5 არარომანტიკული ფილმი, რომელიც ვალენტინობაზე უნდა ნახო
14 თებერვალს უკვე ლამის მსოფლიოს ყველა კუთხეში აღნიშნავენ ვალენტინობას, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ რელიგიური შინაარსი ჰქონდა, მოგვიანებით კი უფრო რომანტიკული დატვირთვა შეიძინა და ერთგვარ კულტურულ მოვლენად გადაიქცა.
მიუხედავად ადამიანურ გრძნობებსა და წრფელ სიყვარულზე მუდმივი აქცენტისა, შობის / ახალი წლისა არ იყოს, ამ დღესასწაულმაც მეტწილად კომერციული სახე მიიღო: ათასგვარი რეკლამით გვარწმუნებენ, რომ სწორედ ამ დღეს უნდა ვაჩვენოთ იმ ერთადერთს, თუ როგორ ძალიან გვიყვარს. ამისათვის კი, რა თქმა უნდა, საჭიროა, ფული დავხარჯოთ. ამიტომაც ყველა ჯურის კომპანია გამაოგნებელ 10%-იან ფასდაკლებას აცხადებს იმ პროდუქციაზე, რომელიც დიდი ხანია, დამტვერილი აწყვია დახლზე და გვაჯერებენ, რომ მხოლოდ უფუნქციო ნივთების შეძენით თუ შევძლებთ ჩვენი გრძნობების საუკეთესოდ გამოხატვას.
ცალკე ამბავია, როგორ ამყარებს მსგავსი მარკეტინგული კამპანიები სტერეოტიპებს გენდერულ როლებზე: მაგალითად, რა უნდა აჩუქო ვალენტინობის დღეს ქალს, თუ არა მაინცდამაინც ყვავილები, სუნამო ან კოსმეტიკური საშუალებები.
გლობალიზაციისა და მასმედიის ეპოქაში ეს დასავლური დღესასწაული ბოლო წლებში სხვა ბევრი რამის მსგავსად საქართველოშიც დამკვიდრდა მთელი თავისი დიდებულებით: მან შეინარჩუნა როგორც კომერციალიზაციის პოტენციალი, ისე ჰეტერონორმატიული ბუნება — ამ დღის სასიყვარულო ჟრიამულში სრულიად უხილავები არიან ჰომოსექსუალი და სხვა ქვიარ ადამიანები. გამორიცხულნი არიან ისინიც, ვინც სილამაზის სტანდარტებს ან გარკვეულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ვერ აკმაყოფილებენ: ამ დღის ხატებზე (სარეკლამო ბანერებზე, ფოტოებზე, ბროშურებსა თუ პოსტერებზე) გამოსახულნი არიან მომხიბვლელი ქალებითა და სანდომიანი კაცებით დაკომპლექტებული ახალგაზრდა წყვილები, რომლებმაც შემდეგ ოჯახები უნდა შექმნან და სახელმწიფოს შვილები გაუჩინონ. სასურველია, ბიჭები.
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დღე ხშირად წნეხად იქცევა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაწყვილებულები არ არიან: მთელი სამყარო მოგიწოდებს, რომ პარტნიორი გყავდეს. ხოლო თუ ეს არ გინდა, ან ისე არ გინდა, როგორც საზოგადოება მოითხოვს ამას, ან სულაც მოხდა სასწაული და ვერ მოახერხე, რომ შესაფერისი მეორე ნახევარი აქამდე გეპოვა, მაშინ თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს, რადგან ერთადერთ მისაღებ მოცემულებად წყვილში ურთიერთობა წარმოგვიდგება. ამას ცხადყოფს თუნდაც ის, რომ შეღავათებით სწორედ შეყვარებული პარტნიორები არიან წახალისებულები — მათ აქებენ, დანარჩენებს კი დროულად გამოსწორებისკენ მოუწოდებენ.
ვალენტინობის რიტუალური ხასიათი ლამის მკაცრად განსაზღვრულია: არსებობს წინასწარი მოლოდინები, თუ რა უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს, როგორ გაატარო დრო მასთან ერთად და რომელ რომანტიკულ ფილმებს უნდა უყუროთ ერთად. თუ თქვენც მიქარეთ და ჩემსავით არ იზიარებთ ამ დღის სულისკვეთებას, ნუ შეგაშინებთ ის, რომ ამის გამო მარტოსულები, ბოღმიანები ან უიღბლოები შეიძლება გვიწოდონ: ქვემოთ იმ რამდენიმე ფილმს წარმოგიდგენთ, რომლებთან ერთადაც შეგვიძლია, 14 თებერვალი თუნდაც მარტოებმა გავატაროთ და ზოგადად რომანტიკული ურთიერთობები "რაფაელოს" არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად კიდევ ერთხელ გადავიაზროთ.
1. The Lobster / ლობსტერი (2015) — რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი
რასაც ზემოთ გაზვიადებულად აღვწერდი მარტოხელებზე სოციალური წნეხის შესახებ, ზუსტად იმავეს კიდევ უფრო გროტესკულად გვაჩვენებს წარმოშობით ბერძენი რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი თავის ფილმში ლობსტერი. დისტოპიური ჟანრის ამ კომედიურ დრამაში მოქმედება ისეთ სამყაროში ვითარდება, სადაც პარტნიორის გარეშე ცხოვრება პირდაპირი მნიშვნელობით დანაშაულად ითვლება: მარტოხელებს 45 დღე ეძლევათ, რათა მათთვის ზედგამოჭრილი კანდიდატურა იპოვონ, თორემ ცხოველად გადაქცევა ემუქრებათ. ამ გარემოში ჩნდებიან პარტიზანებიც: ისინი, ვინც ამ სისტემას განუდგნენ და პირიქით, სიყვარულს და პარტნიორულ ურთიერთობას გმობენ სასტიკად. ამ დაპირისპირების პარალელურად ფილმს მუდმივად გასდევს ერთი თვალსაჩინო დილემა: იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთად ყოფნა შეძლონ, მათ რაღაც მნიშვნელოვანი საერთო უნდა ჰქონდეთ, თუნდაც სხეულებრივი მახასიათებელი ("ორივე ცაციები ვართ", "ორივეს გვიყვარს ლიტერატურა", "ჩვენი ჰოროსკოპი ერთმანეთს იდეალურად ეწყობა"). ეს კი გვახსენებს, თუ როგორი შეზღუდულია ხშირად ჩვენი თითქოს ყველაზე ბუნებრივი გრძნობებიც კი. ან კიდევ იმას, რომ ხანდახან არიელივით გვიწევს საკუთარ თავზე უარის თქმა და გარდასახვა, სხვაზე დამსგავსება, რათა განსხვავებების წაშლით წყვილმა ერთად თანაცხოვრება შეძლოს.
2. Get Out / თავს უშველე (2017) — რეჟისორი ჯორდან პილი
ამ ფილმის სახელწოდება თითქოს პირდაპირ მიმართავს ბევრ შეყვარებულ ადამიანს. დიახ, ხანდახან თავს იქამდე უნდა ვუშველოთ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. მთავარია, ვინმემ გვითხრას ეს, თუნდაც საკუთარმა შინაგანმა ხმამ, რომელიც გულმოდგინედ მივაჩუმეთ. თავს უშველე ბოლო წლების ერთი-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმია, რომელიც, პირველ რიგში, თანამედროვე ამერიკულ საზოგადოებაში დღემდე მყარად ფესვგადგმული რასიზმის შესახებ მოგვითხრობს, მაგრამ სიუჟეტიდან გამომდინარე შეგვიძლია, ის სასიყვარულო ურთიერთობის მაგალითადაც განვიხილოთ: როგორ შეიძლება ამოყო თავი მონობაში ისე, რომ ვერც კი გააცნობიერო. აი, ქართული სიტყვა "შეუღლებაც" იმავეს არ გვეუბნება? კი გვამშვიდებენ, უღლის თანაბრად გაწევას გულისხმობსო, მაგრამ არც ისე იშვიათად ხდება ის, რომ ბოლოს სრულიად მარტო გიწევს ხვნაც და თესვაც. ჯორდან პილის საშინელებათა ჟანრის ეს შესანიშნავი სატირა იმათ განსაკუთრებით შეაშინებს, ვისაც უსიამოვნო სინამდვილისთვის თვალის გასწორება ვერა და ვერ გაუბედავს.
3. Kill Bill / მოკალი ბილი (2003-2004) — რეჟისორი კვენტინ ტარანტინო
მიუხედავად ძალადობის ამსახველი სისხლიანი კადრებისა, ეს ფილმი, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო სანახავია ამ სტატიაში ჩამოთვლილი ვარიანტებიდან. მიზეზი მარტივია: რეჟისორი ლეგენდარული კვენტინ ტარანტინოა, რომელიც იდეალურად ახერხებს, რომ სისასტიკით გაჟღენთილი სცენებიც კი ყველაზე სასაცილო გახადოს, რითაც თვითონ ამ სისასტიკეს უკარგავს ძალას. ამის გარდა კი ანტისავალენტინო განწყობით რა უნდა ნახო იმ ფილმზე უკეთესი, რომლის მთავარი მოტივიც სამაგიეროს გადახდაა: საუცხოო უმა თურმანი შურისმაძიებელი პატარძლის წარუშლელ სახეს ქმნის. თუ ისე მოხდა, რომ ეს კინოსურათი აქამდე არ გინახავთ, იცოდეთ, რომ ერთფილმად ჩაფიქრებული ეს ისტორია ქრონომეტრაჟის სიდიდის გამო ორ ფილმად (Vol.1 და Vol.2) გამოვიდა, რომლებიც ცალ-ცალკე შესანიშნავია, მაგრამ აუცილებლად ერთიანად უნდა ნახოთ და თქვენც იმ მაყურებელთა რიცხვს შეემატებით, ვინც აგერ უკვე რა ხანია, მოუთმენლად ელის მესამე ნაწილის გამოსვლას.
4. Gone Girl / გაუჩინარებული ქალი (2014) — რეჟისორი დევიდ ფინჩერი
"ეს არის ისტორია ორ ადამიანზე, რომლებიც თავს სულ სხვა ადამიანებად აჩვენებენ, უკეთეს ადამიანებად, საოცნებო ბიჭისა და საოცნებო გოგოს როლს თამაშობენ, მაგრამ ერთხელაც ასე გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ და ერთმანეთის განადგურებას დაიწყებენ", — ასე აღწერს რეჟისორი დევიდ ფინჩერი თავის ფილმს, რომელმაც ერთდროულად რეჟისორის ოსტატობით, სცენარით, გადაღებითა და სამსახიობო შესრულებით მილიონობით მაყურებელი გააოგნა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. გაუჩინარებული ქალი მისტიკური ტრილერია, რომელიც ამავე სახელწოდების მსოფლიო ბესტსელერის ეკრანიზაციაა. წიგნსა და ფილმშიც მოთხრობილი უზომოდ დამაინტრიგებელი ამბის მთავარი გმირიც და ანტიგმირიც ემი დანია, რომლის როლს როზამუნდ პაიკი იმდენად შესანიშნავად ასრულებს, რომ თანამედროვე ამერიკული კინოს ისტორიაში ქალის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სახეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმში ადამიანების მიერ ჩადენილი მრავალი სისასტიკეა ნაჩვენები, როგორც ერთმა გამოცემამ აღნიშნა, მასში მთავარი ბოროტმოქმედი მაინც ქორწინებაა.
5. Midsommar / მიდსომარი (2019) — რეჟისორი არი ასტერი
არი ასტერი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორია, რომელმაც უკვე გააოცა მრავალი მაყურებელი თავისი პირველი ორი ფილმით Hereditary და Midsommar და მჯერა, მომავალში კიდევ უფრო მოულოდნელად სასიამოვნო სიურპრიზებს შემოგვთავაზებს. იმასთან ერთად, რომ მიდსომარი საშინელებათა ჟანრში ბოლო პერიოდის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, ის ამავდროულად სწორედ ჟანრული კინოსა და სკანდინავიური ფოლკლორის გამოყენებით სულისშემძვრელად გამოგვცემს განშორების, ურთიერთობის დასრულების პროცესსა და მის თანმხლებ უსაზღვრო ტკივილს. ეს ალბათ იმითაცაა მეტწილად განპირობებული, რომ რეჟისორმა თავადაც გამოიარა იგივე გზა და პირადი გამოცდილებით შთაგონებულმა გვაჩვენა ურთიერთობა, რომელიც იმდენად გწამლავს, რომ შურისძიების მწველი სურვილი მთელი არსებით გიპყრობს.
კომენტარები