ინსულინრეზისტენტობა (იგივე მეტაბოლური სინდრომი) მდგომარეობაა, როდესაც კუნთის, ცხიმისა და ღვიძლის უჯრედები ინსულინზე შესაბამისად არ რეაგირებს და სისხლში არსებულ გლუკოზას ენერგიისათვის ვერ იყენებს. ამის ასანაზღაურებლად პანკრეასი მეტ ინსულინს გამოყოფს, დროთა განმავლობაში კი სისხლში შაქრის დონე მატულობს. შესაბამისად, ინსულინრეზისტენტობა ჭარბწონიანობასთან, სისხლის მაღალ წნევასთან, მაღალ ქოლესტერინთან და მეორე ტიპის დიაბეტთან ასოცირდება.

სიმპტომები

ინსულინრეზისტენტობას ფიზიკური შეგრძნებების მიხედვით ვერ დაადგენთ, ამიტომაც სისხლის ანალიზი დაგჭირდებათ, რომლითაც სისხლში შაქრის დონე შეფასდება. ექიმთან ვიზიტი საჭიროა მდგომარეობის თანმდევი დარღვევების ამოსაცნობადაც, მათ შორის, მაღალი წნევის, ქოლესტერინის ნორმალურზე დაბალი დონისა და მოჭარბებული ტრიგლიცერიდების.

ინსულინრეზისტენტობის ნიშნებია:

  • 101 სანტიმეტრზე მეტი გარშემოწერილობის წელი კაცებში და 88 სანტიმეტრზე მეტი — ქალებში;
  • სისხლის 130/80 ან უფრო მაღალი წნევა;
  • 100 მგ/დლ-ზე მეტი გლუკოზა სისხლში(უზმოზე);
  • 150 მგ/დლ-ზე მეტი ტრიგლიცერიდები სისხლში(უზმოზე);
  • HDL ქოლესტერინის 40 მგ/დლ-ზე დაბალი კონცენტრაცია კაცებში და 50 მგ/დლ-ზე დაბალი — ქალებში;
  • შავი აკანტოზი — მდგომარეობა, რომელიც კანზე მუქი ლაქებით გამოიხატება;
შავი აკანტოზი

შავი აკანტოზი

ფოტო: IMSS/Twitter

გამომწვევი მიზეზები და რისკფაქტორები

ინსულინრეზისტენტობის რისკს ხშირად ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ფაქტორი ზრდის:

  • ჭარბწონიანობა, განსაკუთრებით, ცხიმიანობა მუცლის არეში;
  • არააქტიური ცხოვრება;
  • ნახშირწყლებით მდიდარი რაციონი;
  • გესტაციური დიაბეტი;
  • სხვადასხვა დაავადება, მათ შორის ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;
  • დიაბეტის ოჯახური ისტორია;
  • მოწევა;
  • წარმომავლობა — შედარებით მაღალია რისკი აფრიკული, ლათინურ-ამერიკული ანდა მკვიდრი ამერიკული წარმოშობის ადამიანებში;
  • 45 ასაკი — მისი რისკი 45 წლის შემდეგ იზრდება;
  • ჰორმონალური დაავადებები, მათ შორის, კუშინგის სინდრომი და აკრომეგალია;
  • სხვადასხვა მედიკამენტი, მათ შორის, სტეროიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები და HIV-ის სამკურნალო წამლები;
  • ძილის პრობლემები, თუნდაც ძილის აპნოე.

დიაგნოსტირება

ექიმი ინსულინრეზისტენტობის შემოწმებისას თქვენს ოჯახურ ანამნეზს გამოიკითხავს და ფიზიკურად შეგამოწმებთ — აგწონით და სისხლის წნევას გაგისინჯავთ. როგორც წესი, საჭიროა სისხლის რამდენიმე ანალიზიც:

პლაზმის გლუკოზის ტესტი

იგი მინიმუმ 8-საათიანი უჭმელობის შემდეგ კეთდება და სისხლში შაქრის დონეს ზომავს.

გლუკოზოტოლერანტული ტესტი

პირველად პლაზმის გლუკოზის ტესტი ბარდება, შემდეგ კი პაციენტს შაქრიან ხსნარს ასმევენ და ორი საათის შემდეგ სხვა ანალიზს უტარებენ.

გლიკოზირებული ჰემოგლობინის ტესტი

იგი ბოლო 2-3 თვის განმავლობაში სისხლში შაქრის საშუალო დონეს აჩვენებს. ექიმები მას პრედიაბეტისა და დიაბეტის დიაგნოსტირებისათვის იყენებენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დიაბეტი გაქვთ, მისი საშუალებით გაიგებთ, თუ რამდენად მართავთ მდგომარეობას. შესაძლოა, შედეგების დასადასტურებლად ტესტის ხელახლა ჩატარებაც დაგჭირდეთ.

ფოტო: Motion Story/Dribble

როგორ გადადის ინსულინრეზისტენტობა მეორე ტიპის დიაბეტში

ინსულინრეზისტენტობისას პანკრეასი დამატებით ინსულინს გამოყოფს ამის ასანაზღაურებლად. გარკვეული დროით ეს მართლაც მოქმედებს და სისხლში შაქრის დონე ნორმის ფარგლებში ნარჩუნდება, თუმცა, დროთა განმავლობაში პანკრეასი ბალანსის დაცვას ვეღარ ახერხებს. თუკი ამ დროს ცხოვრების ჯანსაღ წესზე არ გადაერთვებით, სისხლში შაქრის დონე მოიმატებს და პრედიაბეტში გადაიზრდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ამ უკანასკნელს ვერ გააკონტროლებთ, მდგომარეობა მეორე ტიპის დიაბეტის სახეს მიიღებს.

მკურნალობა და პრევენცია

ინსულინრეზისტენტობის მკურნალობისა და მეორე ტიპის დიაბეტის პრევენციისათვის რამდენიმე გზა არსებობს:

ივარჯიშეთ

კვირაში ხუთჯერ (ან უფრო ხშირად) მინიმუმ 30 წუთი დაუთმეთ საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას (მაგ: სწრაფ სიარულს), ხოლო თუკი ამჟამად აქტიური არ ხართ, ეცადეთ, მსგავს რეჟიმზე ნელ-ნელა გადაერთოთ.

ფოტო: ChristyNguyen/Dribble

შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა

თუკი ზუსტად არ იცით, რამდენია თქვენთვის ჯანსაღი წონა და როგორ დაიკლოთ/მოიმატოთ, შეგიძლიათ, კითხვით ექიმს მიმართოთ. შესაძლოა, კვების რეჟიმის შემუშავებაში დიეტოლოგის და სერტიფიცირებული პირადი ტრენერის დახმარებაც დაგჭირდეთ.

იკვებეთ ჯანსაღად

გაამდიდრეთ რაციონი ხილ-ბოსტნეულით, თხილეულით, მარცვლეულით, პარკოსნებით, თევზით და ცილებით მდიდარი სხვა პროდუქტებით.

მიიღეთ საჭირო მედიკამენტები

შესაძლოა, სისხლში შაქრის დონეების სამართავად ექიმმა მედიკამენტი მეტფორმინი (ფორტამეტი, გლუკოფაჟი, გლუმეცა, რიომეტი) დაგინიშნოთ.

გართულებები — რა მოხდება, თუკი არ ვიმკურნალებთ?

შესაძლოა, მკურნალობის გადადების შემთხვევაში ინსულინრეზისტენტობამ შემდეგ გართულებებამდე მიგვიყვანოს:

  • შაქრის ძალიან მაღალი დონე სისხლში;
  • შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში;
  • გულის შეტევა;
  • ინსულტი;
  • თირკმლის დაავადება;
  • მხედველობის პრობლემები;
  • სიმსივნე;
  • ალცჰაიმერის დაავადება.

მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ, როგორც სხვა მდგომარეობების შემთხვევაში, ინსულინრეზისტენტობის დროსაც გამოჯანმრთელების შანსებს მისი დროული აღმოჩენა და მკურნალობა ზრდის. ვინაიდან მკურნალობას ხშირად პრევენცია სჯობს, უმჯობესი იქნება, თუკი ჯანმრთელობის რეგულარულ შემოწმებას საკმარის დროს დაუთმობთ, ამაზე დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ, ბმული იხილოთ.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.