მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობამ ფაშინიანი გააკრიტიკა
მთიანი ყარაბაღის ადგილობრივი მმართველების განრისხება გამოიწვია სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამ იმაზე, რომ საჭიროა საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინება და მთიანი ყარაბაღის სტატუსის განხილვისას მოთხოვნების შესუსტება, რაც, როგორც ჩანს, რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს მიემართება.
"არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება, მშვიდობის საბაბით დასწიოს მოლაპარაკებების თამასა არცახისთვის [მთიანი ყარაბაღი] მისაღებ სტატუსთან და თვითგამორკვევის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებასთან დაკავშირებით", — ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა 14 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
რეზოლუცია, ასევე, მოითხოვს სომხეთის ხელისუფლებისგან, რომ "მიატოვონ მათი ამჟამინდელი დამღუპველი პოზიცია"
13 აპრილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის "უფლებების" საკითხია. მან აღნიშნა, რომ სომხეთის პოზიცია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ, მათ შორის, მეგობარი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერილი არ არის.
საერთაშორისო საზოგადოების აზრზე ხაზგასმით, სომხეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მათ "შეუძლიათ უზრუნველყონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონსოლიდაცია სომხეთისა და არცახის [მთიანი ყარაბაღის] გარშემო".
"სხვა შემთხვევაში, სომხეთს არ შეუძლია საერთაშორისო პარტნიორებს დაეყრდნოს, არა "იმიტომ, რომ არ უნდათ [ჩვენი] დახმარება, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ", — თქვა მან.
სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის კრიტიკის შემდეგ, 14 აპრილს ფაშინიანმა საკუთარი განცხადებები დაიცვა.
"რასაც მე ვამბობდი, ყარაბაღის არდათმობაა. თუ ჩვენ გავყვებით სხვა გზას, ჩვენ დავთმობთ ყარაბაღს", — პრემიერმინისტრმა მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზთან აზერბაიჯანის ბოლო თავდასხმა და სოფელი ფარუხის დაკავება დაასახელა, როგორც რეჟიმთან შეურიგებლობის დადასტურება. მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღი რჩება მტკიცე, დაიცვას იქ მცხოვრები სომეხი ხალხის უფლებები.
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა, არაიკ ჰარუტიანმა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხები არ დათმობენ მათი "თვითგამორკვევის უფლებას".
"ჩვენ გვესმის, რომ უნდა ვიცხოვროთ [ფართო გეოგრაფიულ] სამეზობლოში, მაგრამ [აზერბაიჯანისადმი] დაქვემდებარება შეუძლებელია, ეს უბრალოდ მიუღებელია", — თქვა მან და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ამჟამად მთიან ყარაბაღში განთავსებული რუსი სამშვიდობოები "განუსაზღვრელად" უნდა დარჩნენ.
მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ბაბაიანმა Azatutyun-ს განუცხადა, რომ ფაშინიანის განცხადებებმა მთიან ყარაბაღში "უკმაყოფილების ტალღა" გამოიწვია.
"ჩვენ აღარ გვაქვს "თამასა", მხოლოდ სისხლით დახაზული წითელი ხაზები", — თქვა ბაბაიანმა. მისი თქმით, წითელი ხაზების არსი არის, რომ მთიანი ყარაბაღი "არასდროს იქნება აზერბაიჯანის ნაწილი".
პარასკევს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს სომხეთის მართველი პარტიის დეპუტატმა და ფაშინიანის ახლო მოკავშირემ, ედუარდ აღაჯანიანმა განაცხადა, რომ არ შეიძლება იყოს სამშვიდობო პროცესი მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების "ზურგს უკან".
"მშვიდობის დღის წესრიგი სრულიად მიმართულია მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების დაცვისა და განხორციელებისკენ", — თქვა მან.
იმავე დღეს მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ვიგენ ხაჩატრიანმა აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არსებული "იდეა", რომ მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მომავალი არ აქვს "არასწორი" იყო.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისა და საზღვრების დემარკაციის საკითხის შესახებ.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები