უკრაინაში არსად არის უსაფრთხო ადგილი მანამ, სანამ პუტინს არ გააჩერებენ — რას ჰყვებიან უკრაინელები
"ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიის დასაცავად, მაგრამ ამას საკუთარი ძალებით ვერ შევძლებთ. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება დასავლეთის მთავრობების მხარდაჭერა", — წერს ტეტიანა პეჩონჩიკი კიევში დაფუძნებული ადამიანის უფლებების ცენტრის, ZMINA-ს დირექტორი.
ორშაბათს ჩემი მშობლიური ქალაქი, კიევი დავტოვე მანქანით, რომელსაც ტერიტორიული თავდაცვის ძალების მოხალისეები მართავდნენ. გზები ცარიელი იყო — თუ არ ჩავთვლით სახელდახელოდ გაკეთებულ საგუშაგოებს და ქალაქის დასაცავად აგებულ ბლოკადებს. ქალაქის ირგვლივ შენობები დაზიანებული და დანგრეულია. ცაში კი სამხედრო თვითმფრინავები ჩანს.
ჩვენ ვეჭვობდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ეს მართლაც მოხდებოდა. ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ პუტინი შეიშალა. ჩვენ გვესმოდა, რომ ეს — შემოჭრა ჩვენს საზღვრებში — კატასტროფა იქნებოდა ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც ვიმედოვნებდით, რომ მის თავში მცირეოდენი გონივრულობა მაინც იქნებოდა შემორჩენილი. თუმცა, ეს მაინც მოხდა.
ჩვენ შოკირებულები და გაბრაზებულები ვართ. ამას არასოდეს ვაპატიებთ. პუტინი ყოველთვის ამბობდა, რომ რუსები, უკრაინელები და ბელარუსელები ძმები არიან. თუმცა, როცა დღეს მას ვუსმენთ, ვხვდებით, რამდენად ღრმად სძულს უკრაინის სახელმწიფო და ხალხი. მას ვძულვართ, რადგან წინააღმდეგობა გავუწიეთ და ჩვენი ქვეყნის რეფორმირება ვცადეთ. ამას კვლავ ვაგრძელებთ. თქვენ ხედავთ, ადამიანები ქუჩებში იარაღის გარეშე როგორ ცდილობენ ტანკების შეჩერებას. ჩვენ ვაპროტესტებთ. და ჩვენ ვიხდით ძალიან დიდ საფასურს. ჩვენი საუკეთესო ადამიანები შეეწირებიან ამას.
ყველაზე წარმოუდგენელი კი ხალხს შორის არსებული მხარდაჭერაა. შევშინდი, როცა გასულ ხუთშაბათს მაღალსართულიანი შენობის ბინაში მყოფს, აფეთქებების ხმამ გამომაღვიძა. მომდევნო დღეებში, როცა ქალაქში მდგომარეობა გაუარესდა, სააბაზანოში — როგორც ამბობენ, ბინის ყველაზე უსაფრთხო ოთახში — მეძინა. ჩემი კორპუსის ქვემოთ ავტოსადგომზეც მეძინა. ერთი ღამით კი — მეტროსადგურშიც. სადგურებში ადამიანები ერთმანეთს საჭმელს უზიარებენ, იგონებენ თამაშებს და პროექტორებისა და ნაჭრების გამოყენებით ბავშვებისთვის კინოთეატრებს აწყობენ. ბავშვები ბავშვები არიან: მათ სჭირდებათ განცდა, რომ ყველაფერი ნორმალურადაა.
აქ არიან მოხალისეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ. ხანდახან მეტროში მატარებლები მაინც დადიან. ხალხი ტანკების წინააღმდეგ ბარიერებს აშენებს. ისინი ქალაქის ფუნქციონირებისთვის ხელის შეწყობას საკვებისა და მოსახლეობისთვის საჭირო სხვა პროდუქტის მიწოდებით ცდილობენ. ჩემი ერთ-ერთი კოლეგა ადრე ექთანი იყო, ამიტომ ახლა მოხალისეთა სამედიცინო ჯგუფს შეუერთდა. დღეს ის სიმსივნით დაავადებული იმ ადამიანების მოსავლელად გავიდა, რომელთა რეგულარული ჰოსპიტალიზაცია ვეღარ ხერხდება.
პუტინის სტრატეგია ჩვენს რამდენიმე დღეში დამარცხებაზე იყო აგებული. მან ეს ვერ შეძლო. ერი ერთიანია. ჩვენ ვიპოვეთ მოქმედების და გადარჩენის გზები. თუმცა ამის გამო რუსები უფრო სასოწარკვეთით ცდილობენ შიშის გავრცელებას. ისინი ბომბავენ ტერიტორიებს, სადაც ადამიანები სახლობენ — მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებს. ისინი არღვევენ ომის ყველა წესს, ყველა კანონს. მათ დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა — 28 თებერვლის მონაცემებით, 352 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი. რეალური რიცხვი გაცილებით მეტი იქნება. მათ სურთ, რომ ადამიანებს რწმენა დააკარგინონ. მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ.
მე კიევის დატოვება ვარჩიე. ამაშიც მოხალისეები გვეხმარებიან. ტერიტორიული თავდაცვის ძალების მოხალისეებს შეუძლიათ, მანქანაში ჩაგისვან და თუ გაგიმართლა, ქალაქიდან გაგიყვანონ. მე ამ გზით წამოვედი. ჩემი და და რამდენიმე სხვა ადამიანიც წამოგვყვა. თუმცა ბევრი დარჩენას ამჯობინებს. მე მყავს მეგობრები და კოლეგები, რომლებიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე და ამჟამად რუსული ძალებით გარშემორტყმულ ისეთ ქალაქებში ცხოვრობენ, როგორებიცაა ჩერნიგოვი და სუმი. ამ ქალაქებიდან გამოსვლა ძალიან რთულია.
ახლა მე რივნეს რეგიონში ვარ — ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. თუმცა, თავს დაცულად მაინც არ ვგრძნობ. ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციაში ვმუშაობდი. ომამდე რუსებს ჰქონდათ აქტივისტებისა და ჟურნალისტების სია, რომლების მოკვლას ან ბანაკებში გადასახლებასაც უკრაინის ოკუპაციის შემდეგ გეგმავდნენ. ამ სფეროში ამდენი წელი მუშაობის შემდეგ თავს დაცულად არ ვგრძნობ. გარდა ამისა, ახლა ბელარუსის საზღვართან ვარ. ასე რომ, თუ ისიც შეუერთდება ინტერვენციას, არც აქ ვიქნები უსაფრთხოდ.
მსოფლიომ ახლა თავის ეკრანებზე იხილა, რაც ხდება. ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს სისხლისღვრა და სამართალდარღვევები, რომლებსაც ახლა ევროპაში ხედავთ. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს ცუდი სიზმარია, მაგრამ გარწმუნებთ, ასე არ არის. ეს თქვენგან შორსაც კი არ არის.
ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ გვჭირდება მხარდაჭერა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დასავლურ მთავრობას, რომ გადადგან ნაბიჯები პუტინის შესაჩერებლად. ჩვენ გვჭირდება თავშესაფარი ციდან. ჩვენ გვინდა საჰაერო ზონა, სადაც ფრენა აკრძალული იქნება. თავს ვერ დავიცავთ მაშინ, როცა ვიბომბებით. ჩვენ გვინდა, რომ SWIFT სისტემიდან გაითიშოს ყველა რუსული ბანკი — არა მხოლოდ ის შვიდი, რომლებიც უკვე ისედაც დაბლოკილი იყო — და ასევე ბელარუსულებიც. პუტინის უკან ფინანსური სისტემა უნდა ჩამოიშალოს. დასავლურმა ბიზნესმა უნდა შეწყვიტოს ვაჭრობა რუსეთსა და ბელარუსში და იქ არსებული თავისი ოფისები ყველა კომპანიამ უნდა დახუროს. რუსეთი ასევე უნდა გამოირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან.
თუ გაერო არ არის ერთა ლიგა — რომელმაც ვერ შეაჩერა მეორე მსოფლიო ომი — ის არ დაუშვებს, აგრესორმა დაბლოკოს მისი ქმედებები.
ერთადერთი, რაზეც კიევიდან წამოსული, მანქანით მგზავრობისას ვფიქრობდი, არის ის, რომ უნდა გვჯეროდეს — ეს გამოიწვევს რუსეთის დასასრულს მის ამჟამინდელ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა ბრძოლით დავიბრუნოთ ის სივრცე, სადაც პუტინმა მედია და სამოქალაქო საზოგადოება გაანადგურა. სადაც ის დაუსჯელად მოქმედებს. სადაც ის ქვეყნებს ახალი ჰიტლერივით იპყრობს. სადაც სხვა დასავლური სახელმწიფოები ამბობენ, რომ "ღრმად შეშფოთებულნი არიან", მაგრამ არაფერს აკეთებენ. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას ამ ყველაფრის წინაშე და ვიხდით ყველაზე მაღალ საფასურს.
კომენტარები