რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო, 180 ქვეყანას შორის, ისევ 64-ე ადგილზეა, როგორც გასულ წელს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა საქართველოში მედია გარემო გააუმჯობესა, რაც გამოიხატა მედიის მფლობელთა გამჭვირვალობითა და თანამგზავრული მაუწყებლობის პლურალიზმით.

ასევე, ანგარიშში ნახსენებია 2016 წლის აპრილში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ფარული მიყურადების წესები არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.

ანგარიშით ირკვევა, რომ საქართველოს მედია გარემო, გასულ წელთან შედარებით, მკვეთრად არ შეცვლილა. შეფასების მიხედვით, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა ნაკლებად ხშირია, თუმცა მედიაში მათ მიმართ მუქარები ხშირად შუქდება, გარდა ამისა, მედია კვლავ პოლარიზებულია და მედია მფლობელები ისევ გადაწყვეტილების მიმღებ პირებად რჩებიან რედაქციაში. ასევე, საუბარია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე, რადგან მისი ბედი იქნება მედიის თავისუფლებისთვის ერთგვარი ტესტი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოსა და სტრასბურგის გადაწყვეტილება, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილება ანგარიშში არ შესულა, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მოხდა.

მედიის თავისუფლების კუთხით პოზიციები დაკარგეს აშშ-მა (ორი ადგილით - 43-ე) და დიდმა ბრიტანეთმა (ორი ადგილით - მე-40).

"ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამ აშშ-ში და ბრექსიტის კამპანიამ დიდ ბრიტანეთში მსოფლიო მიიყვანა პოსტ-სიმართლის, დეზინფორმაციისა და ცრუ ახალი ამბების ერამდე", - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, ოთხი ადგილით დაკარგა პოზიცია ვიქტორ ორბანის უნგრეთმა (71-ე ადგილი) და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რეიტინგში, ასევე ოთხი ადგილით ქვემოთ არის თურქეთი.

180 ქვეყანას შორის, მედიის თავისუფლების კუთხით, ექვსი წლის შემდეგ, პირველ ადგილზე მყოფი ფინეთი ევროკავშირის არაწევრმა, ნორვეგიამ ჩაანაცვლა.

ბოლო, 180-ე ადგილი ჩრდილოეთ კორეამ დაიკავა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა კვლავ აგრძელებს საკუთარი მოსახლეობის ტერორში ყოფნას - ქვეყანაში უცხოური რადიოს მოსმენაში ბრალდებული პირი, შესაძლოა, საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნონ.