უცხოპლანეტელების მიერ გატაცებულები: როგორ იხსნება ეს უცნაური ისტორიები?
დემონური არსებებიდან უცხოპლანეტელებამდე — მოტაცების ან სხვა უსიამოვნო შეხვედრების ისტორიები ათასწლეულებია, არსებობს. რით აიხსნება ისინი?
უცნაური და აუხსნელი შეხვედრები არაადამიან არსებებთან ათასწლეულებს ითვლის. უშუალოდ უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებების ამბები კი ფართოდ 1950-იან წლებში გავრცელდა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას.
თუ ამ ამბებში რაიმე დამაბნეველია, ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანების აბსოლუტური დარწმუნებულობაა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უცხო არსებებმა ისინი თავიანთ კოსმოსურ ხომალდზე წაიყვანეს. მათი მონათხრობის თანახმად, ეს, ჩვეულებრივ, შუა ძილში ყოფნისას და, ძირითადად, უცნაური სექსუალური ხასიათის ექსპერიმენტების ჩასატარებლად ხდება — როგორც ეს Saturday Night Live-ის ცნობილ სკეტჩშია გაშარჟებული რაიან გოსლინგის მონაწილეობით. თუმცა ბევრი ადამიანისთვის — ფაქტობრივად, მილიონებისთვის — ეს სახუმარო ამბავი სულაც არაა. ჩნდება კითხვა: რით აიხსნება ეს?
შეერთებულ შტატებში უცხოპლანეტელების მიერ გატაცების პირველი პოპულარული ამბავი ბეტი და ბარნი ჰილების ისტორია იყო. ნიუჰემფშირელი წყვილი ამტკიცებდა, რომ უცხოპლანეტელებმა ისინი 1961 წლის 19 სექტემბერს გაიტაცეს. თუმცა, ჰილების ეს ისტორია გატაცების მეორე ამბავია, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. პირველი 1957 წლით თარიღდება და მისი მთავარი გმირი ბრაზილიელი ფერმერი, ანტონიუ ვილას ბოასი გახლავთ.
როგორ ჰყვებიან უცხოპლანეტელების მიერ გატაცების შემთხვევებს
თუ ვილას ბოასს დავუჯერებთ, 16 ოქტომბრის ღამეს, სანამ ის ტრაქტორით მინდორს ხნავდა, უცხოპლანეტელებმა, რომლებიც დაახლოებით მეტრ-ნახევარი სიმაღლის იქნებოდნენ, ის თავიანთ ხოლმადზე წაიყვანეს. როცა ოთახში ჩაკეტეს, მან დაინახა, რომ კედლებიდან გაზი გამოდიოდა. გაზმა ცუდად გახადა. ამის მერე ოთახში ძალიან მიმზიდველი ქალი — შიშველი, გრძელი ვერცხლისფერი თმით და ღრმა, ლურჯი კატისებრი თვალებით — შემოვიდა და აიძულა, რომ მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა.
ვილას ბოასის მტკიცებით, ქალის განზრახვა ნათელი იყო: მას უნდოდა, ადამიანისა და უცხოპლანეტელის ჰიბრიდი ეშვა, რომელსაც თავის პლანეტაზე გაზრდიდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ვილას ბოასმა სხეულზე დამწვრობები აღმოაჩინა. სანდო რეპუტაციის მქონე სამედიცინო ცენტრში ექიმმა მას რადიაციული დამწვრობის დიაგნოზი დაუსვა. ექიმს, ოლავო ფონტესს, კავშირები ჰქონდა ამერიკულ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) კვლევით ჯგუფთან, APRO-სთან. ვილას ბოასს არ ახსოვდა, რა ვითარებაში მიიღო დამწვრობა.
ამ ისტორიამ 1950-იანი წლების ბოლოს მსოფლიო მასშტაბით მოიპოვა პოპულარობა. ბევრმა ამ ამბის სარწმუნოობა დისკრიმინაციული შეხედულებების ქონის საფუძველზე დაიჯერა: ისინი ფიქრობდნენ, რომ "უბრალო" ფერმერი ბრაზილიის სოფლიდან ასეთ ამბავს ვერაფრით მოიფიქრებდა. სინამდვილეში, ვილას ბოასი არც უბრალო და არც გაუნათლებელი არ ყოფილა. მისი ოჯახი მიწის დიდ ნაკვეთებს ფლობდა. მოგვიანებით ის იურისტი გახდა და ამ საქმეს 1992 წელს, სიკვდილამდე აკეთებდა. ეჭვგარეშეა, რომ ამ ამბით მოპოვებული ცნობადობა მის კარიერას დაეხმარა.
მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად უარყოფს, რომ მოტაცებების ამბებს რაიმე რეალური კომპონენტი აქვთ. როცა ადამიანები ამ ისტორიებს გულწრფელად ჰყვებიან, ნათელი ხდება, რომ ეს ინციდენტები სხვადასხვა ანორმალური ფსიქოლოგიური მდგომარეობის შედეგია — იქნება ეს ფანტაზიისკენ მიდრეკილი გონება, თვითჰიპნოზური ტრანსი, ცრუ მახსოვრობის სინდრომი, ძილის პარალიზი, ძილის დროს გარემოსეული ზეგავლენა თუ უფრო სერიოზული ფსიქოპათოლოგიური მიზეზები. კიდევ ერთი შესაძლო ახსნა პოსტტრავმული სტრესით გამოწვეული რეალობის არასწორად აღქმა შეიძლება იყოს.
ამერიკელმა მკვლევარმა და სკეპტიკოსმა, პიტერ როჯერსონმა ეჭვქვეშ დააყენა ვილას ბოასის და კიდევ სხვა მრავლის მსგავსი მონათხრობი. ის ამტკიცებდა, რომ ვილას ბოასი (და სხვა "გატაცებულები") უფოლოგ ჯორჯ ადამსკის სენსაციური ნარატივების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა — ეს უკანასკნელი 1950-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გატაცების ისტორიები აინტერესებს, როჯერსონის სტატია აუცილებლად წასაკითხია.
გატაცებების უმრავლესობას ვილას ბოასის ისტორიასთან საერთო ელემენტები აქვს: უცხოპლანეტელთა ხომალდზე აღმოჩენა; სამედიცინო კვლევები, რომლებიც ძირითადად ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ირგვლივ ხორციელდება (ან პირდაპირი სექსუალური კავშირი უცხოპლანეტელებთან); სხეულზე დარჩენილი იდუმალი ნიშნები. კარლ სეიგანი თავის შესანიშნავ წიგნში, დემონებით დასახლებული სამყარო: მეცნიერება როგორც სანთელი ბნელში, ამ ელემენტებს კრებს და ამტკიცებს, რომ არსებობს კავშირი უცხოპლანეტელების მიერ გატაცების ამბებსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ მისტიკურ ისტორიებს შორის, რომლებიც ღამით უცხო არსებებთან სექსუალური ხასიათის შეხვედრებზე ჰყვებიან.
არსებობს მითოლოგიები — მათ შორის, ძვ.წ. 2400-იანი წლების შუმერული ფოლკლორი — რომლებშიც კაცის ან ქალის ფორმის დემონები ძილში აცდუნებენ ადამიანებს. ნეტარი ავგუსტინე და თომა აკვინელი წერდნენ ინკუბუსი (კაცი) და სუკუბუსი (ქალი) დემონების შესახებ, რომლებიც ძილის დროს მოდიან, რათა სექსუალური კავშირი ადამიანებთან უნებართვოდ დაამყარონ. მსგავსი ისტორიები მსოფლიოს მასშტაბით არაერთ კულტურაში ჩნდება. ვილას ბოასის ვერცხლისფერთმიანი არსება ნამდვილად შეესაბამება ამგვარ აღწერას.
მეცნიერული შეფასება
დედამიწასთან უახლოესი ვარსკვლავი დაახლოებით 4 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ჩვენი უსწრაფესი ხომალდით იქ მისვლას დაახლოებით 100 ათასი წელი დასჭირდებოდა. თუ გონიერი უცხოპლანეტელები არსებობენ და ისინი აქ ჩამოვიდნენ, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ ტექნოლოგია, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. კერძოდ, ამ არსებებს უნდა შეეძლოთ (1) სწრაფი ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა; (2) რადარებისგან შეუმჩნევლად გადაადგილება; და (3) კვალის დაუტოვებლად წასვლა. მათი უნარები, ყველას შეუმჩნევლად ჩამოვიდნენ დედამიწაზე, კიდევ უფრო გასაოცარი ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოტაცებისა და UFO-სთან შეხვედრის ათასობით ისტორია არსებობს.
მეორე მხრივ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, მაინც რამდენად ჭკვიანები შეიძლება იყვნენ ეს უცხოპლანეტელები, თუ ისინი ადამიანის ანატომიის შესასწავლად ათწლეულებია, ერთსა და იმავე ექსპერიმენტს იმეორებენ. ამდენი ხანი ვერ ამოხსნეს ადამიანური ბიოლოგია? ან, უბრალოდ, პერვერტული მისწრაფებები აქვთ? იქნებ სხვადასხვა პლანეტის მკვიდრნი სტუმრობენ დედამიწას? თუ ასეა, მაშინ რამდენი სახეობა არსებობს იმ უცხოპლანეტელების, რომლებიც ჩვენი შესწავლის სურვილით იწვიან? დამეთანხმებით, ამის ალბათობა ძალიან მცირეა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი კოსმოსური მოგზაურობის საოცარ საშუალებებს უნდა ფლობდნენ.
ჯეიმს უილიამ შოფმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა, ერთხელ თქვა, რომ "არაორდინარული ვარაუდები არაორდინარულ მტკიცებულებებს საჭიროებენ" — ეს ციტატა მოგვიანებით კარლ სეიგანმა გახადა პოპულარული. უცხოპლანეტელთა მიერ გატაცებების შემთხვევაში, ერთობ ორდინარული მტკიცებულებები ნამდვილად სჯაბნიან არაორდინარულებს (სად არიან ეს უცხოპლანეტელები? როგორ მოხდა, რომ არცერთ სერიოზულ მეცნიერს მათთან კავშირი არ დაუმყარებია?).
მეცნიერები ამ ისტორიების სიყალბეს იმიტომ კი არ ამტკიცებენ, რომ ისინი ჯიუტები, ბოროტები, ემპათიის არ მქონენი ან ბრმანი არიან. სინამდვილეში, მათაც უნდათ, რომ უცხოპლანეტური სიცოცხლის მტკიცებულება აღმოვაჩინოთ — განსაკუთრებით, გონიერი სიცოცხლის! ეს სწორედ ისაა, რაც ასტრობიოლოგიას სურს. და ასტრობიოლოგები პირველები იქნებოდნენ, ვინც ფაქტებს აღიარებდნენ — მათი არსებობის შემთხვევაში.
მეცნიერების ფუნდამენტური წინაპირობა ვარაუდების ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობაში მდგომარეობს, რომელთაც ზურგს შემოწმებადი მონაცემები უმაგრებს. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა მივიჩნიოთ სამეცნიერო მტკიცებები სანდოდ? ეს სწორედ ისაა, რაც მეცნიერებას ყალბი ამბებისგან განასხვავებს.თუ ასტრობიოლოგები უახლოეს მომავალში უცხოპლანეტური სიცოცხლის დამაჯერებელ მტკიცებულებას მოიპოვებენ, ეს, უდიდესი ალბათობით, არც ისე გონიერი — კოსმოსური ბაქტერია იქნება.
წარმოიდგინეთ, რამდენად გასაოცარი იქნება, თუ გავიგებთ, რომ სიცოცხლე ის შემთხვევითობა არ არის, რომელიც მხოლოდ ჩვენთან მოხდა... ან — რაც კიდევ უფრო გასაოცარი იქნება — რომ ეს სწორედ ასეა.
კომენტარები