შესაძლოა, ენერგეტიკული სასმელი კიბოს კვებავდეს — მეცნიერების გაფრთხილება

ფოტო: wikipedia.org
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ტაურინი გარკვეული ტიპის სისხლის კიბოების, მათ შორის აგრესიული ლეიკემიის, განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ტაურინი არის ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი თვითონაც აწარმოებს და იგი ასევე გვხვდება ხორცსა და თევზში.
მეცნიერებმა, როჩესტერის უნივერსიტეტის უილმოტის კიბოს ინსტიტუტიდან, თაგვებისა და ადამიანების კიბოს უჯრედებში ლეიკემიის განვითარება შეაჩერეს. მკვლევრებმა ტაურინის კიბოს უჯრედებში მოხვედრა დაბლოკეს და ამით კიბოს არსებობისთვის აუცილებელი რესურსი წაართვეს.
ტაურინი ხშირად გვხვდება ისეთ ენერგეტიკულ სასმელებში, როგორებიცაა Red Bull, Monster და Rockstar, ასევე ვარჯიშის დანამატებსა და ზოგიერთ ცილოვან ფხვნილში. იგი ასევე ბუნებრივად გვხვდება ხორცში, თევზსა და კვერცხში.
კვლევას ხელმძღვანელობს დოქტორი ჯივიშა ბაჯაჯი, უილმოტის კიბოს კვლევის პროგრამის წევრი. მისი თქმით ლეიკემიის უჯრედები თავად ვერ აწარმოებენ ტაურინს, ამიტომ მას ძვლის ტვინიდან იღებენ, სადაც ისინი თავდაპირველად ჩნდებიან. ტაურინის უჯრედში შეყვანას სპეციალური ცილა უზრუნველყოფს, რომელიც SLC6A6 გენით იწარმოება.
"აღფრთოვანებული ვართ ამ კვლევებით, რადგან ისინი აჩვენებს, რომ ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის უჯრედებში ტაურინის მიწოდების შეჩერება, შეიძლება ამ აგრესიული დაავადებების სამკურნალო ახალი გზა გახდეს", — განაცხადა ბაჯაჯმა.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ტაურინი ხელს უწყობს გლიკოლიზის პროცესს, რა დროსაც გლუკოზა იშლება და ენერგია წარმოიქმნება. ეს ენერგია ლეიკემიას ზრდაში ეხმარება.
კვლევის ავტორების თქმით, ტაურინის მაღალი დოზით მიღებამ, მაგალითად ენერგეტიკული სასმელებით ან დანამატებით, შესაძლოა ლეიკემიის ზრდის პროცესი დააჩქაროს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე.
"ტაურინი ფართოდ გამოიყენება ენერგეტიკულ სასმელებში და ხშირად ინიშნება ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებელ პრეპარატად. ამის მიუხედავად, ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ მიზანშეწონილია სიფრთხილის გამოჩენა მისი შემცველი დანამატების მიღებისას, განსაკუთრებით ლეიკემიის მქონე პაციენტებში", — აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
მკვლევრები გეგმავენ მკურნალობის ისეთი მეთოდების შემუშავებას, რომლებიც კიბოს უჯრედებში ტაურინის შეღწევას დაბლოკავს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება გახდეს ლეიკემიის მკურნალობის ახალი მეთოდი.
კომენტარები