რუსეთი სრულფასოვანი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას. დასავლეთის მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა: დახურულია მოსკოვის საფონდო ბირჟა, გაუფასურებულია რუსული კომპანიების აქციები, გაუფასურებულია რუბლი და გაყინულია ცენტრალური ბანკის აქტივების დიდი ნაწილი.

ახლა საკითხავი ის არის, როგორ უპასუხებს პუტინი სანქციების წვიმას. რუსეთი იარაღს პირდაპირი მნიშვნელობით იყენებს — ის უკრაინას თავს ესხმის — თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთის წინააღმდეგ პუტინს შეუძლია ბუნებრივი აირი და ნედლი ნავთობიც გამოიყენოს.

მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის მიწოდება მოთხოვნას უკვე ვერ აკმაყოფილებს. CNN წერს, რომ თუ მსოფლიოს ნავთობის მე-2 მწარმოებელი — რუსეთი — განზრახ შეაჩერებს ნავთობის მიწოდებას, ფასები კატასტროფულად გაიზრდება, რაც მომხმარებლებზე მსოფლიოს მასშტაბით მტკივნეულად აისახება.

"პუტინმა შესაძლებელია გადაწყვიტოს, რომ ეს არის ერთ-ერთი იარაღი, რომელიც გამოუყენებელი დარჩა", — წერს CNN.

JPMorgan-ის შეფასებით, თუ რუსეთისგან ექსპორტი განახევრდება, ნავთობის ფასი ბარელზე 150 დოლარს მიაღწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნავთობის კიდევ 41%-ით გაძვირდება.

აქ კიდევ ერთი საკითხია — რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ამ ქვეყანასთან ვაჭრობას მნიშვნელოვნად ართულებს. ბრიტანული კვლევითი საკონსულტაციო კომპანიის Energy Aspects-ის თანახმად, რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტის თითქმის 70%-ს მყიდველი არ ჰყავს.

ამასთან, 2 მარტს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ რუსეთსა და ბელარუსს დამატებით სანქციებს უწესებს. სანქციების ჩამონათვალში ნავთობის გადამუშავებაზე ექსპორტის კონტროლიც მოხვდა. საუბარია იმ ტექნოლოგიების/აღჭურვილობების ექსპორტის კონტროლზე, რომელიც ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავებისთვის არის საჭირო.

თეთრი სახლი წერს, რომ დასავლეთს არ აქვს ენერგიის გლობალური შემცირების სტრატეგიული ინტერესი, თუმცა მას სურს, სამომავლოდ ამ სექტორში რუსეთს წამყვანი მიმწოდებლის სტატუსი დაუქვეითდეს.

რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ჰაერივით სჭირდება

ის, რომ ნავთობი რუსეთის ხელში კიდევ ერთი იარაღია, ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნავთობის მიწოდების შეზღუდვა კატასტროფულად დააზარალებს თავად რუსეთის ეკონომიკასაც. 2011-2020 წლებში რუსეთის მთავრობის წლიური შემოსავლების დაახლოებით 43% ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე მოდიოდა.

პროგნოზების გაკეთება კიდევ უფრო რთულია იმ ფონზე, როდესაც საქმე პუტინს და მის მიერ მიღებულ/მისაღებ გადაწყვეტილებებს ეხება.

CNN იუწყება, რომ პუტინი ზოგიერთი ოლიგარქის მხრიდან ზეწოლას განიცდის. გამოცემის ცნობით, რუსმა მილიარდერებმა — მიხაილ ფრიდმანმა და ოლეგ დრნიპასკამ ომის შეწყვეტისკენ მოწოდებები გააკეთეს. როგრც ჩანს, რუსი ოლიგარქები დასავლური სანქციების ძალას უკვე ხედავენ.

რას ამბობენ დასავლეთში

"მას შემდეგ, რაც პუტინს მოვუსმინე, ძალიან ავღელდი", — თქვა JPMorgan-ის მკვლევარმა, ნატაშა კანევამ. კანევა რუსეთის პრეზიდენტის 21 თებერვლის გამოსვლაზე საუბრობს, როდესაც პუტინმა დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. პუტინმა ამ გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა დასავლეთზეც.

კანევა ამბობს, რომ დაინახა მცირე რისკი, რუსეთმა ნავთობის მიწოდების შემცირება მსოფლიოს წინააღმდეგ გამოიყენოს. ექსპერტის თქმით, ინვესტორები ამ რისკს სათანადოდ არ აფასებენ.

"პუტინს შეუძლია, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს ევროპის ქვეყნებს", — ამბობს RBC Capital Markets-ის ექსპერტი, ჰელიმა კრიფტი.

ამასთან, American Petroleum Institute-ის ხელმძღვანელი, მაიკ სომერსი რუსეთის მხრიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებულ რისკებს არ უარყოფს.

"მე ვფიქრობ ეს შეშფოთების საგანია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ დასავლეთი უპასუხოდ არ ტოვებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს" — თქვა სომერსმა CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში.

თეთრმა სახლმა პუტინი გააფრთხილა, არ გამოიყენოს ნავთობი იარაღად

CNN წერს, რომ პუტინს დასავლეთის დასასჯელად ყველა ონკანის გადაკეტვა არ სჭირდება. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთიდან ნავთობის მიწოდების მხოლოდ ზომიერმა შემცირებამაც კი შესაძლებელია, რომ ფასებზე დიდი გავლენა მოახდინოს.

"მაშინაც კი, თუ რუსეთი 10%-დან 20%-მდე შეამცირებს მიწოდებას, ფასების რეაქცია აუნაზღაურებს რუსეთს მიწოდების დანაკარგს" — თქვა რაიან ფიტსმოურისმა Rabobank-დან.

აქ საუბარია იმაზე, რომ შემცირებული რაოდენობის შემთხვევაშიც კი, გაზრდილი ფასის საშუალებით დანაკარგების კომპენსაცია მოხდება.

ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე თეთრმა სახლმა რუსეთი გააფრთხილა, არ გადაედგა მკვეთრი ნაბიჯები ენერგოექსპორტის მიმართულებით.

"თუ პუტინი გადაწყვეტს, ენერგომომარაგება იარაღად გამოიყენოს, ეს იქნება დიდი შეცდომა", — თქვა CNBC-ზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, დეიპ სინგმა.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ისიც თქვა, რომ რუსეთი "წარმოუდგენლად არის დამოკიდებული" დასავლეთზე, როგორც მისი ენერგიის მომხმარებელზე.

სინგმა დასძინა, რომ თუ რუსეთი ნავთობის მიწოდების შეზღუდვას იარაღად გამოიყენებს, ეს დასავლეთის მხრიდან დივერსიფიცირების პროცესს დააჩქარებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის წამგებიანი იქნება.

რა შეიძლება იყოს ევროპისთვის რუსული გაზის ალტერნატივა

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ განახლდა საუბარი იმაზე, რა მოხდება, თუ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.

კონტინენტის ენერგიის თითქმის მეოთხედს ბუნებრივი გაზი შეადგენს. 2019 წლისთვის რუსეთმა ევროპისთვის საჭირო გაზის 40% უზრუნველყო. მიმდინარე ომის ფონზე დაწესებულ სანქციებს შორის გაზზე შეზღუდვები არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გერმანიამ Nord Stream 2-ის ლიცენზირების პროცესი შეაჩერა.

ეს რუსეთსა და გერმანიას შორის არსებული მილსადენია, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულებულია და რომელიც 11 მილიარდი დოლარი დაჯდა.

რა მოხდება თუ პუტინი გადაწყვეტს, რომ დასავლეთს გაზი შეუჩეროს?

Economist წერს, რომ რუსული გაზის ერთ-ერთი ალტერნატიული წყარო თხევადი ბუნებრივი აირია (LNG), რომლის ტრანსპორტირებაც ზღვით არის შესაძლებელი. კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად შეუძლია ამ რესურსს რუსული გაზის სრულად და ეფექტიანად ჩანაცვლება?

ევროპა უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით თხევად გაზს მოიხმარს. LNG ტრანსპორტირებისთვის სითხედ უნდა გადაიქცეს, ხოლო შემდგომ გაზის მდგომარეობას სპეციალური ტერმინალების საშუალებით დაუბრუნდეს.

ევროპას ჯერ კიდევ უამრავი გამოუყენებელი სიმძლავრე აქვს, რათა თხევადი გაზი აწარმოოს. Energy Intelligence-ის თანახმად, რეგიონის იმპორტის ტერმინალები გასულ წელს 45%-იანი სიმძლავრით მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიას ასეთი ტერმინალები არ აქვს, ხოლო ესპანეთს მთელი კონტინენტის მეოთხედი რაოდენობის ტერმინალს ფლობს, იმის მიუხედავად, რომ მისი გაზის ინფრასტრუქტურა დანარჩენი ევროპისგან დიდწილად იზოლირებულია.

LNG-ის ყველაზე დიდი ექსპორტიორები ამერიკა, ავსტრალია და კატარი არიან. მის გათხევადებას და ტრანსპორტირებას დრო სჭირდება. ამიტომ, ევროპისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ის ტვირთები, რომლებიც თავდაპირველად სხვა მიმართულებისთვის იყო განკუთვნილი.

თხევადი გაზის მოხმარება იზრდება აზიაშიც. მაგალითად, 2017-2020 წლებში ჩინეთის იმპორტი 82%-ით გაიზარდა. გასულ წელს მან გადაუსწრო იაპონიას, რომელიც მსოფლიოში პირველი იმპორტიორი იყო.

LNG-ზე ვაჭრობის 70% 10 და მეტ-წლიან კონტრაქტებზე მოდის. ევროპა კი ე.წ. სპოტ ბაზრებისა და მოკლევადიან კონტრაქტებისკენ არის მიდრეკილი. წარსულში, როდესაც მარაგები უხვად იყო, ეს ევროპისთვის დაბალი ფასით ვაჭრობის საშუალებას იძლეოდა და ამასთან, ქვეყნები არ იღებდნენ ვალდებულებას, რომ ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებდნენ ამ წიაღისეულს. ახლა სიტუაცია შეცვლილია, ახლა რუსეთი უკრაინას თავს ესხმის.

შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც გაზის მარაგები შემცირდა (ნაწილობრივ იმის გამო, რომ შემცირდა რუსეთის მარაგები) გაიზარდა LNG-ის იმპორტი, რამაც მისი ფასიც გაზარდა.

გასულ წლებში აზიაში, როგორც წესი, უფრო მაღალი ფასები იყო, ვიდრე ევროპაში, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში რიგ შემთხვევებში ევროპისა და აზიის ფასების დონე ერთმანეთს უთანაბრდება.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მას შემდეგ, რაც პუტინმა 24 თებერვალს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" გამოაცხადა, ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ერთ დღეში მიწოდების ფასი 29%-ით გაიზარდა.

პოლიტიკოსები ევროპისთვის ახალი მარაგების უზრუნველყოფას ცდილობენ. იმის გამო, რომ ამერიკას მეტის წარმოება არ შეუძლია, ჯო ბაიდენმა ევროპელებისთვის ახალი წყაროების მოძიების პირობა გასცა. ჯერჯერობით მისმა მცდელობამ მცირე შედეგი გამოიღო. 22 თებერვალს კატარის ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ თითქმის შეუძლებელია იმდენი LNG-ის სწრაფად მიწოდება, რომ სრულად ჩანაცვლდეს რუსული გაზი.

ფასები

ნავთობის ფასი ბოლო რვა წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. Brent ტიპის ნავთობის გლობალური საორიენტაციო ფასი გაიზარდა და ბარელზე 113,94 დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალია. გუშინ, დღის განმავლობაში ბარელი ნავთობი დაახლოებით 111 დოლარის ფარგლებში ივაჭრებოდა. Brent ტიპის ნავთობის ღირებულება მიმდინარე წელს 40%-ით არის გაზრდილი.

"მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი ტექნიკურად სანქციების ქვეშ არ არის, მოვაჭრეები მაინც ღელავენ რუსული ნავთობის მიწოდებაზე, შენახვაზე, გადაზიდვასა და საბოლოოდ გაყიდვაზე", — ამბობს ED&F Man Capital Markets-ის ანალიტიკოსი ედვარდ მეიერი.

ნავთობის ფასი კვლავ იზრდება, რადგან მყიდველები ერიდებიან რუსულ ნავთობსწერს BBC. გამოცემის ცნობით, სავაჭრო ობიექტებს უჭირთ რუსული ნავთობის გაყიდვა, თუნდაც ფასდაკლებით, გადახდებთან და გადაზიდვასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.

"რუსეთიდან ნავთობი და გაზი კვლავ მოედინება, თუმცა არსებობს შეშფოთების საფუძველი, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს — ან სანქციების შემდგომი გამკაცრების გამო, ან იმის გამო, რომ თავად რუსეთი შეზღუდავს მიწოდებას. ასე რომ, ფასები იზრდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი შეწყვეტს მიწოდებას, თუმცა არაფერია გამორიცხული", — წერს თიო ლეგეტი, ბიზნეს-კორესპონდენტი.

CNN წერს, რომ ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში სამშაბათის შემდეგ 60%-ით გაიზარდა და მეგავატ საათზე 194 ევროსაც კი გაუტოლდა — ეს ბაზარზე არსებულ დაბნეულობას უკავშირდება. ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდს ოთხშაბათს მიაღწია, როდესაც იმატა შფოთვამ იმასთან დაკავშირებით, შეფერხდება თუ არა გაზის მიწოდება ევროპისთვის.


არავინ იცის კიდევ რა შეიძლება მოიმოქმედოს პუტინმა, თუმცა ცივილიზებული სამყარო ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს. იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ აგრესორი მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდება. ერთი რამ ცხადია, თუ რუსეთი ენერგორესურსებით შანტაჟს დაიწყებს, ეს მის ისედაც დაზარალებულ ეკონომიკას, რბილად რომ ვთქვათ, დანაკარგების გარეშე არ დატოვებს.