ასობით და ათასობით საერთაშორისო ზარის მსგავსად, რომლის შინაარსსაც საზოგადოება ვერ ისმენს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტერზე მუდმივ რეჟიმში კითხულობს, პრეზიდენტი საჯარო კომუნიკაციასაც იმ მთავარი გზავნილების გასაჟღერებლად იყენებს, რაც მას რუსეთთან ომში ლიდერის უპირატესობას ანიჭებს.

გარემო ყოველთვის იგივეა — ზელენსკი ვლადიმერ პუტინის მთავარ სამხედრო სამიზნე ქალაქში, კიევშია. ის თეთრი კედლის ფონზე, ყავისფერ სავარძელში ზის და ხაკისფერი მაისური აცვია. დაღლილი სახე აქვს, თუმცა მუშტს კრავს და მსოფლიოს იმედიანად უღიმის.

"დიდება უკრაინას", — წარმოთქვამს და დეპუტატებს მთავარ სათქმელს ეუბნება.

ფოტო: President of Ukraine

დიდი ბრიტანეთი

ზელენსკი ყოველთვის იხსენებს იმ ქვეყნების მთავარი ლიდერების ფრაზებსა და მოვლენებს, სადაც სიტყვით გამოდის. ბრიტანეთის თემთა პალატას ის ომის მე-13 დღეს ჩაერთო და უინსტონ ჩერჩილის ისტორიული სიტყვა — We shall fight on the beaches გაიხსენა:

"მინდა გაგახსენოთ სიტყვები, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე იცის, რომელიც ახლა ისევ მნიშვნელოვანია. ჩვენ არ დავნებდებით და ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებზე და ქუჩებში", — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ფოტო: BBC

მან რუსული ომის ასაღწერად ბრიტანელებს უილიამ შექსპირის ჰამლეტიდან ცნობილი ფრაზა "ყოფნა, არყოფნაც" მოუყვანა მაგალითად, თუმცა აქვე დასძინა, რომ უკრაინას მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს — ყოფნა.

"ყოფნა, არყოფნა, ეს არის ახლა ჩვენი კითხვა. ო, არა, ეს შექსპირის კითხვაა. მე შემიძლია გადამწყვეტი პასუხი გავცე. ნამდვილად, დიახ, ყოფნა".

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბრიტანეთის თემთა პალატას უცხო ქვეყნის ლიდერმა მიმართა — მართალია, ზელენსკის ტრიბუნასთან მისასვლელად არც დერეფანი გაუვლია და არც თვალებში ჩაუხედავს დეპუტატებისთვის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ მას უწყვეტი ტაშით დახვედროდნენ, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტს მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მისცა საუბრის დაწყების საშუალება.

მე მოგმართავთ, როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი, ასევე დიდი ქვეყნიდან, ოცნებითა და დიდი ძალისხმევით. მინდა მოგითხროთ ომის 13 დღეზე, ომის, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია და ჩვენ არ გვინდოდა. თუმცა ეს ომი უნდა წარვმართოთ, არ გვინდა, რომ ის დავკარგოთ, რაც გაგვაჩნია, რაც ჩვენია, ჩვენი ქვეყანა, უკრაინა.

ზელენსკიმ გაიხსენა ომის პირველი დღე, დილის ოთხი საათი, როცა უკრაინაში ყველა საჰაერო თავდასხმების ხმამ გააღვიძა, "მას შემდეგ არავის გვძინავს", — უთხრა მან თემთა პალატას და აღნიშნა, რომ უკრაინა იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის, სწორედ ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ ბრიტანელები.

მას არ დავიწყებია ყოფილიყო კრიტიკული არასაფრენი ზონის დაწესებასთან დაკავშირებით ქვეყნების პოზიციების გამო, მადლიერებაც გამოხატა აქამდე გაწეული დახმარებისთვის, თუმცა ბრიტანეთს სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ამ დახმარებისთვის და ძალიან მადლობელი ვარ შენი, ბორის. გთხოვ, გააძლიერე რუსეთზე სანქციების ზეწოლა, გთხოვ, აღიარეთ ეს ქვეყანა, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და გთხოვ, დარწმუნდი, რომ უკრაინის ცა უსაფრთხოდაა. გთხოვ, დარწმუნდი, რომ აკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა და რასაც თქვენი ქვეყნის სიდიადე განაპირობებს. დიდება უკრაინას, დიდება გაერთიანებულ სამეფოს".

ზელენსკის სიტყვას ისტორიული უწოდა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმაც, რომელმაც მხარდაჭერისთვის პრეზიდენტისგან პირადი მადლობაც მიიღო. ჯონსონმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის საუკუნეების განმავლობაში თემთა პალატას მსგავსი გამოსვლა არასდროს მოუსმენია.

"ევროპის დიდებულ დედაქალაქში, ახლა რუსული იარაღების ქვეშ, პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მტკიცედ დგას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. მე მჯერა, რომ მან დღეს აქ ყველას გული ააჩუყა".

კანადა

წარმოიდგინეთ, ტორონტო რომ კიევი ყოფილიყო.

კანადის პარლამენტშიც უკრაინის პრეზიდენტს ოვაციებით შეხვდნენ და გააცილეს. ბოლო ტაში 3 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა — დეპუტატები ფეხზე იდგნენ და ასე გამოხატავდნენ მხარდაჭერას ზელენსკის სიტყვების მიმართ. მან კანონმდებლებს სთხოვა, წარმოედგინათ, რა იქნებოდა, ტორონტო რომ კიევი ყოფილიყო.

ფოტო: NYT / Adrian Wyld

მან ქვეყნის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს რამდენჯერმე მიმართა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა წარმოედგინა დაბომბილი ვანკუვერი, ტორონტო ან კანადის ტელეანძა, დილის 4 საათი და აფეთქებების ხმა.

"ეს ჩვენი რეალობაა", — შეახსენა პარტნიორებს ზელენსკიმ.

მორიგ ემოციურ გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს უფრო მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა, მათ შორის, მისი სიტყვა ეხებოდა არასაფრენი ზონის დაწესების მხარდაჭერასა და სანქციების გამკაცრებას.

ფოტო: President of Ukraine

"ჩვენ მეგობრები ვართ, ჯასტინ. მაგრამ მე ასევე მინდა გაიგო და მინდა იგრძნო, რას ვგრძნობთ ყოველ დღე. ჩვენ გვინდა ვიცოცხლოთ და გვინდა გამარჯვებულები ვიყოთ".

აშშ

ბრიტანეთისა და კანადის კანონმდებლების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის კონგრესმენებს შეახსენა რისთვის იბრძვის უკრაინა და ხაზი გაუსვა იმ ერთიანობის მნიშვნელობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასე საჭირო არასდროს ყოფილა.

ზელენსკის გამოჩენას, როგორც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ოვაციებით შეხვდნენ — ისინი ფეხზე წამოუდგნენ ლიდერს, რომელმაც მსოფლიო რუსული ტირანიის წინააღმდეგ გააერთიანა.

ახლა თითქმის 45 წლის ვარ და დღეს ჩემი ასაკი მაშინ შეწყდა, როცა 100-ზე მეტი ბავშვის გულისცემა შეწყდა

პრეზიდენტმა თავისი სიტყვა უკრაინელების სიმამაცეზე ხაზგასმით დაიწყო და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, უკრაინა ყოველდღე წარმოუდგენელი რუსული სისასტიკის მსხვერპლია, დანებებაზე ერთი წამითაც არ უფიქრიათ.

"ამაყი ვარ, მოგესალმოთ უკრაინიდან, ჩვენი დედაქალაქი კიევიდან. ქალაქი, რომელიც რუსეთის მხრიდან ყოველდღე სარაკეტო თავდასხმების ქვეშაა, მაგრამ არ ნებდება და ამაზე ერთი წამითაც კი არ გვიფიქრია", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ახლა უკრაინისა და უკრაინელების ბედი წყდება — იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები? შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატიას?

ფოტო: J. Scott Applewhite / Getty

ომის ცხელ წერტილში მყოფმა ზელენსკიმ, კონგრესმენებს დიდი ეკრანიდან სთხოვა, რომ პერლ ჰარბორი და 11 სექტემბერი გაეხსენებინათ, როცა ამერიკის ცა თავდასხმების შედეგად გაშავდა და როცა ტერორისტებმა ქალაქების ბრძოლის ველად გადაქცევა სცადეს.

"ჩვენი ქვეყანა ამას განიცდის ყოველ დღე", — თქვა მან.

მან კონგრესმენებს მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებიც გაახსენა — სიტყვები ოცნებასა და თავისუფლებაზე. ის, რაც ყოველი ამერიკელისთვის ნაცნობია და ის, რაც დღეს უკრაინასაც შეესაბამება, მხოლოდ სხვა ფორმით.

მე მაქვს საჭიროება. მე მჭირდება, რომ დავიცვა ჩვენი ცა, მჭირდება თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი დახამრება.

არ დავიწყებია მადლობა გადაეხადა პარტნიორი ქვეყნისთვის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ აშშ-მ მეტი უნდა გააკეთოს, რათა რუსული ომი და აგრესია, რაც ათასობით ადამიანს უკვე შეეხო, საბოლოოდ შეწყდეს, დაისაჯოს ყველა, ვინც ამას ხელი შეუწყო და ახლაც უწყობს.

ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის თავზე ცის დაკეტვის შესახებაც — მისი თქმით, ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია არ უნახავს, უნდა დასრულდეს და ამის საშუალებას სწორედ არასაფრენი ზონის დაწესება იძლევა.

ფოტო: President of Ukraine

"ბევრს ვითხოვთ? შექმენით არა-საფრენი ზონა უკრაინის თავზე, ბევრია ამის მოთხოვნა? არასაფრენი ზონა, რითაც რუსეთს აღარ შეეძლება ჩვენი ქალაქების დატერორება. თუ ეს ძალიან ბევრია, მაშინ გთავაზობთ ალტერნატივას — იცით, როგორი თავდაცვის სისტემებიც გვჭირდება", — აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკიმ კონგრესმენებს აჩვენა, როგორ ცხოვრობდა უკრაინა პუტინის ომამდე და გაუშვა ვიდეო, სადაც ოკუპანტების მიერ განადგურებული დასახლებები ჩანს.

ვიდეოს ბოლოს ეწერა: "დახურეთ ცა უკრაინის თავზე".

დასასრულს მან ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს მიმართა და უთხრა, რომ ისურვებდა ის მსოფლიო ლიდერი იყოს. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერი ნიშნავს, იყო ლიდერი მშვიდობის.

ისრაელი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტსაც მიმართა. უკრაინელებისა და ებრაელების სიახლოვეზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მათი ისტორიები ყოველთვის გადაჯაჭვული იყო. გოლდა მეირის სიტყვებიც შეახსენა და თქვა, რომ ის არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ყველა ებრაელისა თუ რუსისთვისაა კარგად ნაცნობი.

ჩვენ გვინდა ცოცხლად დავრჩეთ. ჩვენს მეზობლებს უნდათ, რომ მკვდრები გვიხილონ. ეს არ არის შეკითხვა, რომელიც კომპრომისისთვის დიდ ადგილს ტოვებს.

მან რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და მეორე მსოფლიო ომს შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ ეს შეჭრა არა "სამხედრო ოპერაცია", არამედ ფართომასშტაბიანი ომია, რომელმაც ათასობით ადამიანის ცხოვრება გაანადგურა.

ზელენსკიმ რუსეთის ქმედებები უკრაინელების მიმართ, ებრაელების წინააღმდეგ ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა და აღნიშნა, რომ ათიათასობით უკრაინელი ახლა სხვა ქვეყნებში ეძებს უსაფრთხოებას, ისევე, როგორც ადრე ებრაელები. უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელის პარლამენტს მოუწოდა, მოესმინათ კრემლის სიტყვებისთვის, რომელიც იმეორებს ნაცისტური გერმანიის ტერმინოლოგიას.

ფოტო: Time of Israel

"მეორე მსოფლიო ომის დროს ამას ერქვა ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, ახლა კი კრემლი ამას ეძახის უკრაინის საკითხის საბოლოო გადაწყვეტას. ისრაელის ხალხო, თქვენ ნახეთ, რომ რუსული რაკეტები ჩამოვარდა ბაბინ იარში, სადაც დასაფლავებულია ჰოლოკოსტის 100 000-ზე მეტი მსხვერპლი. პირველივე დღეს რუსული ბომბები მოხვდა ქალაქ უმანს, რომელსაც ათიათასობით ებრაელი სტუმრობს ყოველწლიურად", — განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ ყველა მისი სიტყვა დეპუტატებს გულზე მტკივნეულად ხვდებათ, თუმცა აქვე სვამს კითხვას, ამ დრომდე რატომ სთხოვს უკრაინა ყველა ქვეყანას დახმარებას?

რა არის ეს? გულგრილობა? წინასწარგანზრახვა? თუ შუამავლობა მხარის არჩევის გარეშე? ამ კითხვაზე პასუხის არჩევანს თქვენ დაგიტოვებთ და მხოლოდ ერთ რამეს დავამატებ — გულგრილობა კლავს. წინასწარგანსაზღვა ხშირად მცდარია, ხოლო შუამავლობა შესაძლებელია სახელმწიფოებს შორის, არა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ზელენსკიმ ისრაელს დახმარება კიდევ ერთხელ სთხოვა და აღნიშნა ძლიერი ანტისარაკეტო სისტემის შესახებ, რომლითაც მათ უკრაინის დაცვა შეუძლიათ. მისი თქმით, ადრე უკრაინელებმა ისინი გადაარჩინეს, ახლა კი ისრაელზეა არჩევანი, გადაარჩენენ თუ არა უკრაინელ ხალხს.

"ყველამ იცით, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი ანტისარაკეტო სისტემა, თქვენი იარაღი ძლიერია, თქვენ შეგიძლია დაიცვათ თქვენი ხალხის ინტერესები და შეგიძლიათ დღეს დაიცვათ უკრაინელი ებრაელები. შეიძლება დიდი ხანი ვიკითხოთ, რატომ არ მოგვეცით ამ დრომდე იარაღი, ან რატომ არ მიიღეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? მაგრამ ეს იქნება თქვენი არჩევანი, ახლა თქვენ გაქვთ არჩევანი", — თქვა მან.

იტალია

იტალიის პარლამენტში საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონმდებლებს შეახსენა, რომ უკრაინა რუსეთისთვის ევროპისკენ გზაა და რუსული ომი ყველასთვის საფრთხეა. მან იტალიას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სრული ემბარგოს და ოლიგარქების აქტივების დაბლოკვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დაგვიანების ფასი ასობით ბავშვის შეწირული სიცოცხლეა.

"ძვირფასო იტალიელებო! როდესაც ერთი კვირის წინ სიტყვით გამოვედი მიტინგზე ფლორენციაში და ევროპის ათეულობით სხვა ქალაქში, ვთხოვე ყველა ევროპელს დაემახსოვრებინათ რიცხვი 79. იმ დროს უკრაინაში ამდენი ბავშვი იყო დაღუპული. ახლა — 117. კიდევ 38 ბავშვი ამ დროში. ასეთია დაგვიანების ფასი. რუსეთზე ზეწოლის დაგვიანების, რომ შეწყვიტოს სასტიკი ომი", — განაცხადა ზელენსკიმ.

ფოტო: ROBERTO MONALDO/PRESS POOL

მან იტალიელებს, ასევე, მოუწოდა, რომ არ იყვნენ მკვლელებისთვი კურორტი და არ მისცენ იმ ადამიანებს იტალიაში დასვენების საშუალება, რომლებიც ომს მხარდაჭერას უცხადებენ.

"თქვენ იცნობთ მათ, ვინც ომი მოუტანა უკრაინას. თქვენ კარგად იცნობთ მათ, ვინც ბრძანებს ბრძოლას და მათ, ვინც ამის პროპაგანდას ახდენს. თითქმის ყველა მათგანი იყენებს იტალიას დასასვენებელ ადგილად. ასე რომ, ნუ იქნებით მკვლელების კურორტი", — თქვა მან.

სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კიევს უკრაინელებისთვის ზუსტად ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც რომს იტალიელებისთვის და ორივე ქალაქი ახლა მშვიდობიან ცხოვრებას იმსახურებს.

"მარიუპოლი მთლიანად განადგურებულია — ქალაქში ნახევარი მილიონი ადამიანი იყო, დაახლოებით იმდენი, რამდენიც გენუაში. წარმოიდგინეთ დანგრეული გენუა, სადაც ხალხი მანქანით ან ფეხით გაქცევას ცდილობს".

გერმანია

მიეცით გერმანიას ლიდერობა, რომელსაც იმსახურებთ.

სხვებისგან განსხვავებით, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკი კრიტიკული იყო. მან გერმანიას მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა, თუმცა უკრაინაში რუსეთის ომზე ქვეყნის გამოხმაურება დაგმო — დეპუტატებს უთხრა, რომ რუსეთი დღეს ახალი ტიპის ბერლინის კედელს აშენებს, რომელიც ევროპას თავისუფლებასა და ჩაგვრას შორის გაყოფს, გერმანია კი დახმარებას აგვიანებს.

ფოტო: Tobias Schwarz/AFP via Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის საყვედური გერმანულ ბიზნესებსაც შეეხო, მათ, ვინც ომის დაწყების მიუხედავად, რუსეთის ბაზარს არ ტოვებს. ზელენსკის თქმით, ევროკავშირში უკრაინის შესვლის პროცესის შენელებით, გერმანია ევროპაში ახალი კედლის აშენების თანამონაწილე ხდება.

მან ყურადღება გაამახვილა Nord Stream 2-ზეც, ხაზი გაუსვა, რომ გაზსადენი იყო იარაღი რუსეთის ხელში და მიუხედავად უკრაინის გაფრთხილებისა, გერმანია ყოველთვის ეკონომიკაზე აკეთებდა არჩევანს.

"როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეს იარაღია, ეს მზადებაა ომისთვის, პასუხად გვესმოდა მხოლოდ: ეკონომიკა, ეკონომიკა, ეკონომიკა... ეს იყო ცემენტი ახალი კედლისთვის. როცა ჩვენ ვკითხულობდით, რა უნდა გააკეთოს უკრაინამ, რომ გახდეს ნატოს წევრი, რომ იყოს უსაფრთხოდ, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მაგიდაზე ჯერ არ არის".

ზელენსკიმ გააკრიტიკა კანცლერი ოლაფ შოლციც. უკრაინის პრეზიდენტმა კანცლერს უსაყვედურა, რომ სხვა ქვეყნები უკრაინასთან უფრო ახლოს იყვნენ. "ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი", — მან რონალდ რეიგანის ამ ცნობილ სიტყვებთანაც გაავლო პარალელი და შოლცს კედლის დანგრევისკენ მოუწოდა.

ძვირფასო შოლც, დაანგრიე ეს კედელი!

"რატომ აღმოჩნდა, რომ ოკეანის გაღმა ქვეყნები ჩვენთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე თქვენ? იმიტომ, რომ ეს არის კედელი, რომელსაც ვიღაც ვერ ამჩნევს, მაგრამ რომელსაც ვეჯახებით ჩვენ მაშინ, როცა ვიბრძვით ჩვენი ხალხის გადასარჩენად", — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი კრიტიკული გამოსვლის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტს ბუნდესტაგშიც ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით გააცილეს.

იაპონია

ზელენსკის გამოსვლა იაპონიის პარლამენტშიც ჰქონდა, სადაც მან 2011 წელს მომხდარი ბირთვული კატასტროფა გაიხსენა, რათა კანონმდებლები დაერწმუნებინა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდა ახლა, როცა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით რუსეთის არაერთი მუქარა ისმის, მნიშვნელოვანია.

ის შეეხო იაპონიაში მომხდარ კიდევ ერთ ტრაგედიას, როცა 1995 წელს სექტის წევრებმა, ტოკიოს მეტროში მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გააფრქვიეს, რამაც 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 ათასამდე პირი კი მოწამლა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღები გამოიყენოს.

ფოტო: Pool photo by Behrouz Mehri

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა იაპონიას, რომ აზიაში პირველები იყვნენ, ვინც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობა მიიღო.

"თქვენ პირველი იყავით აზიაში, ვინც რეალურად დაიწყო ზეწოლა რუსეთზე. ვინც მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მე მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ეს", — თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიას რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგოს დაწესება და სანქციების გამკაცრებაც სთხოვა.

საფრანგეთი

ჩვენ აღარ ვართ მარჯვნივ თუ მარცხნივ, ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ აღარ ვართ უმცირესობა და უმრავლესობა, ჩვენ ყველა ვიბრძვით მშვიდობისთვის.

ზელენსკი საფრანგეთის პარლამენტსაც ჩაერთო და გააკრიტიკა ფრანგული კომპანიები, რომლებიც რუსეთში კვლავ მუშაობენ. მან ბიზნესებს მოუწოდა, რომ რუსული საომარი მანქანების სპონსორობა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის დაფინანსება შეწყვიტონ.

მიმართვაში გაიხსენა ქალაქი ვერდენიც, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიისა და საფრანგეთის ჯარებს შორის სამხედრო ოპერაციის ცხელ წერტილს წარმოადგენდა და დღეს განადგურებულ მარიუპოლს შეადარა.

"რუსეთის შემოჭრიდან რამდენიმე კვირაში მარიუპოლი და სხვა უკრაინული ქალაქები ახლა ვერდენის ნანგრევებს ჰგავს, მას შემდეგ, რაც პირველ მსოფლიო ომისას იქ ბრძოლა გაიმართა. ვფიქრობ, ყველა თქვენგანისთვის კარგად ნაცნობია ეს სურათი. რუსული ძალები არ ასხვავებენ სამიზნეებს — ისინი მომბავენ საცხოვრებელ დასახლებებს, საავადმყოფოებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს", — თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რაც ამ პერიოდში გამოიჩინა — "უკრაინელები ხედავენ, რომ საფრანგეთსაც სწყურია სიმართლე და მისი დაცვა უნდა", — უთხრა დეპუტატებს ზელენსკიმ, თუმცა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა დახმარების გაზრდის აუცილებლობასაც.

"თქვენ იცით, რაც ხდება უკრაინაში და იცით, ვინ არის დამნაშავე. ისინიც კი, ვინც მიწაში თავების დამალვას ამჯობინებენ და უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან ფულის გაკეთებას ცდილობენ, ვერ უარყოფენ იმას, რაც ხდება. მე თქვენ მოგმართავთ, მინდა კითხვა დაგისვათ — როგორ შევაჩეროთ ეს ომი? ძირითადი პასუხები თქვენს ხელშია".

სხვების მსგავსად, არც საფრანგეთის პარლამენტი ყოფილა გამონაკლისი. ამ შემთხვევაშიც, უკრაინის პრეზიდენტი ტაშით გააცილეს.

შვედეთი

ომის 29-ე დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვიდეო მიმართვა ჰქონდა შვედეთის პრლამენტში — ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ შვედეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინის გვერდით დადგა და ამისთვის მადლობა გადაიხადა.

"თქვენი მხარდაჭერა სრულიად გულწრფელია. ის დაფუძნებულია ღირებულებებზე, ჩვენს თავისუფლების სიყვარულზე, იმაზე, რასაც ჩვენი ლურჯი და ყვითელი ეროვნული ფერები გამოხატავს. მთელმა მსოფლიომ იცის, რისკენ ისწრაფვის შვედეთი. ამ ომის ერთი თვის განმავლობაში მთელმა მსოფლიომ დაინახა, რისკენ ისწრაფვის უკრაინა. ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ომის საწინააღმდეგო კოალიციაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმა მშვიდობა ეძიოს".

ფოტო: ninalundstrom / twitter

ზელენსკიმ ყველას შეახსენა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და სრულიად ევროპის თავისუფლებას გაანადგურებს, რაც ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის ფუნდამენტური გამოწვევაა.

"უკრაინას რომ წინააღმდეგობა არ გაეწია, რომ არ შეძლებოდა საკუთარი თავის დაცვა, ჩვენი თანამედროვე ღირებულებები, ყველაფერი, რასაც ნებისმიერი სახელმწიფოს თავიუსფალი ადამიანები აფასებენ, დაიკარგებოდა. ეს იქნებოდა ნიშანი იმისა, რომ რუსეთის არცერთი მეზობელი არ არის უსაფრთხოდ, რომ თქვენ არ ხართ უსაფრთხოდ, რადგან მხოლოდ ზღვა გყოფთ ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

მან დეპუტატებს, ასევე, სთხოვა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებისთვის მიექციათ ყურადღება და შეახსენა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, ყირიმის ანექსიის დღიდან, რუსეთი იტაცებს ბავშვებს, მოქალაქეებს სახლების დატოვებას აიძულებს, ანადგურებს საცხოვრებელ კორპუსებს და მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს.

მაშინ, როცა მსოფლიო ზელენსკის სუნთქვაშეკრული უსმენს, საქართველოს პარლამენტი მზად არ აღმოჩნდა ჩვენი ტრიბუნა უკრაინის პრეზიდენტისთვის დაეთმო.

ომის დაწყებიდან უკვე ერთი თვე გავიდა და უკრაინის პრეზიდენტი შეკრული წარბებით, დაღლილობისგან გაფართოებული თვალებით, მაგრამ საკუთარი ერის სიმამაცით ამაყი, მხრებში გამართული, დიდი ეკრანებიდან თვალს უსწორებს მთელ მსოფლიოს და ისევ დახმარებას ითხოვს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში