10 ძირითადი გამოკვლევა, რომელიც ქალებმა (და არამარტო) უნდა ჩაიტარონ
ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ქალის ჯანმრთელობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური აქტივობის, სტრესის მართვისა და სწორი კვების გარდა, საკუთარ თავზე ზრუნვისათვის ჯანმრთელობის პროფილაქტიკაც დაგჭირდებათ, რათა არაერთი დაავადებისა და მისი შესაძლო გართულების პრევენცია შეძლოთ, სხვა შემთხვევაში კი ადრეულ ეტაპზევე იმკურნალოთ.
სტატიაში 10 შემოწმებას გთავაზობთ, რომელიც ქალებმა (და არამარტო) უნდა ჩაიტარონ:
1. სისხლის წნევის სკრინინგი
ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) მოწოდებით, თუკი თქვენი სისხლის წნევა 120/80 მაჩვენებელს ქვემოთაა, 20 წლის ასაკიდან იგი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა გაიზომოთ, ხოლო USPSTF-ის რეკომენდაციით, 40 წელს გადაცილებულებმა, აფროამერიკელებმა, ან მათ, ვისაც რიგი მდგომარეობების გამო მაღალი წნევის რისკი აქვს, იგი ყოველწლიურად უნდა გაისინჯონ.
2. ქოლესტერინის შემოწმება
ამით გულის დაავადებისა და ინსულტის განვითარების რისკს შეაფასებთ. ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტზე დაყრდნობით, 20 წლის ასაკიდან სისხლში ქოლესტერინის დონეები მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა შეამოწმოთ. იდეალურ შემთხვევაში, ქოლესტერინის დონე დეცილიტრზე 200 მილიგრამი უნდა იყოს, ანუ 200 მგ/დლ; 200-239 მგ/დლ კი უკვე შედარებით მაღალი მაჩვენებელია. იმ შემთხვევაში, თუკი გულის დაავადების ან ინსულტის რისკი გაქვთ, უმჯობესი იქნება, თუკი ანალიზის ჩატარების სიხშირეს თქვენივე ექიმთან შეათანხმებთ.
3. პაპტესტი
USPSTF-ის რჩევით, 21-65 წლის ასაკში ქალებმა პაპტესტი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ. პროცედურის მიმდინარეობისას ექიმი ვაგინალური არხის გასაფართოებლად სპეკულუმს (სამედიცინო ინსტრუმენტი) იყენებს და საშვილოსნოს ყელიდან პატარა ჯაგრისით უჯრედებს იღებს. შემდგომში იგი ამოწმებს, შეინიშნება მათში რაიმე ისეთი ცვლილება, რომელმაც შესაძლოა, საშვილოსნოს ყელის კიბომდე მიგვიყვანოს.
30 წელს გადაცილებულ ქალებს შეუძლიათ, პაპტესტი ხუთ წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ, თუკი ამასთან ერთად ანალიზები ადამიანის პაპილომავირუსზეც (HPV) ჩატარდება. ეს უკანასკნელი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა (STD), რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა შეუძლია.
4. სარძევე ჯირკვლების რენტგენოგრამა (მამოგრაფია)
მამოგრაფიის, იგივე ძუძუს კიბოს სკრინინგის, დროს მკერდი ორ თეფშს შორის თავსდება, რათა რენტგენული სურათების გადაღება მოხერხდეს. ექიმები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ იმის თაობაზე, თუ როდიდან და რა სიხშირით უნდა ჩაიტარონ იგი ქალებმა, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ძუძუს კიბოს რისკი იზრდება, ხშირი სკრინინგისას მცდარ დადებით პასუხს კი სარგებელზე მეტი ზარალი მოაქვს.
USPSTF-ის ყველაზე ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ქალებმა სკრინინგი 50 წლიდან უნდა დაიწყონ და ორ წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ. ამერიკის კიბოს ასოციაცია კი გვირჩევს, რომ ყოველწლიური სკრინინგი 45 წლიდან უნდა დაიწყოს, 55 წლიდან კი უკვე პროცედურა წელიწადში ორჯერ უნდა ჩატარდეს. თუკი დაავადების ოჯახური ისტორია ანდა სხვა რისკფაქტორები გაქვთ, უმჯობესი იქნება, თუკი ექიმს გაესაუბრებით და ყოველწლიურ სკრინინგს უფრო ადრე დაიწყებთ.
5. ძვლის სიმკვრივის სკრინინგი
ქალებმა ძვლის სიმკვრივის ტესტის საშუალებით ოსტეოპოროზის სკრინინგი 65 წლის ასაკიდან უნდა დაიწყონ, ოსტეოპოროზის რისკფაქტორების (მოტეხილობები ან ნორმალურზე დაბალი წონა) მქონე პირებმა კი — შედარებით ადრე. ტესტირებას DEXA სკანირება ეწოდება. ამ დროს პაციენტს მაგიდაზე აწვენენ, რენტგენოლოგიური ხელსაწყო (დაბალი დოზის მქონე) კი ძვლის სურათებს იღებს. სკრინინგის სიხშირე ძვლის სიმკვრივესა და სხვა რისკ-ფაქტორებზეა დამოკიდებული.
6. სისხლში გლუკოზის დონის შემოწმება
დიაბეტის და პრედიაბეტის შემოწმების მიზნით, ქალებმა დაახლოებით 45 წლიდან სისხლში გლუკოზის შემცველობა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა განსაზღვრონ. თუკი ჭარბწონიანი ხართ, ოჯახში დიაბეტის ისტორია გაქვთ ანდა რისკჯგუფში მყოფ რასას ეკუთვნით, სკრინინგი შედარებით ადრე უნდა დაიწყოთ და ხშირად ჩაიტაროთ, თქვენზე მორგებული გეგმის შედგენაში კი ექიმი დაგეხმარებათ.
ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც ინსულინრეზისტენტობის შესახებ უნდა ვიცოდეთ
7. კოლორექტარული კიბოს სკრინინგი
USPSTF-ს თუ დავუჯერებთ, კოლორექტარული კიბოს სკრინინგი 50 წლიდან უნდა დაიწყოთ. პროცედურის ჩატარების ორგვარი გზა არსებობს: სიგმოიდოსკოპია ან კოლონოსკოპია. პირველის შემთხვევაში ანალურ ხვრელში განათებული მილი და კამერა შეჰყავთ მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის შესასწავლად, კოლონოსკოპიისას კი მთლიან მსხვილ ნაწლავს იკვლევენ შედარებით დიდი მილით. თუკი რაიმე პრობლემა არ გამოვლინდა ან კოლორექტული კიბოს მაღალი რისკი არ გაქვთ, სიგმოიდოსკოპია ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება, კოლონოსკოპია კი — ყოველ 10 წელში ერთხელ.
8. სხეულის მასის ინდექსი (BMI)
USPSTF-ის მიხედვით, 18 წლის ასაკიდან ქალებმა ჭარბწონიანობა (ან წონის ნაკლებობა) უნდა აკონტროლონ, რაც, ჩვეულებრივ, სხეულის მასის ინდექსის (BMI) გამოთვლას მოითხოვს. ზუსტი რეკომენდაცია არ არსებობს, თუ რა სიხშირით უნდა გაზომოს ექიმმა ეს მონაცემი, თუმცა, ზოგადად, მისი ცოდნა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჭარბწონიანობა დიაბეტისა და გულის დაავადების რისკებს ზრდის, BMI-ს კი შეუძლია გამცნოთ, რამდენად ქმნის თქვენი პარამეტრები ამ რისკს.
9. კანის გამოკვლევა
კიბოს ამერიკულ ასოციაციას რომ დავეყრდნოთ, ქალებმა კანი სახლის პირობებში ყოველთვიურად უნდა შეიმოწმონ. მთელს სხეულზე ყურადღებით შეისწავლეთ საკუთარი კანი, დააკვირდით ხალებს ან უკვე არსებულ ხალებში არსებულ ცვლილებებს, რადგან შესაძლოა, ეს კანის კიბოს ადრეული ნიშანი იყოს. თუკი ამ უკანასკნელის მაღალი რისკი ან ოჯახური ისტორია გაქვთ, ამერიკის დერმატოლოგიური ასოციაცია გირჩევთ, რომ ექიმთან ან დერმატოლოგთან დააზუსტოთ, თუ რამდენად ხშირად გესაჭიროებათ კლინიკურ პირობებში შემოწმება.
10. დენტალური შემოწმება
დენტალური ჯანმრთელობა პირველი კბილების ამოსვლისთანავე ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდასრულმა ქალებმა კი კბილები თვეში ორჯერ უნდა შეიმოწმონ. რეგულარული კონტროლი საშუალებას მოგცემთ, გაფუჭების ან რაიმე სხვა პრობლემის ადრეული ნიშნები შეამჩნიოთ.
აღსანიშნავია, რომ პროცედურების ფასი ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩამოთვლილი გამოკვლევები პრევენციულ ხასიათს ატარებს, მათ საფასურს არაერთი დაზღვევა ფარავს. მიუხედავად ამისა, უმჯობესი იქნება, ჯანმრთელობის პროფილაქტიკამდე დეტალები თქვენ მიერ შერჩეულ სადაზღვევო კომპანიასთან დააზუსტოთ და დაიმახსოვროთ, რომ ზოგჯერ პრევენცია მკურნალობაზე ნაკლებ ფინანსურ და პიროვნულ რესურსებს მოითხოვს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები