მალაიზია მომავალი თაობებისთვის სიგარეტის აკრძალვას გეგმავს
მალაიზია თამბაქოსგან სრულად გათავისუფლებას ცდილობს და ამისთვის მომავალი თაობებისთვის სიგარეტის გაყიდვის ეტაპობრივ აკრძალვას გეგმავს.
მალაიზიის ჯანდაცვის მინისტრმა ხაირი ჯამალედინმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეზღუდვები 2005 წლის შემდეგ დაბადებულებს შეეხებათ. მალაიზიური მედია იუწყება, რომ კანონი ასევე აკრძალავს ელექტრონულ სიგარეტებს.
ეს ნიშნავს, რომ მალაიზიელები, რომლებიც ამჟამად 18 წელზე პატარები არიან, ვეღარ შეძლებენ თამბაქოს ნაწარმის ლეგალურად შეძენას.
"ეს მნიშვნელოვნად აისახება არაგადამდები დაავადებების შემცირებისა და პრევენციის მხრივ", — განაცხადა ჯამალენდიმ.
მალაიზია ამ მხრივ პირველი ქვეყანა არ არის. 2021 წლის დეკემბერში იგივე ახალი ზელანდიის ხელისუფლებამაც განაცხადა. "ადამიანები, რომლებიც კანონის მიღების მომენტში 14 წლის იქნებიან, კანონიერად თამბაქოს შეძენას ვერასდროს შეძლებენ", — თქვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.
თუმცა, ამ მიდგომას ბევრი არ ეთანხმება. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი შეზღუდვები თამბაქოს შავ ბაზარს გააჩენს.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 21-ე საუკუნეში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული მიზეზებით შეიძლება დაიღუპოს ერთი მილიარდი ადამიანი. რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას, მოწევა ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მოხმარებით.
მოწევა განსაკუთრებით აწუხებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, სადაც ამჟამად 1,3 მილიარდი თამბაქოს მომხმარებელი ცხოვრობს, რაც საერთო მომხმარებლების 80%-ია.
კომენტარები