კანიბალიზმი და გენოციდი: უკრაინის გამორჩეული მხატვრის საზარელი ტილოები
ერთი შეხედვით, მარია პრიმაჩენკო სოფლის ბედნიერ ცხოვრებას ხატავდა. თუმცა თუ უფრო ახლოდან დავაკვირდებით, ტილოებზე სტალინის მიერ მის ქვეყანაზე განხორციელებულ ტერორს შევამჩნევთ. ახლა მისი შემოქმედება ეროვნული სიმბოლო კიდევ ერთხელ ხდება.
1937 წელს პარიზში საერთაშორისო ექსპოზიციაზე ორი უშველებელი პავილიონი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ერთ-ერთი მათგანი ჰიტლერის გერმანიის იყო, ნაცისტთა არწივით დამშვენებული; მეორე კი სტალინის საბჭოთა კავშირის — ხელჩაკიდებული მუშისა და გლეხის ფიგურით.
ეს სიმბოლური შერკინება გახლდათ მაშინ, როცა ესპანეთში მემარჯვენე და მემარცხენე ძალები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი. საბჭოთა კავშირის პავილიონში, სოცრეალისტური ნიმუშების გვერდით, გასაოცარი ურჩხულებისა და ფოლკლორული მაგიით სავსე ყვავილების ნახატები იყო წარმოდგენილი. ეს ნამუშევრები დიქტატორების ეპოქისადმი დაუმორჩილებლობის გამოხატულება იყო, რადგან მათში ადამიანის ფანტაზიის უნარს ტერორსა და საყოველთაო სიკვდილზე გაემარჯვა.
საუბარი უკრაინელი ხელოვანის, მარია პრიმაჩენსკოს შემოქმედებაზეა. პუტინის ომის დროს ის გადარჩენის სიმბოლო კიდევ ერთხელ გახდა. პრიმაჩენკო, რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა, ალყაში მოქცეული ქვეყნის საყვარელი მხატვარია — ეროვნული სიმბოლო, რომლის ნამუშევრები საფოსტო მარკებზე, მისი პორტრეტი კი ეროვნული ვალუტაზეა გამოსახული. უკრაინელმა ასტრონომმა, კლიმ ჩურიუმოვმა მისი სახელი პლანეტასაც კი დაარქვა.
როცა ივანკივში ეროვნულ ისტორიულ მუზეუმს რუსული ჭურვებისგან ცეცხლი გაუჩნდა, უკრაინელმა კაცმა პრიმაჩენკოს 25 ნახატი საკუთარი სიცოცხლის გარისკვით გადაარჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, როცა 1937 წელს პარიზში პრიმაჩენკოს ნამუშევრები გამოფინეს, პიკასო დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა. მან თქვა, "ქედს ვიხრი ამ შესანიშნავი უკრაინელის მხატვრული სასწაულების წინაშეო". ამ ამბავში არტისტული ლოგიკა იკითხება. ეს ახალგაზრდა გლეხი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელაც არ მიუღია ხელოვნების გაკვეთილი, ისეთ მონსტრებსა და იგავებს აცოცხლებდა, როგორებიც პიკასოსა და მისი სიურრეალისტი მეგობრების ნამუშევრებთან ჰარმონიაში მოდიოდა. მაშინ, როცა დიქტატორები ერთმანეთს მსოფლიო ექსპოზიციაზე "მხატვრულად" ებრძოდნენ, პიკასომ ესპანეთის პავილიონში გერნიკა გამოფინა, რომელზეც კორიდას სცენით ომის საშინელებაა გადმოცემული. პრიმაჩენკოც უკრაინის საზარელი გამოცდილების აღსაწერად აღვიძებდა თავის შემოქმედებაში პირველყოფილ მითებს.
1930-იან წლებში მის მიერ შესრულებული ნახატები სოფლის ცხოვრებისთვის ნიშნეული ველური ბუნების გამოხატულებებს აღწერს. ერთ-ერთ მათგანში ფარშევანგის მსგავსი ფრინველი, ყვითელი ტანითა და ლურჯი ფრთებით, ყავისფერი მცოცავი არსების ზურგზეა მოთავსებული და მას საკვებს პირში უდებს. რატომ აჭმევს ეს ფანტასტიკური ფრინველი ამ ურჩხულს საკვებს? ეს შეწყალებაა თუ გროტესკული აბსურდი?
სხვა ნახატში ასეთსავე ჭრელ ფრინველს პირში საკუთარი ნაშიერი ჰყავს. ის მას ფრთხილად დაატარებსო, იფიქრებთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ისტორიაზე არაფერი იცით.
ერთი შეხედვით, პრიმაჩენკო ჭრელ, დეკორატიულ და "გულუბრყვილო" ფოლკლორისტ მხატვარს ჰგავს. მართლაც, მისი 1945 წლის შემდგომი ნახატები უფრო ნათელი, ფორმალური და დამამშვიდებელი არის. თუმცა მისი ადრინდელი შემოქმედება გაცილებით ბნელია. პრიმაჩენკო მხატვარი იმ დეკადაში გახდა, როცა სტალინმა უკრაინელი გლეხების განადგურება დაიწყო. 1932-1933 წლების საბჭოთა უკრაინაში მის მიერ გამიზნულად გამოწვეულ საყოველთაო შიმშილობას მილიონობით ადამიანი შეეწირა.
თავდაპირველად საკვების მარაგის პრობლემა სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციით დაიწყო. გლეხებს აღარ ჰქონდათ უფლება, მოსავალი საკუთარი თავისთვის მოეყვანათ. მათ აიძულეს, გაერთიანებულიყვნენ კოლექტივებში, რათა შემდეგ საკვებით ქალაქებში მცხოვრები ახალი პროლეტარიატი მოემარაგებინათ. უკრაინა იყო — და არის — მარცვლეულის უდიდესი მარაგის მომყვანი ქვეყანა, თუმცა კოლექტივიზაციამ სოფლის მეურნეობა ქაოსში გახვია. ჰოლოდომორი — ეს საყოველთაო შიმშილი — გენოციდად არის აღიარებული: სტალინმა იცოდა, რა ხდებოდა და ამის მიუხედავად, მან ტერორი უფრო გააძლიერა. პუტინის ლოგიკისა და არგუმენტების მსგავსად, ამ სისასტიკეს სტალინის მმართველობა იმით ამართლებდა, რომ თითქოს მშივრები რეალურად უკრაინელი ნაციონალისტები იყვნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის დამხობას ცდილობდნენ.
"ლოგიკურია ის გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა უკრაინაში 1932-1933 წლებში შიმშილითა და მასთან დაკავშირებული დაავადებებით დაახლოებით 3.3 მილიონი ადამიანი დაიღუპა", — წერს ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი. ეს საშინელება სოფელ ბოლოტნიაში მცხოვრებ პრიმაჩენკოს ირგვლივ ხდებოდა. სიკვდილის პირას მყოფი ზოგი ადამიანი კანიბალიზმს მიმართავდა, მათი გვამები კი შემდგომში სხვებისთვის ხდებოდა საკვები.
1908 წელს დაბადებულ პრიმაჩენკოს 20 წლის ასაკისათვის გადაებიჯებინა, როცა დედამიწაზე ამ ჯოჯოხეთის მომსწრე გახდა. და ის გადაურჩა მას, რათა ხელოვანი გამხდარიყო. თუმცა შიმშილის დამთავრებასთან ერთად შიში არ გამქრალა. 1937 წელს, როცა მისი ნამუშევრები პარიზში გაიგზავნა, სტალინის დიდი ტერორი მძვინვარებდა. ხშირად ამ რეპრესიებს წარმოიდგენენ როგორც მხოლოდ ქალაქელი ინტელექტუალებისა და პოლიტიკოსების სასაკლაოს, მაგრამ ის უკრაინის სოფლებსაც შეეხო.
ამგვარად, დიდი მონდომებაა საჭირო იმისთვის, რომ პრიმაჩენკოს ადრეული ნამუშევრების შემაძრწუნებელი მხარე ვერ შეამჩნიო. ჩიტი მშობლის პირში; ფარშევანგი, რომელიც ურჩხულს კვებავს. შეიძლება, ამ უცნაურ არსებებში გადარჩენისგან გამოწვეული დანაშაულის გრძნობა და განადგურებული მიწისგან გაუცხოების შეგრძნებაა ჩადებული. პრიმაჩენკოს ერთ-ერთი მაგიური, ოთხფეხიანი ურჩხული, რომელიც ბაღში დაეხეტება, ბრმა ჩანს, მისი კბილებით სავსე პირი კი თითქოს გლოვის ნიშნადაა დაფჩენილი. ასევე ყვავილებს შორისაა ქვეწარმავალი და მრავალთავიანი ჰიდრა, როგორც მაცდურად ლამაზი, თუმცა ედემში საკვლელად შეჭრილი არსება. 1930-იანი წლების ამ ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ნახატი დიდებული ფრინველისაა, რომელიც თავის მკერდზე შემომჯდარ, დაღებული ნისკარტის მქონე მომცრო ჩიტისგან შეშინებული იხევს უკან.
არაფერია დამამშვიდებელი ან დეკორატიული იმ ნახატებში, რომელთა დამსახურებითაც ეს მამაცი მხატვარი შეამჩნიეს. ის შორსაა ტრადიციული ფოლკლორული მხატვრობის გულუბრყვილო გაცოცხლებისგან. მისი მარტოსული ან მკვლელი ურჩხულები ძალადობით მოწამლულ სამყაროში ცხოვრობენ. და მაინც, პრიმაჩენკო არ დასჯილა მათი შექმნისთვის. პირიქით, სტალინის ტერორის დროს ის დააწინაურეს კიდეც — მაშინ, როცა მილიონობით ადამიანს იმისთვისაც კი კლავდნენ, რომ დამოუკიდებელი აზრის ქონაში იყვნენ ეჭვმიტანილები. ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ გლეხი ქალი პარანოიდ სტალინისტებსაც კი არ ესახებოდათ საფრთხედ.
პრიმაჩენკო იხსენებდა, რომ ბავშვობაში ერთ დღეს, როცა ცხოველებს უვლიდა, "სილაში ჯოხით ნამდვილი და გამოგონილი ყვავილების ხატვა" დაიწყო. ასეთი სცენა ფოლკლორულ ხელოვნებაში ხშირად მეორდება. ასევე დაიწყო ხატვა შუა საუკუნეების დიდმა ფერმწერმა, ჯოტომ. თუმცა პირველად პრიმაჩენკო დედისგან ნასწავლი ქარგვის გამო შეამჩნიეს და კიევში სამუშაოდ მიიწვიეს. ასეთი წარსული ნიშნავდა, რომ საბჭოთა სისტემა მას პარტიის მიერ წახალისებული გლეხი მხატვრების სიაში ჩაწერდა. ეს ნამუშევრები "ინტელექტუალის" რომ ყოფილო, ის აუცილებლად გულაგში აღმოჩნდებოდა ან უარესი ბედი ეწეოდა.
თუმცა პრიმაჩენკოს გადარჩენის სასწაული ბოლომდე რომ გავიაზროთ, ადგილთან ერთად ის დროც უნდა გავითვალისწინოთ, რომელშიც ის ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირი 1930-იან წლებში შეუჩერებლად ანადგურებდა წარმოსახვას, რადგან სტალინმა ხელოვნება სრულად დაუმორჩილა რეჟიმს. მაგალითად, უკრაინელი მწერალი მიხეილ ბულგაკოვი თავის სიურრეალისტურ ფანტაზიებს ვერ აქვეყნებდა — იმის მიუხედავად, რომ ისინი სტალინმა წაიკითხა და მწერლის სიცოცხლე შეიწყალა. პრიმაჩენკოს შემოქმედების "გულუბრყვილობის" დამსახურებაა, რომ მან შეძლო, გაეგრძელებინა მისტიკური, საშიში ნახატების შექმნა; ნახატების, რომლებსაც მეტი საერთო სიურრეალიზმთან ჰქონდა, ვიდრე სოციალისტურ რეალიზმთან.
შემდეგ, გასაოცრად, უკრაინაში ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდა. პრიმაჩენკომ იპოვა გზა, შიმშილისათვის ნახატებით ეპასუხა. თუმცა ის დადუმდა მეორე მსოფლიო ომის დროს — მაშინ, როცა ჰიტლერის სსრკ-ში შეჭრამ უკრაინა ერთ-ერთ პირველ ადგილად აქცია, სადაც ებრაელები მასობრივად დახოცეს. 1941 წლის სექტემბერში 33,771 კიეველი ებრაელი დახვრიტეს და მათი ცხედრები ქალაქის განაპირა ხევში ჩაყარეს. პრიმაჩენკო კოლექტიურ ფერმაში მუშაობდა და დასახატად საღებავები არ ჰქონდა.
1960-იანებში მისმა ფოლკლორულმა დიზაინებმა ახალი უკრაინული ცნობიერების შექმნას შეუწყო ხელი. მის ამდროინდელ შემოქმედებას რაღაც ჰიპურიც კი აქვს. ის განსაკუთრებით იზიდავდა ახალგაზრდებს, რომლებსაც საკუთარ უკრაინულ იდენტობასთან კავშირის აღდგენა სურდათ.
უკრაინას სხვა საამაყო ხელოვანებიც ჰყავს — მაგალითად, კაზიმირ მალევიჩი, ავანგარდის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, რომელიც თავისი შავი კვადრატისათვის არის ცნობილი. ეს გახლდათ პირველი ნახატი, რომელიც რაიმეს ნახატი არ იყო. და მაინც, არაა რთული იმის მიხვედრა, რატომ უყვართ უკრაინელებს პრიმაჩენკო ასე გამორჩეულად. მისი ხელოვნება ერის იმედსა და სიამაყეს გამოხატავს.
თუმცა წარსული, რომელსაც ის აღვიძებს, ბედნიერი სოფლის ცხოვრებისა და ჰარმონიულობის პერიოდი არ ყოფილა. თუ როგორ გამოსახავდა პრიმაჩენკო პუტინის ტერორს, ამის მხოლოდ ძრწოლით წარმოდგენა შეგვიძლია.
კომენტარები