რუსმა ჯარისკაცებმა სომეხ დეპუტატებს მთიან ყარაბაღში შევსლის საშუალება არ მისცეს
რუსმა სამშვიდობოებმა სომეხ ოპოზიციონერ დეპუტატებს მთიან ყარაბაღში შესვლა აუკრძალეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სომხეთის ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს იმ სავარაუდო "დათმობის" გამო, რომელიც ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში გააკეთა და რეგიონში ჩასვლის პირობა დადო.
სამშაბათს დეპუტატებმა მთიან ყარაბაღში საზღვრის გადაკვეთა სცადეს, თუმცა უკან მოაბრუნეს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით "შეშფოთება" გამოხატა და აღნიშნა, რომ "ეს ქმედება ეწინააღმდეგება 9 ნოემბერს დადებულ იმ სამმხრივ შეთანხმებას, რომელიც ლაჩინის დერეფნის გავლით სომხეთთან მთიანი ყარაბაღის შეუზღუდავ კავშირს ითვალისწინებს".
სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის 9 ნოემბერს ხელმოწერილმა შეთანხმებამ მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა.
"შეთანხმების ყველა მხარემ მკაცრად უნდა დაიცვას ამ უკანასკნელის ჩანაწერი და სულისკვეთება, ასევე, შეასრულოს მისი ვალდებულებები", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ოთხშაბათს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აზარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ რუსული მხარის განმარტებით, სომეხ დეპუტატებს მთიან ყარაბაღში შესვლის საშუალება არ მისცეს, რათა "თავიდან აერიდებინათ პროვოკაციები".
არტურ ღაზინიანმა, ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელიც არ შეუშვეს, მანამდე ივარაუდა, რომ მისი და მისი კოლეგების რეგიონში შესვლა "აზერბაიჯანული პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად" აღკვეთეს. ღაზინიანმა ამ ინციდენტს "სომხეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და დამამცირებელი" უწოდა.
მანამდე, სამშაბათს სომხეთის ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში მკაცრად გააკრიტიკეს ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უმკლავდებიან მთიან ყარაბაღსა და სომხეთში უსაფრთხოების საკითხებს.
"სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არსებობს საფრთხე. არცახი [მთიანი ყარაბაღი] საფრთხეშია. ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენს ხალხს ვამზადებთ ახალი დათმობებისთვის, ახალი მარცხებისთვის და ახალი შეურაცხყოფისთვის", — განაცხადა სერიან ოჰანიანმა, სომხეთის ალიანსის ბლოკის ხელმძღვანელმა პარლამენტში, რის შემდეგაც მან და მისმა კოლეგებმა დარბაზი დატოვეს.
სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატებმა ოპოზიცია, რომელიც ძირითადად იმ რესპუბლიკური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისგან შედგება, რომლებიც 1998-დან 2018 წლის რევოლუციამდე იყვნენ მმართველობაში, დაადანაშაულეს იმაში, რომ სახელმწიფოსგან "იპარავდნენ", მაშინ, როცა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნათ.
მმართველი პარტიის დეპუტატმა, ჰაიკ კონჯორიანმა კი ოპოზიცია უსაფრთხოების საკითხების გამოყენებით "ხელისუფლების ხელში ჩაგდების" მცდელობაში დაადანაშაულა.
ბოიკოტი ოთხშაბათს გამოცხადდა, ერთი კვირის შემდეგ, რაც პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აპრილის ბოლოს საზღვრის დემარკაციის ერთობლივ კომიტეტს ჩამოაყალიბებენ და "სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მზადებაზე იმუშავებენ".
ორშაბათს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა "დელიმიტაციის კომისიისა და საზღვრის უსაფრთხოების, სამშვიდობო მოლაპარაკებების მზადებისა და ჰუმანიტარული საკითხების" შესახებ ტელეფონით ისაუბრეს.
ეს იყო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირდაპირი საუბრის პირველი მაგალითი 2020 წლის ნოემბერში მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები