დილა მძიმე ღამის შემდეგ — რა უნდა იცოდეთ, თუ ახლა გაიღვიძეთ
ბოლო დღეებია, უამრავი ადამიანი დღეს უკრაინის შესახებ ახალი ამბების კითხვით იწყებს. უკრაინის მოტივირებული ძალები კიევს კვლავაც იცავენ, მთელ ქვეყანაში შეტაკებები გრძელდება, ზელენსკიმ კი მოქალაქეებს მოუწოდა, შემოჭრილ ჯარისკაცებს წინააღმდეგობა გაუწიონ.
თუ ახლა გვიერთდები, აი რა უნდა იცოდე:
დავიწყოთ მთავარი ამბით — რუსებს კიევი არ აუღიათ! თუმცა ქალაქში საბრძოლო მოქმედებები ახლაც გრძელდება.
კიევში საჰაერო განგაშია. უკრაინული მედიები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ კადრებს, რომლებშიც ცეცხლის ჩანს. მათი ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა აფეთქებების ხმა.
კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩაში რუსებმა საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, გაჩნდა ხანძარი. მსხვერპლზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ რუსი ოკუპანტები ბუჩაში დასახლებულ პუნქტებში ისვრიან.
მოქალაქეების სიკვდილი: კიევის დასავლეთ რეგიონში სროლებმა ექვსი წლის ბიჭი შეიწირა. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. უკრაინის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მტრის არტილერიამ დააზიანა და ერთი ქალი გარდაიცვალა.
რა ხდება უშუალოდ "მიწაზე": კიევის ცა კვირა დილას ორმა დიდმა აფეთქებამ გაანათა: აფეთქებები სავარაუდოდ ვასილკოვთან იყო, რომელიც დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული კიევიდან. ცოტა ხნის შემდეგ კი დადასტურდა, რომ ვასილკოვის საჰაერო ბაზაზე ნავთობის შემნახველი ავზები აუფეთქებიათ.
რუსული საჰაერო ძალები: გერმანიამ გადაწყვეტილება მიიღო, რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტოს. სხვა ქვეყნები, რომელთაც იგივე გადაწყვეტილება მიიღეს: ესტონეთი, რუმინეთი, ლიეტუვა და ლატვია.
მიზანში ამოღებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: განსაკუთრებით საგანგაშოა რუსეთის თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოქალაქეებზე. მიუხედავად რუსული მხარის მიერ უარყოფისა, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია საცხოვრებელ სახლებზე, საბავშვო ბაღებზე თავდასხმებისა და დანაღმვების შესახებ. შეჭრის დღიდან მოყოლებული, საცხოვრებელი ქუჩები მუდმივ საფრთხეშია, რასაც ნაპოვნი ჭურვები ადასტურებს.
აქციები მსოფლიოს გარშემო: ამ ვიქენდზე უამრავ ქვეყანაში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქციები, მათ შორის, სანკტ-პეტერბურგში, ვაშინგტონში, ბარსელონაში, ნიუ-იორკში, ბრიუსელში, მილანში, ლონდონსა და თბილისში. ომის გასაპროტესტებელ აქციაზე რუსეთში 2700 ადამიანი დააკავეს.
სამხედრო დახმარება: გერმანია უკრაინას 1 000 ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობასა და 500 სტინგერს მიაწვდის. აშშ კი $350 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაგზავნის, საუბარია უმეტესად საჰაერო თავდაცვით მოწყობილობებზე და მცირე ზომის იარაღზე.
გენერალური შტაბის მონაცემები
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაზარდეს ძალები კიევის დასაცავად, ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის თვითმფრინავი დედაქალაქის თავზე და შავი ზღვის ზონაში საზღვაო დესანტის გადმოსვლა აღკვეთეს. მისივე თქმით, მტრის დანაკარგები კიდევ უფრო გაიზარდა.
"რუსმა ოკუპანტმა შეამცირეს შეტევის ტემპი, მაგრამ მაინც ცდილობენ ზოგიერთი მიმართულებით უკრაინის წინააღმდეგ შეტევას", — აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში და განმარტავენ, რომ რუსებს აკლიათ საწვავი და საბრძოლო მასალები.
"საოკუპაციო ძალების წევრები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდა წვევამდელები არიან, გამოფიტული არიან წინა წვრთნებით და აქვთ დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. არსებული ინფორმაციით, არსებობს დეზერტირების, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მსახურებაზე უარის თქმის და ტყვედ ჩაბარების ფაქტები", — აცხადებენ შტაბში. აღსანიშნია, რომ ამ დღეებში მათ გაავრცელეს არაერთი რუსი ტყვის კადრი.
შტაბის განმარტებით, ოკუპანტების მთავარ ტაქტიკად რჩება პატარა ქალაქების, სოფლებისა და მაგისტრალების აღება. მათივე თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დიდი ქალაქების კონტროლის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
"მტრის მთავარი მიზანი ჩვენი სამშობლოს დედაქალაქის, ქალაქ კიევის ბლოკირებაა, რაც ვერ სრულდება", — აცხადებენ შტაბში. მათივე თქმით, კიევს ბალისტიკური და ფრთიანი რაკეტებით უტევდნენ როგორც ბელარუსის, ასევე ყირიმის ტერიტორიიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ჩამოაგდეს ბელარუსიდან კიევის მიმართულებით მფრინავ თვითმფრინავ TU22-დან გაშვებული რაკეტა. მისი თქმით, ეს მორიგი სამხედრო დანაშაულია რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან.
შტაბის განცხადებით, შეიარაღებული აგრესიის მესამე დღის ბოლოს საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:
- პერსონალი 3 000-ზე მეტი ადამიანი და 200-ზე მეტი პატიმარი (დაზუსტებული ინფორმაცია);
- 16 თვითმფრინავი;
- 18 ვერტმფრენი;
- 102 ტანკი;
- სხვადასხვა ტიპის BBM 540 ერთეულზე მეტი;
- საავტომობილო აღჭურვილობა 20 ერთეულზე მეტი.
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- მერის თქმით, ახალი კავოხკა რუსეთის კონტროლის ქვეშაა;
- რუსეთის ჯარი ხარკოვში შევიდა;
- კიევში რუსმა დივერსანტებმა ოჯახის სამი წევრი, მათ შორის ბავშვი მოკლეს;
- ბოლო 24 საათში ქალაქ ახტირკაში დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის გოგოა;
- კიევის ოლქში, ვასილკოვში ნავთობის ბაზაზე ხანძარი იყო;
- რუსმა ოკუპანტებმა ჟურნალისტი მოკლეს.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემები
სუმიის რაიონში მესაზღვრეები და ეროვნული გვარდია დივერსიულ-დამზვერავ ჯგუფებს ებრძვიან. უწყების განცხადებით, სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია საეჭვო პირების შესახებ, რომლებიც ქალაქის ირგვლივ ნიშნებს ათავსებდნენ, გადამოწმებისას დაზვერვის ჯგუფმა ერთ-ერთ ქუჩაზე დამწვარი მანქანა იპოვა, შემოწმებისას მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი მესაზღვრე, დაიჭრა ერთი ეროვნული გვარდიელი.
რუსული ჯარები ხარკოვში
რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინოგუბოვი ტელეგრამზე ავრცელებს. სინოგუბოვი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ თავშესაფრები და აცხადებს, რომ ქალაქში დაძაბული ვითარებაა.
ბოლო ინფორმაციით, ხარკოვში რუსული აღჭურვილობის ნაწილი და "გარღვევის ჯგუფი" უკვე ლიკვიდირებულია. ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, შეატყობინონ დანარჩენების ადგილსამყოფელი.
მძიმე ღამე ადგილობრივების ობიექტივში
გვიან ღამით უკრაინის რადას პირველმა ვიცე-სპიკერმა დაწერა, რომ დაზვერვის მონაცემებით, "ყველაფერი, რაც ფაშისტურ რუსეთშია," კიევში გამოფრინდება. მან მოქალაქეებს ურჩია, თავი თავშესაფარს შეაფარონ. ისმოდა სირენების ხმა.
ასეულობით უკრაინელი პოლონეთისკენ მიმავალ მატარებელს ელოდებოდა.
ხანძრის კადრები ხარკოვიდან.
ოდესაში ოკუპანტების დასახვედრად მოლოტოვის კოქტეილები გაამზადეს.
სიტუაცია სხვა ქალაქებსა და დასახლებებში
სარაკეტო თავდასხმა არციზში:
ღამის დაპირისპირებების შედეგი ნიკოლაევში:
აფეთქებები ზაპოროჟიეში:
ბუჩასთან ხიდი ააფეთქეს:
პოლიტიკური განცხადებები, მხარდაჭერა და სანქციები — ბოლო სიახლეები ერთად
- ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსი სამხედროების სიხშირე გატეხა;
- უკრაინას Starlink-ის ინტერნეტი ექნება;
- Youtube-მა Russia Today-სა და სხვა რუსულ არხებს რეკლამით თანხის გამომუშავება აუკრძალა;
- საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთის, კანადისა და აშშ-ს დამატებითი სანქციები რუსეთს;
- SWIFT რუსული ბანკების სისტემიდან გათიშვისთვის ემზადება; თეთრმა სახლმა, ევროკომისიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ გადაწყვეტილება მიიღეს, კონკრეტული რუსული ბანკები SWIFT-დან გაერიცხათ: SWIFT დაცული ქსელია, რომელიც მსოფლიოს გარშემო ათასობით ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს.
- ზელენსკი საერთაშორისო ლეგიონს ქმნის;
- გმირის წოდება მიანიჭეს უკრაინელ ჯარისკაცს, რომელმაც მტრის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქა და დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდანაც უკრაინაში რაკეტები არ დაფრინავს.
რამდენიმე ფოტო გუშინდელი ღამიდან, რომელიც საერთაშორისო სოლიდარობას ასახავს
ბუნდესლიგის მატჩამდე ფრანკფურტში წუთიერი დუმილი გამოცხადდა. ამ დროს ეკრანზე გამოჩნდა სლოგანი: "პუტინო, შეაჩერე!"
თბილისში უკრაინის მხარმდაჭერი მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია სიდნეიში.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
კომენტარები