელით მართვა ტენდენციის სახეს იძენს.
ორგანიზაციის განცხადებით, სულ უფრო ნაკლებად ჩანს ხელისუფლების მცდელობა, შექმნას რეალური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დიალოგის სივრცეები და პრეცედენტები — ამის საპირისპიროდ, ეფექტიანი მმართველობის განხორციელებისას, მეტი აქცენტი კეთდება საპოლიციო იძულებაზე და კონტროლის მექანიზმებზე.
დოკუმენტში მითითებულია, რომ განსაკუთრებით პრობლემურია ხელისუფლების მიერ ბალანსის დაცვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასა თუ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შორის. ორგანიზაცია მიუთითებს, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, ამას ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებით უზრუნველყოფს, რისი პირდაპირი შედეგიც მოქალაქეთა თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვაა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ასევე, აჯამებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სასამართლო განხილვებისას არსებულ ხარვეზებს, მოქალაქეთა მიმართ და პოლიციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დღემდე არსებულ შედეგებს.
საპოლიციო იძულების ღონისძიებები
პოლიციის უმოქმედობა
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები საპოლიციო უმოქმედობისა და დემონსტრაციული პასიურობის გამორჩეული შემთხვევა იყო, რის შედეგადაც ათეულობით ჟურნალისტმა და აქტივისტმა სხვადასხვა სიმძიმის ფიზიკური დაზიანება მიიღო.
"სახელმწიფომ არათუ ვერ შეძლო ძალადობრივი ფაქტების სათანადოდ პრევენცია შეკრების ადგილას მობილიზებული არაადეკვატური რაოდენობის საპოლიციო ძალების გამოყვანით, არამედ უშუალოდ ინციდენტების აღკვეთის პროცესშიც, პოლიცია იყო უმოქმედო და არაეფექტური", — ნათქვამია დოკუმენტში.
კვლევის ავტორის თქმით, მობილიზებული სამართალდამცავების პასიურმა ჩართულობამ ვერც სხვა ძალადობრივი ინციდენტების პრევენცია უზრუნველყო, მათ შორის, სირცხვილიას ოფისთან მომხდარი მასშტაბური ძალადობრივი ფაქტების, თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ეზოში პიროტექნიკის გამოყენების და სხვა ინციდენტები.
"5 ივლისს პოლიციის უმოქმედობა არ უნდა აიხსნას საფრთხეების არასათანადოდ შეფასებით ან მოუმზადებლობით. ამ მოვლენებში ნათლად ჩანდა, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები იმთავითვე არ აპირებდნენ პრაიდისთვის მსვლელობის ჩატარების შესაძლებლობის მიცემას.
ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ღია ძალადობრივი ინციდენტების შემდეგ, სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება, გაეტარებინა სამართლებრივი ზომები უშუალოდ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ", — ვკითხულობთ ანგარიშში.
აქვე ხაზგასმულია, რომ პოლიციის უმოქმედობას წინ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უძღოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს მოვლენები იყო სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის წახალისების, საზოგადოებრივი წესრიგის მოშლის და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი ბაზისური ფუნქციების ვერგანხორციელების ერთგვარი კულმინაცია.
ორგანიზაციის თქმით, ამან, ასევე, აჩვენა, რომ სახელმწიფოს მსგავსი არაეფექტიანობა საფრთხეს უქმნის არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, არამედ მთლიანად საზოგადოებრივ წესრიგს და მშვიდობას.
ჭარბი/ინტენსიური საპოლიციო ძალების მობილიზება
რაც შეეხება ჭარბი საპოლიციო ძალების მობილიზებას, აქ ავტორს ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი ჰყავს მოყვანილი, რასაც სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა. მისი თქმით, ამ დროს უგულებელყოფილი იყო პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული და დიალოგზე ორიენტირებული გზები.
"ხისტი და რეპრესიული მეთოდებით, პოლიცია დაუსაბუთებლად და თვითნებურად ერეოდა რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი შეკრების უფლებაში. გაძლიერებული საპოლიციო ღონისძიებებით "რიონის ხეობის მცველების" ფუნდამენტურ უფლებებში ამგვარი უხეში და დაუსაბუთებელი ჩარევა პროცესების დამატებით გართულების რისკებს ქმნიდა. ხელისუფლება ცდილობდა ფიზიკური ბარიერები შეექმნა და ხელი შეეშალა რიონის ხეობის მცველების ლეგიტიმური, მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტისთვის", — ნათქვამია კვლევაში.
კერძოდ, განხილულია, რომ 2021 წლის 3 აპრილიდან რიონის ხეობაში ნამოხვანისკენ მიმავალ გზებზე, აბსტრაქტული საფრთხის მოტივით, პოლიციამ ბლოკპოსტები ჩადგა — ავტორის თქმით, სამართალდამცავების მიერ განმარტებული არ ყოფილა, თუ რა კონკრეტული და მყისიერი საფრთხის პრევენციას ემსახურებოდა აღნიშნული ღონისძიებები.
არასამთავრობოს განცხადებით, დაუსაბუთებელი იყო სამართალდამცავების მიერ კარვების დაშლაც, რის შედეგადაც ადგილზე დარჩენილ აქციის მონაწილეებს პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. ავტორის თქმით, სამართალდამცავებმა კარვების დაშლის საფუძვლად მდინარე რიონის ადიდების საფრთხე მიუთითა, თუმცა ამ რისკების რელევანტურობა დღემდე არ არის დადასტურებული.
"პოლიცია ნამახვანჰესის აქციის მონაწილეების მიმართ ისეთ რეპრესიულ მეთოდებსაც იყენებდა, როგორებიცაა დაკავება და ჯარიმები. ეს პროცესის ესკალაციას უწყობდა ხელს, თუმცა სამართალდამცავების მიერ ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა მასობრივი კონტროლის მიზნით უფრო აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური შინაარსის პროტესტების დროს", — ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ნამოხვანის პროტესტის დროს გამოყენებული საპოლიციო იძულების ღონისძიებების კანონიერება და დასაბუთებულობა სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა სასამართლოს ამ დრომდე მოცემულ საკითხზე არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება.
შეკრების მონაწილეთა დაკავებისა და საპოლიციო ღონისძიებების გასაჩივრების პრაქტიკა
ავტორი აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მოქმედება და გამოყენებული იძულების ღონისძიებები განსაკუთრებული სიმწვავით აჩვენებს პოლიციის რეპრესიულ სახეს — აქტივისტების დაკავებამ გამოკვეთა პოლიციის გამორჩეული რეპრესიულობა და სიხისტე. ორგანიზაციის თქმით, აქციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებები აქციის მშვიდობიანი და არაძალადობრივი ხასიათის გათვალისწინებით, არაპროპორციული და არაგონივრული იყო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველა სახის შეკრება, გარდა იმისა, რომელსაც აქვს ძალადობრივი მიზნები და უარყოფს დემოკრატიულ ღირებულებებს, იმსახურებს სათანადო დაცვას. მშვიდობიანი შეკრების პირობებში, მისი შინაარსის მიუხედავად, როდესაც დემონსტრანტები არ ერთვებიან ძალადობრივ აქტებში, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს, შემწყნარებლობის განსაზღვრული დონე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად შეკრების თავისუფლება დაცლილი იქნება სრულად ყოველგვარი შინაარსისგან.
ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რასაც, არასამთავრობოს თქმით, თან ახლდა პოლიციის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენება. მათ შორისაა, 3 ივნისს გენერალური პროკურატურის შენობის წინ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად გამართული აქცია. ანგარიშში მითითებულია, რომ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პოლიციამ გაუფრთხილებლად დააკავა და ხელი მოტეხა.
ფოტო: On.ge / სირცხვილია
"GDI-ს ადვოკატის დახმარებით საპოლიციო ღონისძიება გასაჩივრდა და მისი შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო. პროკურატურამ და სასამართლომ მაქარაშვილს უარი უთხრეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობდა აქტივისტისათვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების არაერთი მტკიცებულება", — ვკითხულობთ კვლევაში.
აქვე აღნიშნულია სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის საქმე — 2021 წლის 14 აპრილს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე დაკავებების პროცესში შსს-ს 7 თანამშრომელი იყო ჩართული. ორგანიზაციის თქმით, ისინი არაპროპორციული და უკანონო ფიზიკური ძალადობის გამოყენებით საფრთხეს უქმნიდნენ მუმლაძის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კერძოდ, იყენებდნენ არაადამიანურ მეთოდებს, ფილტვების და ყელის არეში ხელის მოჭერით, მას არ აძლევდნენ სუნთქვის შესაძლებლობას.
"საკუთარი თავის დაცვის და გადარჩენის მიზნით გიორგი მუმლაძემ ხელზე უკბინა პოლიციელს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით, გიორგი მუმლაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აღიძრა, გამოძიება სწრაფად წარიმართა და ამ ეტაპზე საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში", — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ამ დრომდე არც გიორგი მუმლაძეს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში, აქტივისტების დაკავება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თვითნებურად ხდებოდა — დაკავების მიზეზს კი მათი აქციაზე ყოფნა წარმოადგენდა.
სასამართლო განხილვები
ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეთა წარმოების და პროცესებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, საქმეთა სასამართლო განხილვებიც უკიდურესად პრობლემურია და არაერთი მიმართულებით ირღვევა პირთა უფლებები.
აქ მითითებულია, რომ ხშირ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლო განხილვები ფორმალურ ხასიათს ატარებს, გადაწყვეტილებები კი ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე, შაბლონურად მიიღება. ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემურია როგორც საჯარო შეკრებებისა და დემონსტრაციების მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან წვრილმანი ხულიგნობის ფართო განმარტება, ასევე, დაკავების შემდგომ მოქალაქეების ადვოკატზე წვდომის შეზღუდვა.
ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge
ანგარიშის თანახმად, წარმოებაში არსებულ საქმეთაგან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ერთგვაროვნად იყო შევსებული, მოწმეებად კი ზოგიერთ შემთხვევაში, ისეთი პოლიციელები იკითხებოდნენ, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობდნენ სამართალდარღვევის აღკვეთასა თუ დაკავების პროცესში. გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლები ხშირად ვერ იხსენებდნენ, თუ კონკრეტულად სად მოხდა პირის დაკავება.
ამასთან, ავტორის თქმით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, რისი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი ინცინდენტის სრული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი იქნებოდა, თუმცა არასამთავრობოს მითითებით, შესწავლილ საქმეებში, როგორც წესი, სამართალდამცავები მიუთითებდნენ, რომ სამსახურებრივი სამხრე ვიდეოკამერები ან დაზიანებული იყო, არ იყო ჩართული.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო განხილვებს მკვეთრად გამოხატული ხელწერა ჰქონდა, რა დროსაც, ის, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით უფარდებდა ადმინისტრაციულ სახდელებს მოქალაქეებს.
გამოძიების არაეფექტურობა
ავტორის განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებს 5-6 ივლისს, პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვლენილი მასობრივი, წინასწარ ორგანიზებული ძალადობის საქმეები, როდესაც ძალადობრივი შეკრების არც ერთი ორგანიზატორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის, მიუხედავად მათი მხრიდან ძალადობისკენ ღია და პირდაპირი მოწოდებებისა, ასევე შეკრების ადგილზე კონკრეტული პირებისთვის ინსტრუქციების მიცემისა.
ანგარიშის მიხედვით, გამოძიება ამ დრომდე არ არის დაწყებული შეკრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე, მაშინ, როცა აღნიშნული დანაშაულის ნიშნები ცალსახად არსებობდა 5-6 ივლისის მოვლენების დროს და ამ ქმედებებს კარგად ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა.
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / Euronews Georgia
ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშულ მოვლენებზე წარმართული გამოძიების არაეფექტიანობა და მისი ფრაგმენტულობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს რეალური ნება, მსგავსი ძალადობრივი ინციდენტები ადეკვატურად იყოს აღკვეთილი და ნებისმიერი ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება სათანადოდ დაცული — მეტიც, გამოძიების არაეფექტიანობა, ერთი მხრივ, ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებში დაუსჯელობის სინდრომს, მეორე მხრივ, კი მას აქვს "მსუსხავი ეფექტი" ქვეყანაში ზოგადად გამოხატვის უფლებაზე.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, არაეფექტიანი გამოძიების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია 2021 წლის 13-14 სექტემბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე დაწყებული სამართლებრივი პროცესები. მათი შეფასებით, უკანონო მოსმენების და მიყურადების საკითხი ამ დრომდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებრივ გამოწვევად რჩება ქვეყანაში და ამ დანაშაულზე გამოძიების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად წარმართვა პროკურატურის განსაკუთრებული ინტერესის საგანი უნდა იყოს.
"სამწუხაროდ, პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაზე სახელმწიფომ წარსულშიც არაერთხელ ვერ შეძლო ეფექტიანი რეაგირება და გამონაკლისი არც 13-14 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერები აღმოჩნდა", — ვკითხულობთ კვლევაში.
აქ ნათქვამია, რომ წარსულში უკანონო მოსმენების და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევების გამოუძიებლობა და მართლმსაჯულების განუხორციელებლობა კიდევ უფრო ახალისებს სამართალდამცავების თვითნებობას და ასევე აჩვენებს ამ საკითხების გამოძიების პოლიტიკური ნების არარსებობას.
"ამავდროულად, საქართველოში პირადი ცხოვრების გაუმართლებელი ხელყოფის რისკები დიდწილად თავად არასრულყოფილი საკანონმდებლო მოწესრიგებიდან და უსაფრთხოების სამსახურის დაბალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორც მოსმენების საკითხის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროებას", — აღნიშნულია ანგარიშში.
საბოლოო ჯამში, დოკუმენტის ავტორი მიუთითებს, რომ გასულ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური და პოლიტიკური კრიზისების მოგვარების სტრატეგიისა და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის არარსებობა. მისი თქმით, ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრაციებს ყველა ჯერზე მხოლოდ საპოლიციო ძალებით პასუხობდა, რა დროსაც უგულებელყოფილი გახლდათ პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული გზები.
კომენტარები