გადაარჩენს დემნა Gucci-ის? — The New York Times
ინსაიდერული ისტორია იმის შესახებ, როგორ ცვლის დიზაინერი ბრენდს და საკუთარ თავს.
სტატია 26 თებერვალს, გუჩის შოუმდე ერთი დღით ადრე, The New York Times-ში გამოქვეყნდა.
მილანის გარეუბანში მდებარე Gucci-ს უზარმაზარ სათავო ოფისში არის ერთი დერეფანი, რომელიც სრულიად განსხვავდება ამ თეთრკედლიანი და შემინული სივრცისგან. ეს დერეფანი Gucci-ს ახალი კრეატიული დირექტორის, დემნას კაბინეტისკენ მიდის — ადამიანის, რომელსაც დაევალა მოდის ბრენდის იმ უფსკრულიდან ამოყვანა, რომელშიც მისი გაყიდვები ბოლო დროს გადაიჩეხა.
სინამდვილეში, ეს სულაც არ არის დერეფანი. ის უფრო შავ ხვრელს ჰგავს: შავი კედლები, შავი იატაკი, შავი ჭერი. მასში შესვლა სიბნელეში შთანთქმას ნიშნავს. მაგრამ შემდეგ, ბოლოში, როდესაც დემნა კარს აღებს: სინათლეა.
როგორი მეტაფორაა?
"ეს იმის შეხსენებაა, რომ ეს არის გადატვირთვა (reset)", — თქვა დემნამ იანვარში მცირე ირონიით. მან თავადაც იცის, რომ სიმბოლიზმი ცოტა ზედაპირულია, მაგრამ ხანდახან აშკარა სიმბოლო ზუსტად ისაა, რაც გჭირდება.
დემნას კაბინეტი: ფანჯრების გასწვრივ ჩამოკიდებულია პია კამილის ნამუშევარი, სახელწოდებით "გაბის მაისურების ფარდა" (Gaby’s T-shirt Curtain), ხოლო სამუშაო მაგიდის უკან განთავსებულია კლერ ფონტენის ინსტალაცია "ბოროტი/კეთილი"
ფოტო: Federico Barbieri for The New York Times
ის თავის სამუშაო მაგიდასთან იდგა — დიდ ხის მაგიდასთან, რომელიც მისი კოლექციიდან ერთ-ერთი მაქმანებიანი გადასაფარებლით იყო დაფარული (მას დაახლოებით 50 ასეთი აქვს). მაგიდა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ძველმოდური ჩაის წვეულებისთვის იყო გამზადებული და არა საქმიანი შეხვედრისთვის.
მე გავიზარდე კულტურაში, სადაც ასეთი ნივთები განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ჩემს ოჯახს ისინი არ ჰქონდა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მიტაცებს ეს ნივთები ასე ძალიან, ყოველთვის მინდოდა, რომ მქონოდა
ერთ კედელზე მისი ჩიუაუების, ქუქისა და ჩიკიტას ორი დიდი ფოტო კიდია, რომლებსაც დემნას საფირმო შავი სათვალეები უკეთიათ. მაგიდის ზემოთ კი არტისტ კლერ ფონტენის სარკისებრი ლითონის ვაშლი — როგორც Apple-ის ლოგო, ოღონდ მანამ, სანამ მას მოკბეჩდნენ. ან როგორც ედემი დაცემამდე.
დემნას მიერ შეგროვებული ერთ-ერთი მაქმანებიანი გადასაფარებელი. "მე გავიზარდე კულტურაში, სადაც ასეთი ნივთები განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ჩემს ოჯახს ისინი არ ჰქონდა", — ამბობს ის — "ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მიტაცებს ეს ნივთები ასე ძალიან, ყოველთვის მინდოდა, რომ მქონოდა".
დემნა პია კამილის ნამუშევრის — "გაბის მაისურების ფარდის" წინ. "ის გარკვეულწილად პოლიტიკურია, რაც მაგარია, მაგრამ მე მასში სილამაზეს ვხედავ", — ამბობს დემნა
ფოტო: Federico Barbieri for The New York Times
დემნა ამ სივრცის გადაკეთებით მას შემდეგ იყო დაკავებული, რაც გასულ მარტში Gucci-ში მივიდა. მანამდე მან 10 წელი Balenciaga-ში გაატარა, სადაც ბრენდი "მაღალი მოდის" ვიწრო წრის ფავორიტიდან ნამდვილ კულტურულ ფენომენად აქცია. თავად Gucci 2022 წლამდე წარმატების მწვერვალზე იყო, სანამ მის სუპერვარსკვლავ დიზაინერს, ალესანდრო მიკელეს, საბატო დე სარნო შეცვლიდა. "მშვიდი ფუფუნებისკენ" (quiet luxury) შემობრუნების მცდელობა კრახით დასრულდა. 2022-დან 2025 წლამდე შემოსავალი 10.5 მილიარდი ევროდან 6 მილიარდამდე შემცირდა. დემნა ბრენდისთვის "უკანასკნელი იმედი" გახდა.
თუმცა, მისი დანიშვნა ბევრისთვის სიურპრიზი იყო. მათთვის დემნა "ქუჩის მოდის" მქადაგებელია და ვერ წარმოედგინათ დიდი ზომის ჰუდები ჯეკი კენედის ცნობილი Bamboo ჩანთის გვერდით. განცხადების მეორე დღეს Kering-ის (ჯგუფი, რომელიც ფლობს Gucci-ს და Balenciaga-ს) აქციების ფასი დაეცა. თავდაპირველად Kering-ის თავმჯდომარე, ფრანსუა-ანრი პინოც კი არ იყო დარწმუნებული ამ გადაწყვეტილებაში. Gucci-ს ხომ 17,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და ჯგუფის შემოსავლის 40%-ს უზრუნველყოფს. მათ შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდათ.
მაგრამ აი, რაშია საქმე, ამბობს ფრანჩესკა ბელეტინი, Gucci-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვისი იდეაც იყო დემნას მოწვევა: მხოლოდ Gucci არ იყო მზად ახალი იმიჯისთვის, თავად დემნაც შეიცვალა. ახლა, როცა ის 27 თებერვლის ჩვენებისთვის ემზადება, მათი დამოკიდებულება ასეთია: "კარგი, აი ეხლა გაჩვენებთ".
"სრული მოულოდნელობა!" — ამბობს ლოიკ გომესი, დემნას ქმარი.
ახალი დემნა
ნოემბრის დასაწყისში, ერთ საღამოს, 44 წლის დემნა ლოს-ანჯელესში LACMA-ს გალას მასპინძლობდა. ის Gucci-ს ახალი ტყავის ქურთუკის პროტოტიპსა და ლოფერებს იზომავდა, სტუმრებს ხვდებოდა და ელ ფენინგსა და დემი მურთან ერთად ფოტოებს იღებდა (ორივე მათგანი მან შემოსა ამ საღამოსთვის).
მან გაუძლო ვახშამს, ოფიციალურ წვეულებას, სადაც Doja Cat გამოდიოდა (Gucci-ს სამოსით) და კერძო წვეულებას ბევერლი ჰილზში, სადაც ედ ნორტონთან და მის მეუღლესთან ერთად ატარებდა დროს.
"შინ რომ დავბრუნდი, მინდოდა სამი დღე არავისთან მელაპარაკა", — თქვა დემნამ მეორე დღეს. Balenciaga-ს პიჟამა და ჰუდი ეცვა და დასავლეთ ჰოლივუდში წიგნებს ათვალიერებდა. მას წიგნების მიმართ ერთგვარი ფეტიში აქვს (მისი თქმით, ლონდონის Idea Books-ის მფლობელებმა უთხრეს, რომ ის მათი მეორე უმსხვილესი კლიენტია მეტროპოლიტენის მუზეუმის შემდეგ), თუმცა ამ ვიზიტისას არაფერი უყიდია. წინა ღამესა და მასპინძლის როლზე ფიქრობდა. "მომეწონა", — აღიარა მან.
ადრე, მისი თქმით, ის "ყველანაირად ცდილობდა დამალვას".
როდესაც დემნა Vetements-ში (ბრენდი, რომელიც 2014 წელს დააარსა) და Balenciaga-ში იყო, ის არასდროს გამოდიოდა ჩვენების ბოლოს ხალხის წინაშე. მას სძულდა საჯაროობა. როცა ფოტოს უღებდნენ, შავ ნიღაბს იფარებდა. 2021 წლის Met Gala-ზეც კი ასე მივიდა.
ვინ არის ეს ნიღბიანი მამაკაცი? დემნა 2021 წლის Met Gala-ზე კიმ კარდაშიანთან ერთად, ორივეს Balenciaga-ს სამოსი აცვია.
ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი/Getty Images
მაისში ის კვლავ გეგმავს Met Gala-ზე წასვლას, ოღონდ ამჯერად ნიღბის გარეშე. ადრე ეს წვეულება პანიკურად აშინებდა, ახლა კი მიიჩნევს, რომ "ეს ერთადერთი ადგილია მოდაში, რომელიც მხიარულებასა და თამაშს ზეიმობს".
"მხიარულება" და "თამაში" არ არის ის სიტყვები, რომლებიც დემნასთან ასოცირდება; უფრო "ტანჯული" და "გაბრაზებული" შეეფერებოდა. მისი ადრინდელი ჩვენებები ხშირად გავდა ყვირილს სიცარიელეში: ტალახის ორმოებით, ქარბუქითა და აპოკალიფსური ვიდეოებით.
"დარწმუნებული ვიყავი, რომ კრეატიულობა მხოლოდ მაშინ შემეძლო, თუ ბნელ ადგილას ვიქნებოდი, თუ მსხვერპლად ან მიტოვებულად ვიგრძნობდი თავს", — ამბობს დემნა — "ვიყავი დიზაინერი, რომელიც გვიანობამდე მუშაობს, ერთობა, სვამს და ჯანმრთელობას არ უფრთხილდება". ეს მის წარსულსაც ებმოდა: საბჭოთა საქართველოში გაზრდას და თინეიჯერობისას ოჯახთან ერთად ლტოლვილად ქცევას.
დემნა თავის კაბინეტში, ერთ-ერთ ტყავის დივანზე, ინგვე ჰოლენის ნამუშევრის — "შაბლონის" ქვეშ.
ფოტო: ფედერიკო ბარბიერი, The New York Times-ისთვის
ის ფიქრობდა, რომ მისი მრისხანება არსებული მდგომარეობის შეცვლის სურვილიდან მოდიოდა. მაგრამ ახლა, როცა უკვე 10 წელზე მეტია თერაპიაზე დადის, ფიქრობს, რომ ეს უფრო "საკუთარი თავით უკმაყოფილება" იყო. (ის ფსიქოანალიზის ენაზე ისევე კარგად საუბრობს, როგორც იტალიურად, ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად და ქართულად). ანტონინ ტრონმა, Balmain-ის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა, რომელიც დემნას ანტვერპენის აკადემიიდან იცნობს, აღნიშნა, რამდენად უფრო თავდაჯერებული და მშვიდი გახდა დემნა.
ლოიკ გომესი, მუსიკოსი, რომელიც ფსევდონიმით BFRND მოღვაწეობს და დემნას ჩვენებებისთვის საუნდტრეკებს ქმნის, დაეთანხმა ამას. "ის არის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტს მუშაობს საკუთარ თავზე", — თქვა გომესმა — "როგორც კი ტკივილსა და ტრავმას დაუზავდები, ხვდები, რომ შეგიძლია კიდევ უფრო შემოქმედებითი იყო. მაგრამ დიდ დროს მოითხოვს იმის გაცნობიერება, რომ სევდიანი პოეტის მითი სულაც არ არის აუცილებლად სიმართლე".
ახალი ცხოვრება
Balenciaga-ს პერიოდში დემნა და ლოიკი პარიზსა და შვეიცარიაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა დროს ლოს-ანჯელესსა და მილანს შორის ანაწილებენ. ციურიხში მხოლოდ დემნას არქივი დარჩა — ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი მაისურები, ქურთუკები და მისი სასკოლო ფორმაც კი, ტონობით წიგნთან ერთად.
"ცხადია, ახლა არ არის ყველაზე მარტივი მომენტი შეერთებულ შტატებში წასასვლელად", — თქვა დემნამ, თუმცა ლოს-ანჯელესი ის ადგილია, სადაც ის თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. პარიზში ისიც და გომესიც ხშირად გრძნობდნენ ნეგატიურ დამოკიდებულებას, იმდენად, რომ, გომესის თქმით: "უფრო და უფრო რთული ხდებოდა, თავი თავისუფლად და უსაფრთხოდ გეგრძნო".
შეხვედრების მაგიდა დემნას კაბინეტში. კედელზე განთავსებულია კადრი Gucci-ს წინასასეზონო კოლექციიდან, რომელიც თავად დემნას გადაღებულია.
ფოტო: ფედერიკო ბარბიერი, The New York Times-ისთვის
გუჩიო გუჩის ბლოკნოტების ასლები, რომლებიც Gucci-ს გუნდმა დემნას მისვლისას აჩუქა. თავის ფრჩხილის ლაქზე დემნამ აღნიშნა: "ფერებზე ვექსპერიმენტირებ"
ლოს-ანჯელესი არის ადგილი, სადაც დემნამ ათი წლის წინ ლოიკ გომესს ხელი სთხოვა და სწორედ აქ იყიდეს მათ სახლი: 1950-იანი წლების ბუნგალო, რომელსაც ორიგინალურ სტილში არემონტებენ და რომელიც, დემნას თქმით, "ცოტათი სტრიპტიზ-კლუბის ბუნგალოს ჰგავს". სანამ Gucci-ში სამუშაოს მიიღებდა, დემნა გეგმავდა Balenciaga-ს დატოვებას, ლოს-ანჯელესში გადასვლას და საკუთარი ხაზის დაწყებას, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რა იქნებოდა ეს.
Gucci-ს კონტრაქტში ჩაამატებინა პუნქტი, რომელიც ცალკეული "არტ-პროექტის" განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. მისი ამჟამინდელი ჰობია ანტიკვარულ ბაზრობებზე მე-18 საუკუნის პორტრეტების ყიდვა და მცირე ცვლილებებით მათი რესტავრაცია. წარმოიდგინეთ გოგონა ვიქტორიანულ კაბაში, ოღონდ ჩამოღვენთილი შავი ლაინერით თვალებზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იმავეს აკეთებდა ფაიფურის ფიგურებზეც, რომლებსაც აგროვებს, მაგალითად, რუს ბალერინას მძიმე მეტალის სტილის მაკიაჟი დაამატა. ხიბლავს იდეა, რომ აიღო "რაღაც კლასიკური და მისცე მას სრულიად სხვა კონტექსტი". როგორც ამბობს, შესაძლოა ერთ დღეს ისინი გამოფინოს კიდეც ან გაყიდოს.
სანამ ის და გომესი ელიან, რომ ლოს-ანჯელესის სახლი საცხოვრებლად ვარგისი გახდეს, მილანს ეჩვევიან, სადაც ტრადიციული მილანური ბინა იქირავეს. "მას ყვითელი კედლები აქვს", — თქვა დემნამ — "არასდროს მეგონა, თუ ვიცხოვრებდი ისეთ ადგილას, რომელსაც ყვითელი კედელი აქვს".
"ყველგან ოქრო და სარკეებია", — თქვა გომესმა — "მაგრამ შუაგულში გვიდგას ოთხი დივანი, რომლებიც სრულიად განადგურებული და ცოტა უშნოა". მან ამ კონტრასტს "ძალიან ჩვენებური" უწოდა.
მილანში, დემნას თქმით, მისი დღეები მკაცრად გაწერილია: "გაღვიძება, ვარჯიში, მედიტაცია, ძაღლებთან მოფერება", სამსახურში წასვლა კი შუადღისას. თქვა, რომ მარკ ჯეიკობსისგან ისწავლა დილის საკუთარი თავისთვის დატოვება, რადგან როგორც კი ოფისში მიდის, მისი დრო მას აღარ ეკუთვნის.
დემნამ კვების რაციონი რამდენიმე წლის წინ შეცვალა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სისხლში შაქრის მაღალი დონე ჰქონდა და ახლა, მისი თქმით, "ცხოვრებაში პირველად, თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ. თუმცა არ ვიცი, კიდევ რამდენი ბროკოლის ჭამა შემიძლია". მას შვიდი წელია ალკოჰოლი არ დაულევია და აღარც ტირამისუ უნდება 23:00 საათზე. ცდილობს დასაძინებლად 22:30-ზე დაწვეს.
"ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს", — ამბობს ის — "თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობ".
ახალი Gucci
მიუხედავად ამისა, როდესაც Gucci-ში მივიდა, განწყობა "ცოტათი უიმედო" იყო, თქვა მან. Gucci არა მხოლოდ თითქმის ერთ ღამეში იქცა საჯარო კრიტიკულ და კომერციულ წარუმატებლობად, არამედ მას Kering-იც თან მიჰყავდა. (აქციების ფასი 43.7 პროცენტით დაეცა 2022-დან 2025 წლამდე).
"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ის ისევ მაღლა ავიყვანოთ და იქ დავტოვოთ", — თქვა ბელეტინიმ. ეს არის შეთანხმება, რომელიც მან Kering-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორთან, ლუკა დე მეოსთან და დემნასთან დადო. თუ დიზაინერი თავისი ნაწილის შესრულებას შეძლებს, ის მიაღწევს იშვიათ წარმატებას მოდაში — გარდაქმნის არა ერთ, არამედ ორ მოდის სახლს.
მისასალმებელ საჩუქრად თანამშრომლებმა მას 17 ბლოკნოტი გადასცეს ინსპირაციისთვის: გუჩიო გუჩის ორიგინალური ჩანახატების რეპროდუქციები და ჩანაწერები ჩანთებისა და ქამრების შესახებ. ამის შემდეგ დემნას ორი დიდი "გამოცხადება" ჰქონდა.
პირველი მოხდა მაშინ, როდესაც ის ფლორენციაში, უფიცის გალერეაში მივიდა და "ვენერას დაბადება" ნახა. "ამან მართლა ამაღელვა", — თქვა მან — "ვიტირე. შემდეგ, როცა გამოვედით, Palazzo Gucci დავინახე. და გავაცნობიერე, რომ არსებობს უფიცი, არსებობს მიქელანჯელო, არსებობს ბოტიჩელი და არსებობს Palazzo Gucci".
მეორე კი მისი 16 წლის ნათესავისგან მოვიდა, რომელმაც უთხრა, რომ Gucci Gen-Z-ის სლენგად იქცა. "როგორც ის ამბობს: 'დღეს თავს Gucci-დ ვგრძნობ' ან 'ეს ზედმეტად Gucci-ა'," — თქვა დემნამ — "ამან ტვინი ამიფეთქა. ეს ნიშნავს, რომ ეს ბრენდზე მეტია. მას ასევე შეუძლია წარმოადგინოს ემოცია ან იყოს სულიერი მდგომარეობა."
ახლა, მისი თქმით ამას სამსახურში ხშირად იყენებს: "დღეს თავს Gucci-დ ვგრძნობ".
სტუმრები, მათ შორის ალექს კონსანი ბეწვის ქურთუკში, Gucci-ს მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერაზე, რომელიც დემნამ Gucci-ს საფირმო სტილის საკუთარი ხედვის საჩვენებლად გადაიღო.
ფოტო: ვიქტორ ბოიკო/Getty Images
მისთვის Gucci, როგორც თავად ამბობს, არის "იტალიური კულტურის ცენტრში, მაგრამ ასევე მხიარულებაზეა და იმაზე, რომ ყველაფერი ზედმეტად სერიოზულად არ მიიღო. არ იყო გულუბრყვილო, მაგრამ არც დრამას დაუთმო ზედმეტი ადგილი". ბრენდი ერთდროულად კლასიკურიც უნდა იყოს და საზღვრებსაც არღვევდეს. ამიტომ, ის ქმნის იმას, რასაც "Gucci Core"-ს უწოდებს — საბაზისო ნივთების ნაკრებს, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება, და ცალკე საჩვენებელ კოლექციას.
თუკი სექტემბერში დემნას მიერ წარმოდგენილმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა დაამკვიდრა Gucci-ს პერსონაჟების ნაკრები, რომლებიც მისი ხედვით შექმნილ საფირმო სტილში იყვნენ შემოსილნი (მათ შორის "პრიმადონა", "კონტესა" და "ბასტარდო"), ხოლო დეკემბერში წარმოდგენილმა წინასასეზონო კოლექციამ ტომ ფორდისეული Gucci გამოიკვლია, შემდეგი ჩვენებისთვის მას სულ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული.
ფოტო: Gucci
ფოტო: Gucci
ახალი შოუ
"რაც მინდა Gucci-ში შევიტანო, არის კულტურული აქტუალობა, ხოლო კულტურული აქტუალობა მეინსტრიმ კულტურიდან არასდროს მოდის, არასდროს", — თქვა დემნამ — "ის მოდის ნაკლებად ცნობილი ან უცნობი ტალანტებისგან. ის მოდის ანდერგრაუნდიდან".
ამ მიზნით, ის აწონ-დაწონის, ღირს თუ არა ცნობილი "ამბასადორები" და ვარსკვლავების წინა რიგებში დასმა ამხელა ფულად. "ეს გარიგებით ქორწინებას ჰგავს", — ამბობს ის — "მძულს იდეა, რომ ვინმეს ფული უნდა გადაუხადო შენი ტანსაცმლის ჩასაცმელად, თუ მათ თავად არ უნდათ მისი ტარება. საერთოდ მძულს სიტყვა 'ამბასადორი'. ვცადეთ ChatGPT-ისთვის გვეთხოვა სხვა სიტყვის მოფიქრება, მაგრამ არ გამოვიდა".
ამის ნაცვლად, მან დაახლოებით 20 არტისტი შეარჩია, რომლებიც თავისი Spotify-ის ალგორითმით აღმოაჩინა, მათ შორის ბრიტანელი რეპერები Fakemink და EsDeeKid (რეპერი, რომელზეც გარკვეული პერიოდი ყველას ეგონა, რომ შენიღბული ტიმოთე შალამე იყო) და ისინი ჩვენებაზე დაპატიჟა.
ის ასევე იკვლევს ზომების ახალ სისტემას, რაც მას ნაკლებად ციფრებზე (0, 2, 4) და მეტად სხეულის ტიპებზე დაფუძნებულს გახდის: დაბალი და გამხდარი, მაღალი და გამხდარი, დაბალი და ძლიერი. ეს იმაზე რთულია, ვიდრე ჟღერს, რადგან ეს არ გულისხმობს მხოლოდ სტანდარტული ზომის გაზრდას ან შემცირებას, არამედ თითოეული ნივთისთვის ახალი (და განსხვავებული) თარგების შექმნას. მაგრამ, იდეალურ შემთხვევაში, მეტი სხეულის ტიპი ნიშნავს ტანსაცმელს, რომელიც უფრო მეტი მომხმარებლისთვის იქნება რელევანტური.
დემნა თავისი კაბინეტის გარეთ მდებარე შავ დერეფანში. "ეს ჰგავს სენსორული დეპრივაციის დერეფანს", — ამბობს ის .
ფოტო: ფედერიკო ბარბიერი, The New York Times-ისთვის
იცის, რომ ყველა ელოდება "Gucci-ს ჰუდის", მაგრამ, მისივე თქმით, "ეს არის ზუსტად ის, რასაც აშკარაა, რომ არ გავაკეთებდი". ის სხეულზე მომდგარ სამოსზე ფიქრობს. ვინაიდან ფიზიკურად თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს, უფრო ვიწრო სილუეტებს ქმნის. ცდილობს ნაკერების გაუქმებითა და ყველაფრის შემსუბუქებით შეიმუშაოს ახალი ტიპის მინიმალიზმი.
"ვიფიქრე iPhone-ზე და Apple-ზე, როდესაც მათ დაიწყეს და იმაზე, როგორ იყო მათი მიდგომა 'ჭკვიან-დიზაინზე'", — თქვა მან — "იცით, რა გვჭირდება სინამდვილეში? აქამდე ყოველთვის იმისთვის ვქმნიდი, რომ საკუთარ თავზე ინტელექტუალური შთაბეჭდილება მომეხდინა — ნივთების ამოყირავება, უცნაური სახელოები, ანუ ბევრი ისეთი რამ, რასაც ბელგიაში მოდის სწავლისას ითვისებ. მაგრამ Gucci-ში ვგრძნობ, რომ ეს არ უნდა გავაკეთო. საქმე კონცეფციაში კი არა, კარგ ქურთუკშია. მას საკუთარ თავზე იზომავ.
და როგორც ჩანს, ყველაზე შენ ირგვლივ. ბატონმა გომესმა თქვა, რომ თვალი დაადგა "ბევრ ძალიან ლამაზ ფეხსაცმელს". (შოუში შეიძლება ბევრი ტყავი იყოს, ასევე ცხვრის ბეწვი წაულას დამუშავებით და ნიანგის ტყავი). "აღმოვაჩინე, რომ ნიანგის ტყავი მიყვარს", — თქვა მან.
ბელეტინის აცვია 1960-იანი წლების სტილის მკვეთრი წითელი პალტო სექტემბრის კოლექციიდან, ვიწრო, კვადრატული მხრებით, რომელიც, მისი თქმით, მას განსაკუთრებულ განწყობას ანიჭებს.
"ეს შოუ არის ის, როგორ ვისურვებდი ჩაცმას მე", — თქვა დემნამ ხითხითით. (ის მართლა ხითხითებდა). ფიქრობდა რამდენიმე მამაკაცის ჩართვაზეც, რომლებსაც ქურთუკები შიშველ ტანზე ეცმევათ. ეს მისი ერთ-ერთი მიზანია საკუთარი თავისთვისაც. ამისთვის ჯერ მზად არ არის, მაგრამ ფიქრობს, რომ რამდენიმე "მჭიდროდ მომდგარი ჯინსი" კარგი დასაწყისი იქნება.
კომენტარები