10 ნაბიჯი — როგორ შეიძლება ევროპამ რუსეთიდან გაზის იმპორტი შეამციროს
ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ევროკავშირს 10-პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რათა ამ უკანასკნელმა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ერთი მესამედით შემცირება შეძლოს და, ამავდროულად, ევროპის მწვანე შეთანხმებასაც დაუჭიროს მხარი.
სააგენტოს ახალი ანალიზის მიხედვით, ევროკავშირს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ერთი მესამედით — 50 მილიარდი კუბური მეტრით შემცირება სულ რაღაც 1 წელში შეუძლია ისეთი ზომების მიღებით, რაც თავსებადი იქნება ევროპის მწვანე შეთანხმებასთან და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას დაუჭერს მხარს.
2021 წელს ევროკავშირმა რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც ევროკავშირში იმპორტირებული ამ რესურსის 45%-ს შეადგენს და გაზის სრული მოხმარების 40%-ს წარმოადგენს. ევროპის ნულოვანი ემისიების პროგრამის პროგრესი, დროთა განმავლობაში, ამ მაჩვენებლებს კიდევ უფრო შეამცირებს. თუმცა, მიმდინარე ომი გარკვეულ კითხვებს წარმოშობს ევროპაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტისა და იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი უახლოეს მომავალში ამ უკანასკნელის წილის შესამცირებლად.
სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, უკვე ყველას ესმის, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის რესურსებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ იარაღად იყენებს. აქედან გამომდინარე, ევროპამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან მომავალ ზამთარში რუსეთიდან გაზის იმპორტთან დაკავშირებით, შესაძლოა, იგი დიდი გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდეს.
10-პუნქტიანი გეგმა ევროპას პრაქტიკულ ნაბიჯებს სთავაზობს, რათა ამ უკანასკნელმა რაც შეიძლება სწრაფად შეამციროს რუსეთის როლი ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე და სუფთა ენერგიის წილის გაზრდას შეუწყოს ხელი.
სააგენტოს ანალიზი ითვალისწინებს ევროკავშირში 2022 წელს ბუნებრივი აირის მარაგის შევსების აუცილებლობასაც. გეგმაში მოცემული რიგი ქმედებები 2050 წლისთვის სააგენტოს ნულოვანი ემისიების მიღწევის მიზანსაც ემსახურება.
ანალიზში ისიც აღნიშნულია, რომ რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირება უფრო სწრაფადაც არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის სახელმწიფოებს მნიშვნელოვან კომპრომისებზე მოუწევთ წასვლა. ეს გულისხმობს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლას. მაგალითად, ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურების ნავთობზე გადაყვანას, ან ქვანახშირზე დამოკიდებულების გაზრდას, რაც კლიმატის ცვლილების ფონზე არც ისე კარგი გამოსავალია და არც ევროპის მწვანე შეთანხმებასთან არის თავსებადი. გარდა ამისა, ეს არც ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება ხელსაყრელი, ამიტომ ეს ქმედება გეგმაში გათვალისწინებული არაა.
გთავაზობთ გეგმაში წარმოდგენილ 10 პუნქტს:
- რუსეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების ახალ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერაზე უარის თქმა.
შედეგი: ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს გაზის მომწოდებლების დივერსიფიკაციას წელს და მომავალშიც. - რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლება.
შედეგი: არარუსული ბუნებრივი აირის მიწოდება ერთ წელში დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება. - ბუნებრივი აირის დასაწყობების მინიმალური მოთხოვნების შემოღება.
შედეგი: შემდეგი ზამთრისთვის გაიზრდება ბუნებრივი აირის სისტემის მდგრადობა. - მზისა და ქარის ახალი სადგურების განთავსების დაჩქარება.
შედეგი: ერთი წლის მანძილზე ბუნებრივი აირის მოხმარება 6 მილიარდი მ3-ით შემცირდება. - ბიოენერგიისა და ბირთვული ენერგიის გამომუშავების მაქსიმალურად გაზრდა.
შედეგი: ბუნებრივი აირის მოხმარება ერთ წელში 13 მილიარდი მ3-ით შემცირდება. - ხანმოკლე საგადასახადო ზომების მიღება მოულოდნელი მოგების შემთხვევაში, რათა ელექტროენერგიის მომხმარებლები მაღალი ფასებისგან დავიცვათ.
შედეგი: ენერგიის გადასახადი მცირდება მაშინაც, როდესაც ბუნებრივი აირის ფასი მაღალი რჩება. - გაზის საქვაბეების სითბოს სატუმბებით ჩანაცვლების დაჩქარება.
შედეგი: ერთი წლის განმავლობაში გაზის მოხმარება დამატებით 2 მილიარდი მ3-ით შემცირდება. - შენობებსა და მრეწველობის დარგში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების დაჩქარება.
შედეგი: ერთ წელში ბუნებრივი აირის მოხმარების 2 მილიარდი მ3-ით შემცირება. - მომხმარებლებში დროებით თერმოსტატზე ტემპერატურის 1°C-ით შემცირების წახალისება.
შედეგი: ბუნებრივი აირის მოხმარება ერთ წელში 10 მილიარდი მ3-ით შემცირდება. - ენერგოსისტემების მოქნილობის გაზრდა მათი დივერსიფიკაციისა და დეკარბონიზაციისთვის.
შედეგი: ბუნებრივი აირის მიწოდებასა და ევროპის ელექტროენერგიის უსაფრთხოებას შორის ძლიერი კავშირების შესუსტება.
კომენტარები