მძლავრი რადიოტელესკოპის მეშვეობით ასტრონომებმა კოსმოსში დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც იდეალური სიმრგვალით გამოირჩევა. ეს აფეთქებული ვარსკვლავის მიერ გაფრქვეული, გაფართოების პროცესში არსებული მატერიაა, უფრო ზუსტად კი — მნათობის ნარჩენი. მისი ფორმირება მეცნიერებისთვის თავსატეხი აღმოჩნდა.

მათ ამ ობიექტს ტელეიოსი დაარქვეს, რაც ბერძნულად "სრულყოფილებას" ნიშნავს. ის უჩვეულო რადიორგოლებს ჰგავს, მაგრამ მათ კატეგორიას არ მიეკუთვნება და სხვაგვარი წარმომავლობა აქვს. ამის დადგენას ზუსტი დისტანციის განსაზღვრა ართულებს. ტელეიოსი მხოლოდ რადიოტალღებს ასხივებს, თანაც სუსტად. აქედან ასკვნიან, რომ, სავარაუდოდ, საქმე Ia ტიპის ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენთან უნდა გვქონდეს. ის მაშინ ფორმირდება, როცა თეთრი ჯუჯა მეზობელი მნათობისგან დიდ მასას იზიდავს და ამის გამო ფეთქდება.

მეცნიერებმა ამ იდეალურად მრგვალ სფერომდე არსებული მანძილის გამოთვლისას დაადგინეს, რომ ის ან 7.175 სინათლის წლითაა დაშორებული, ან — 25,114 სინათლის წლით. ორივე მათგანი ობიექტის ევოლუციის განსხვავებულ სცენარებს უკავშირდება. მაგალითად, ახლო დისტანცია ნიშნავს, რომ ტელეიოსი 46 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული, ხოლო თუ უფრო შორსაა — 157 სინათლის წელზე ვრცელდება.

ფოტო: Filipović et al.

ვინაიდან ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი მატერიის გაფართოებადი ღრუბლისგან შედგება, ეს ორივე ზომა მის სხვადასხვა ასაკს შეესაბამება. პირველის მიხედვით, ტელეიოსი 1000 წელზე ნაკლები ხნის წინ წარმოიქმნა, მეორის თანახმად კი მის ფორმირებას 10 000 წელზე მეტი უნდა დასჭირვებოდა.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ Ia ტიპის ზეახალი, წესით, რენტგენულ სხივებსაც უნდა გამოყოფდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არაა. შესაბამისად, განიხილავენ იმ ვარაუდსაც, რომ ტელეიოსი Iax ტიპის ზეახალია, ანუ თეთრი ჯუჯა ბოლომდე განადგურებული არაა და მისი "ზომბი" ნარჩენი ჯერ კიდევ არსებობს. ამგვარი ახსნა ობიექტის ემისიურ მახასიათებლებს თითქმის შეესაბამება, მაგრამ ის 3263 სინათლის წლის დისტანციაზე უნდა იყოს და 11 სინათლის წელზე ვრცელდებოდეს. ასეთი სიახლოვე დამოუკიდებელი გამოთვლებით არ დასტურდება.

საინტერესოა მისი სიმეტრიაც, რადგან ასეთი ნარჩენები, ჩვეულებრივ, არათანაბარი ფორმისაა. ამის მიზეზი მატერიის გარემომცველ აირთან ან მტვერთან შეჯახება და გაფართოებისას ფრაგმენტაციაა, ან თავად აფეთქების ასიმეტრიულობა. თუ მიმდებარე სივრცეში მატერიას ხელს არაფერი უშლის, მისი სიმეტრიულად გავრცელებაც შესაძლებელია.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ უჩვეულო ობიექტის შესახებ მეტის გასაგებად სხვა კვლევებიცაა საჭირო. მათი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.