რატომ უნდა დადოს აშშ-მ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება — ბროკ ბირმანი
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპის და ევრაზიის ბიუროს ყოფილი ასისტენტ-ადმინისტრატორი, ბროკ ბირმანი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოსა და ამერიკას შორის ეკონომიკური კავშირების გამყარების აუცილებლობაზე წერს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის ყურადღება ევროპის უსაფრთხოების მყისიერ საჭიროებებზე მიაპყრო — იქნება ეს ნატოს საზღვრებზე ჯარების ყოფნის გაძლიერება თუ უკრაინის სამხედროების პირდაპირი მხარდაჭერა. თუმცა აშშ-მ უნდა გაითავისოს, რომ პუტინის საბოლოო მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის პერიფერიებზე მყოფ ქვეყნებს, აყვავებულ დემოკრატიებად და პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ.
ფაქტია, რომ თუ ისეთ ქვეყნებში, როგორიც უკრაინა, მოლდოვა და საქართველოა, დემოკრატია სულ უფრო განვითარდება, უფრო და უფრო მეტი რუსი მოითხოვს იმავეს საკუთარ ქვეყანაში, რაც პუტინის ავტორიტარულ რეჟიმზე ზეწოლას ნიშნავს. მაშასადამე, სამხედრო მხარდაჭერა არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების დახმარება შეუძლია.
ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა ეკონომიკური ინსტრუმენტები გვაქვს იმისათვის, რომ ეკონომიკურ მდგრადობა და ამერიკული კავშირები გავაძლიეროთ საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებში — განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ამჟამად ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
მე ახლა საქართველოში ვიმყოფები როგორც გერმანიის მარშალის ფონდის მოწვეული თანამშრომელი. ქართველები უკრაინის მხარდასაჭერ აქციებს ყოველ საღამოს აწყობენ და მეორე დღეს უკრაინაში გასაგზავნი მარაგებიც მიაქვთ.
ქართველების უმრავლესობა დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციის მომხრეა. ყველა ქართველი, ვისაც კი ვესაუბრე, ამ აზრზეა. მაგრამ უკრაინაში არსებული კრიზისის გათვალისწინებით, სწორედ ახლა არის ზუსტი დრო, რომ აშშ-მ ისეთი კონკრეტული ნაბიჯი გადადგას, რომელიც საქართველოს უფრო ძლიერი ეკონომიკის აშენებაში დაეხმარება. მე ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) გაფორმებაზე ვსაუბრობ.
FTA არის სამართლებრივი შეთანხმება, რომლის მიზანიც ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის ბიზნესშესაძლებლობების გაფართოებაა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, როგორც წესი, მოკავშირე ქვეყნების მიერ ექსპორტსა და იმპორტზე დაწესებული გადასახადების შემცირებაზეა ფოკუსირებული. ის ასევე მოიცავს ურთიერთშეთანხმებულ წესებს ინვესტიციების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ორმხრივი FTA ხელშეკრულებები (როცა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის იდება), შედარებით მარტივი გასაფორმებელია და მათი მიღება შეიძლება სწრაფად გადაწყდეს. საქართველოს შემთხვევაში FTA ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სწრაფი ზომების მიღების თვალსაზრისით მარტივი გამოსავალი იქნებოდა. თანაც მას მყისიერი და გრძელვადიანი გავლენა ექნება საქართველოზე.
ეჭვგარეშეა, რომ, საქართველოზე მყისიერ ეკონომიკურ გავლენასთან ერთად, FTA-ს ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიასა და ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებზეც გრძელვადიანი სარგებელი ექნება. ეს შეთანხმება ქართული ლარის ღირებულებას ერთ ღამეში გაზრდიდა, ხელს შეუწყობდა კერძო სექტორის ინვესტიციებს და დემონსტრაციულად შეეწინააღმდეგებოდა იმ რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს შეერთებული შტატები რეგიონში ინტერესების არმქონე და არასანდო პარტნიორია. შეთანხმება ასევე გააძლიერებდა რეგიონში საქართველოს ლიდერის სტატუსს, რასაც გვერდითი სარგებელი მოჰყვება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ ამ შეთანხმების პოტენციალი საკმაოდ დიდია. მისი თქმით, "საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მყისიერად გაზრდის აშშ-ის რბილ ძალას საქართველოს საზღვრებს მიღმა, თავიდან აიცილებს მზარდ დაძაბულობას [სამხრეთ კავკასიაში], განავითარებს ეკონომიკურ მდგრადობას, კეთილდღეობასა და ორმხრივ ვაჭრობას. ისტორიამ დაამტკიცა ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის ეფექტიანობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ორივე ქვეყნისთვის დადებითი ეფექტი ექნება".
მისივე განცხადებით, ეს აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები უკან არ იხევს.
თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება აშშ-ის მხრიდან მცირე საჩუქარი იქნება, მაგრამ ის იმ ინვესტიციებს გაამრავლებს, რომლებსაც საქართველოში უკვე ვახორციელებთ. ეკონომიკური განვითარების კუთხით, USAID საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია, რომელმაც მრავალფეროვანი პროგრამებისთვის 1992 წლიდან დღემდე თითქმის 1,8 მილიარდი დოლარი გაიღო. ქართველი ლიდერები, რომლებთანაც ვისაუბრე, ფიქრობენ, რომ FTA საქართველოში USAID-ის მიმდინარე ინვესტიციების ეფექტებს გააოთხმაგებს.
თავის მხრივ, ამერიკული კომპანიებიც ისარგებლებენ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. ერთ-ერთი გლობალური გაკვეთილი, რომელიც COVID-19-ის პანდემიისგან მივიღეთ, ისაა, თუ რამდენად დაუცველია გლობალური მიწოდების ჯაჭვები კრიზისის დროს. შესაბამისად, ამერიკული კომპანიების ინტერესშია მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც მათ პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გატანაში დაეხმარება. საქართველო, მოქნილი შრომის კოდექსით, კონკურენტუნარიანი საოპერაციო ხარჯებითა და უცხოური ინვესტიციებისთვის მისაღები გარემოთი, მიწოდების ჯაჭვებში ინვესტირებისთვის მიმზიდველი პარტნიორია.
აშშ-მ პუტინთან დაპირისპირებისას არა მხოლოდ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხზე უნდა იფიქროს, არამედ — ეკონომიკური პოლიტიკაზეც. იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ამჟამად რუსეთის ზეწოლას განიცდიან, საქართველო აშშ-ისთვის მარტივად ხელმისაწვდომია დაუყოვნებელი დადებითი გავლენის მოსახდენად.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქართველებს უნდათ FTA. ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება, ამიტომ ჩვენ მათ ის უნდა მივცეთ.
სხვა თუ არაფერი, ეს ჩვენს საუკეთესო ინტერესებს ემთხვევა.
კომენტარები