მისია Artemis 3-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარეზე აღარ დაეშვებიან
ფოტო: NASA/Ben Smegelsky
NASA-ს მთვარის პროგრამაში (Artemis) ცვლილებებია. სააგენტოს ხელმძღვანელ ჯარედ აიზეკმენის განცხადებით, ფრენები არა რამდენიმეწლიანი, არამედ 10-თვიანი შუალედით განხორციელდება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მისია Artemis 3 მომდევნო წელს ჩაინიშნა, თუმცა მის ფარგლებში ასტრონავტები ციური სხეულის ზედაპირზე აღარ დაეშვებიან. სააგენტომ შეიძლება კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-იცა და Blue Origin-ის Blue Moon-იც გამოიყენოს (ან მათგან რომელიმე). ამ აპარატებს ტესტირებისთვის დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაუშვებენ და ღია კოსმოსისთვის განკუთვნილ ახალ სკაფანდრებსაც გამოცდიან.
ამის შემდეგ მთვარეზე ისტორიული დაშვება რამდენიმე თვეში იგეგმება. იდეალურ შემთხვევაში, 2028 წელს ორი ფრენა განხორციელდება: Artemis 4 და Artemis 5. ამის მიუხედავად, მთვარეზე დასაშვები მოდულების შესახებ ეჭვები არსებობს, რადგან ისინი სრულად არათუ მთვარეზე, არამედ ჯერ კოსმოსშიც და დაუტესტავთ.
აიზეკმენს მთვარის კოსმოსურ სადგურ Lunar Gateway-ზე არ უსაუბრია. ცნობისთვის, დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე მის განთავსებას სწორედ NASA-ს ამ პროგრამის ფარგლებში აპირებენ (ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო). მანამდე ჯერ Artemis 2-ია გეგმაში, რომელიც წელს უკვე მეორედ გადაიდო, ამჯერად აპრილისთვის.
ასევე, იხილეთ: სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე
Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის გარშემო 8 თებერვალს უნდა გაეშვათ. ამის მიუხედავად, 2 თებერვალს რაკეტა Space Launch System-ის ტესტირებისას თხევადმა წყალბადმა გაჟონა. მანამდე ინჟინრები აპარატის ცენტრალური ნაწილისთვის საწვავის მიწოდებაზე პასუხისმგებელ ინტერფეისში პრობლემის მოგვარებას რამდენიმე საათი ცდილობდნენ. ეს წარმატებით შეძლეს და ყველა ავზიც აავსეს, თუმცა დროის ათვლა ავტომატურად შეჩერდა, რადგან გაჟონილი თხევადი წყალბადის ოდენობა გაიზარდა. ამის გამო ფრენა მარტამდე ვერ განხორციელდებოდა.
რაკეტის მეორედ მომზადება 19 თებერვალს დაიწყეს და წინა მცდელობისას წარმოქმნილი პრობლემებიც წარმატებით აღმოფხვრეს, თუმცა 21 თებერვალს ტესტირებისას მოულოდნელად ჰელიუმის სისტემაში ხარვეზი დააფიქსირეს. ეს აირი რაკეტის მეორე საფეხურამდე ვერ აღწევდა, არადა ის ძრავების გასაწმენდად და საწვავის ავზების სათანადო წნევის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. შესაბამისად, მისია ისევ გადაიდო, ხოლო ფრენის მომდევნო ფანჯარა აპრილში იხსნება.
შეგახსენებთ, რომ მისია Artemis 2-ის განმავლობაში, 1972 წლის შემდეგ პირველად, ასტრონავტები დედამიწის ორბიტას გასცდებიან და მთვარეს გარშემო შემოუვლიან. შეიძლება ისინი იმაზე შორსაც წავიდნენ, ვიდრე ადამიანი ოდესმე ყოფილა.
კომენტარები