კოვიდ-ტესტირება უკვე სმარტფონის გამოყენებითაც შეიძლება — როგორ მუშაობს ინოვაცია
ტექნიკა ამჟამად საწყის ეტაპზეა, ტესტის ეფექტიანობისა და სიზუსტის დასადასტურებლად კი დამატებითი კვლევები იქნება საჭირო.
Gizmodo-ს უწყებით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კოვიდ ტესტირების ახალი სისტემა წარმოადგინეს, რომელიც მობილურ აპლიკაციას იყენებს და PCR ტესტზე 10-ჯერ იაფია. კვლევა ჟურნალში JAMA Network Open გამოქვეყნდა.
სისტემას smaRT-LAMP ეწოდება, მის მიერ გამოყენებულ აპლიკაციას კი — Bacticount. გადმოცემის თანახმად, შედეგები PCR ტესტის ანალოგიური სიზუსტისაა.
"კოვიდ-19-ის გამომწვევ ვირუსს (SARS-CoV-2) სხვა რესპირატორული პათოგენების, თუნდაც გრიპის, მსგავსი სიმპტომები აქვს, თუმცა თითოეული მათგანი მკურნალობის განსხვავებულ სტრატეგიას საჭიროებს. ამასთანავე, ანტიგენ ტესტები ნაკლებად ზუსტია, უფრო სანდო PCR გამოკვლევა კი ძვირია და მეტი დრო სჭირდება. Bacticount-ის აპლიკაციისა და ნუკლეინმჟავის ტესტირების ახალი მეთოდით უკვე შესაძლებელია, ნერწყვის ნიმუში კოვიდ-19-სა და გრიპის ვირუსზე დაახლოებით საათ-ნახევარში შემოწმდეს სმარტფონის გამოყენებით, თითოეული სინჯის საფასური კი 7 ამერიკული დოლარი იქნება", — ვკითხულობთ Bacticount-ის ვებსაიტზე.
მეთოდი შემდეგნაირია: პაციენტი ნერწყვის ნიმუშს ელექტროკონფორის თავზე არსებულ ტესტში ათავსებს და რეაქტიულ ხსნარს უმატებს, რომელსაც რნმ-ის ამპლიფიკაცია ევალება. ამის შემდეგ სინჯები მუყაოს ყუთში თავსდება, რომელსაც თავზე LED განათება აქვს მიმაგრებული.
მომდევნო ეტაპზე საქმეში სმარტფონის კამერა ერთვება: იგი ფერის რეაქციების მიხედვით ტესტის პასუხს აფიქსირებს — პათოგენების არსებობისას ნიმუშები წითლად ანათებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტექნიკა ამჟამად საწყის ეტაპზეა. კვლევაში მხოლოდ 50 პაციენტი მონაწილეობდა, ტესტის ეფექტიანობისა და სიზუსტის დასადასტურებლად კი დამატებითი კვლევები იქნება საჭირო. მიუხედავად ამისა, მკვლევართა გუნდი მაინც ფიქრობს, რომ მათი ნაშრომი PCR ტესტებს გაუწევს კონკურენციას.
მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანით კორონავირუსის არაერთი შტამისა და სხვა ვირუსების დაფიქსირებაც იქნება შესაძლებელი. ტესტი ამჟამად მხოლოდ Samsung Galaxy S9 სმარტფონებზე მუშაობს, თუმცა, თუკი მეცნიერები მეთოდს სხვა მობილურებსაც მოარგებენ, ტექნოლოგია ნამდვილად მიმზიდველ პერსპექტივას გვისახავს.
კომენტარები