ჰომო ერექტუსი ზღვის ფსკერიდან — მეცნიერებმა გადაშენებული ადამიანის ძვლებს მიაგნეს

ფოტო: Quartenary Environments and Humans
ინდონეზიის კუნძულ იავას სანაპიროს მახლობლად ქვიშის ამოღებისას 6000-ზე მეტი ძვალი აღმოაჩინეს. მათ შორისაა თავის ქალის ორი ფრაგმენტი, რომლებიც ადრეულ ადამიანს, ჰომო ერექტუსს ეკუთვნის.
ეს სახეობა ცხოვრობდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ზღვის ფსკერზეა მოქცეული. უკანასკნელი მიგნება ეწინააღმდეგება აზრს, რომ, თითქოს, ადრეული ჰომო ერექტუსები ინდონეზიის კუნძულებზე იზოლირებულად იყვნენ. სინამდვილეში, მათ შორის დამაკავშირებელი მშრალი არეალები არსებობდა.
გამყინვარების პერიოდების პიკის დროს ინდონეზიისა და ავსტრალიის კუნძულები ერთმანეთს ხმელეთის სამი დიდი მასის მეშვეობით უკავშირდებოდა და მხოლოდ რამდენიმე ღრმა სრუტით იმიჯნებოდა. სწორედ ამით აიხსნება ცხოველებისა და მცენარეების მსგავსება იმ კუნძულებზე, რომლებიც აზიის კონტინენტს სუნდალენდის რეგიონით უერთდებოდა. ეს ბიომრავალფეროვნება მკვეთრად განსხვავდება იმ კუნძულებისგან, რომლებსაც ავსტრალიასთან ჰქონდა კავშირი.
მადურის სრუტე, რომელიც იავასა და მადურას შორისაა, გამყინვარების ყველაზე ცივ პერიოდებში სუნდალენდის ნაწილი რამდენჯერმე გახდა. შესაბამისად, ქვიშის ამოღებისას აღმოჩენილი ძვლები იმდროინდელ ცხოველებსაც მოიცავდა. მათსა და ჰომო ერექტუსის ნამარხებს იმ ადგილზე მიაგნეს, სადაც მდინარე სოლო მიედინებოდა. გამყინვარების დროს იქ წყლის დონე დაახლოებით 100 მეტრით დაბალი იყო. მდინარემ იავას მაღლობებიდან ჩამოტანილი ნალექი და ქვიშა თან გაიყოლა, ამის შედეგად კი ძვლები ნამარხებად იქცა.
ამ ტერიტორიაზე 36 სახეობის ნაშთებია აღმოჩენილი. მათ შორის არის ჰომო ერექტუსის 11 თავის ქალა, რომლებიც სხვადასხვა პერიოდიდანაა. აქვე აღმოჩნდა იავაზე ყველაზე გვიან დასახლებული ერექტუსის ჩონჩხის ნაწილი, რომელიც დაახლოებით 112 000 წლის წინანდელია.
ძველი მდინარის შესართავი ადრეული ადამიანებისთვის იდეალური ადგილი იქნებოდა. იქ მათ წყალი, ნიჟარები, თევზი, მცენარეები, თესლები და ხილი მოეპოვებოდათ, თანაც მთელი წლის განმავლობაში. ასევე, ძროხისებრი ცხოველების ძვლებზე არსებული დაზიანებები მიანიშნებს, რომ ჰომო ერექტუსი ნადირობდა და ძვლის ტვინს იღებდა.
ახლახან მიკვლეული თავის ქალის ფრაგმენტები დაახლოებით 140 000 წლისაა. ესაა პერიოდი, როცა ამ რეგიონში ჰომო ერექტუსი ადამიანის ერთადერთი სახეობა არ იყო. კუნძულ ფლორესზე "ჰობიტები" (Homo floresiensis) ცხოვრობდნენ, ხოლო დენისოველები — თანამედროვე ადამიანთან უფრო ახლოს მდგომი სახეობა — შესაძლოა, მათთან ჯვარდებოდნენ კიდეც.
მეცნიერების თქმით, ძროხისებრი ცხოველების ძვლებზე დატოვებული ნადირობის ნიშნები საინტერესოა, რადგან კუნძულზე დასახლებულ ადრეულ ჰომო ერექტუსებში ეს პრაქტიკა ჯერ არ იყო. ის აზიის კონტინენტზე მოგვიანებით გავრცელდა და, შესაძლოა, მათ თანამედროვე ჰომო ერექტუსებს იქიდან გადაეღოთ. ეს სხვადასხვა პოპულაციას შორის სავარაუდო კავშირზე მიუთითებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Quaternary Environments and Humans გამოქვეყნდა.
კომენტარები