"ველი იმ დღეს, როცა სხვას მაინც ვნახავ თავისუფალს ამ არარსებული ციხიდან"
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
როდის აღმოაჩინე საკუთარ თავში შენი იდენტობა და პირველად რა განცდა დაგეუფლა?
ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ადრეულ ასაკშივე ვიცოდი, რომ რაღაც სხვანაირად იყო. არ ვგულისხმობ ბავშვობის ადრეულ წლებს, საუბარი მაქვს დაახლოებით 13-15 წელზე. მაშინ ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, შესაბამისად, ბევრი კითხვაც არ გამჩენია, არც გარშემო სვამდნენ ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებულ კითხვებს, თუმცა აუთსაიდერი ვიყავი ბევრ სიტუაციაში, სკოლაში, ეზოში და ა.შ. მიჭირდა საერთო ენის მოძებნა, თითქოს, შემთხვევით ვიყავი კონკრეტულ სიტუაციებში მოხვედრილი.
მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმდენი მესმოდა, ამის შესახებ კითხვები არავისთან უნდა დამესვა. თითქოს, ცხოვრებაში პირველად, უდიდესი დამცავი გარსი ავაშენე, სადაც ერთადერთი ბინადარი მე ვიყავი. იქ არც სტუმარი მოდიოდა და არც გასაღები არსებობდა. მხოლოდ მე და საკუთარი თავი — ჩემი უსაფრთხო გარემო.
რა გზა გაიარე საკუთარ თავთან ქამინგაუთამდე?
საკუთარ თავთან ქამინგაუთი საკმაოდ რთული იყო ჩემთვის. თავიდან არსებობდნენ მეგობარი გოგოები, რომლებსაც შეყვარებულებს ვეძახდი. იმხელა პატივისცემა მქონდა მათ მიმართ, ეს მეგონა სიყვარულიც, ლტოლვაც და სექსიც.
შემდეგ ეტაპზე, სრულიად შემთხვევით, გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელთანაც საერთო საქმიანობიდან გამომდინარე მქონდა ურთიერთობა.
მახსოვს, რომ თავიდან სახელის დარქმევა მეშინოდა ამ ყველაფრისთვის, თუმცა მაინც ვპოულობდი გზებს, ჩემი სათქმელი მეთქვა, ჩემი სულიერება გამომეკვება და მყავდა ასე უცნობ-ნაცნობი მეგობარი, რომელთანაც არაფერს ვაღიარებდი. ჩვენ შორის იყო მხოლოდ სურვილი, სურვილი იმის, რომ დღე და ღამე გვქონოდა მიმოწერა. ეს მისთვისაც საკმარისი იყო, სანამ ამ ყველაფერმა სხვა ემოციური დატვირთვა არ მიიღო. ის "გამოტყდა" თავის ორიენტაციაში, მე კი არა და უბრალოდ წასვლა ვამჯობინე.
იმდენად მძიმე იყო ეს განშორება, რომ უკვე ზუსტად ვიცოდი, სად ვიყავი, სხვაგვარად ასე არ გამიჭირდებოდა. როგორ გავიარე ის პერიოდი, არ მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ, ვფიქრობ, მეათე კლასში. ალბათ, ყოველდღიური რუტინაც დამეხმარა ამ ყველაფრის დავიწყებაში, მის დავიწყებაში, თორემ მან დამიტოვა ის სიმართლე, რა სიმართლითაც დღემდე ვცხოვრობ და ამისთვის დღემდე მისი მადლიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განწყობის შესახებ, ამდენი წლის შემდეგაც არ იცის.
როგორია ცხოვრება ქამინგაუთის გარეშე? ან მაშინ, როდესაც შენზე სიმართლე მხოლოდ ვიწრო წრეში იციან?
დასაწყისში ვახსენე, რომ დამცავი ბარიერის შექმნას ადრეული ასაკიდან შევუდექი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მაქვს მომენტები, როდესაც მინდა ადამიანებს თვალი გავუსწორო და სიმართლე ვუთხრა, რომ მეც ის ადამიანი ვარ, ვისაც დაკნინებით მოიხსენიებენ, ეს საკითხი დიდად არ მაწუხებს. ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ საჭიროა, ყველამ იცოდეს ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა რეალობის წინაშე ვიქნებოდი, რომ ვიცოდე, რომ უკეთეს სოციუმში ვცხოვრობ.
ზუსტად ის ვიწრო წრე, რომელიც მე დავიმსახურე ჩემი ცხოვრების მანძილზე, მაძლევს იმ საზრდოს, რისი წართმევაც სოციუმს დიდი ხანია უნდა. ზუსტად ეს ადამიანები არიან ჩემ გვერდით, როდესაც მიჭირს და ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მაქვს, თუნდაც, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
არ მინდა, მკითხველმა ეს ყველაფერი ისე მიიღოს, რომ რამე სამარცხვინოდ მიმაჩნია ან ეგონოთ, ეს საამაყო განცხადება არ იქნებოდა ჩემი მხრიდან, უბრალოდ, შესაძლოა, ჩემმა ქამინგაუთმა ძალიან ბევრ ჩემთვის საყვარელ ადამიანს მიაყენოს ტკივილი. მათ დარდად და ტკივილად არ მიღირს ნამდვილად ის, რომ ვინმე გიორგიმ იცოდეს ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ — მათ ხომ ისედაც იციან, ვინც უნდა იცოდეს.
ბენეფიტებზე რომ ვფიქრობ, ჩემი ქამინგაუთი მოსპობდა "ცოლი როდის მოგყავს?" კითხვას ჩემ გარშემო და თან, რაც ასაკში შევდივარ, ინტენსივობა იმატებს. თუმცა იმას ყოველთვის ვამბობ, რომ ცოლი არ მომყავს და უმჯობესია, თავიდანვე გაითვალისწინონ. ალბათ, ესაა ჩემი ქამინგაუთი — აღარ მინდა ტყუილი.
აი, ტყუილსაც მივადექით. მიჭირს, როგორ არ მიჭირს, რომ გარკვეულ სიტუაციებში მიწევს ტყუილის თქმა, თუმცა ეს არ არის ისეთი ტყუილი, რომელიც სხვას აყენებს ზიანს.
ხედავ თუ არა საქართველოში შენი პირადი ცხოვრების განვითარების საშუალებას?
სამწუხაროდ, არა. ხმამაღალი განცხადება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ უცნობი ამბავი არ არის, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ ძალიან ბნელა. არ შემიძლია, საქართველოში ვიფიქრო პირად ცხოვრებაზე, რომელიც იქნება საჯარო და ამისი ნორმალიზება მოხდება, თუმცა ამ ყველაფრისკენ იდგმება პატარა ნაბიჯები, რომლის ავტორებიც არიან წინა ხაზზე მებრძოლი ახალგაზრდები, აქტივისტები თუ უბრალოდ მხარდამჭერები. ვფიქრობ, პროგრესი დიდ დროს საჭიროებს და მაგ დროისთვის უკვე მე აღარ მექნება დრო, ასაკში ვიქნები, მაგრამ მაინც ველი ამ დღეს, რომ სხვა ვნახო თავისუფალი, ამ არარსებული ციხიდან თავისუფალი.
მოგწონს თუ არა ქართულ რეალობაში არსებული ქვიარ აქტივიზმი? ჩართული ხარ მასში? რას შეცვლიდი ამ მიმართულებით?
ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც ასე საჯაროდ იბრძვის თანასწორობისთვის, იმისთვის, რომ რეალობა შეიცვალოს. ადრე ომში წასვლა იყო საგმირო საქმე, ახლა კი ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის. მათაც აშინებთ გაუნათლებელი ბრბო, მაგრამ მიზანს აყენებენ შიშზე მაღლა.
რაც შემეხება მე, ნამდვილად ვერ დავუძახებდი საკუთარ თავს აქტივისტს, თუმცა როდესაც ვესწრები უსამართლობის სცენას, იქ ჩუმად არასოდეს ვარ. ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც შემიძლია, თუმცა არც კი გავბედავ იმ ადამიანებს შევედარო, ვისთვისაც ეს ყოველდღიური საზრუნავია.
შეცვლით, ალბათ, არაფერს შევცვლიდი. ეს შეუქცევადი პროცესია და შესწორებების გაკეთება არ არის საჭირო. ერთი, რასაც ვფიქრობ, არიან ადამიანები, რომლებიც რადიკალურად სხვა რაკურსით აშუქებენ განსხვავებულ ორიენტაციას, თუმცა მათაც ეკუთვნით სიტყვა და ჩვენ არ შეგვიძლია, ის შევასწოროთ ან წავართვათ, მათ რადიკალიზმსაც აქვს მიზანი.
ვინ არის შენთვის ადამიანი, რომელთანაც ფიქრობ ქამინგაუთი ყველაზე მეტად გაგიჭირდება ან ვერასდროს გაბედავ? რატომ?
ცალსახად, დედაჩემია ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. შემდეგ ჩემი ოჯახის სხვა წევრები.
ეს არის ცხოვრება, ეს ფორმულა ერგება ზოგადად ურთიერთობებსაც — ყველაზე მეტად მას არ გინდა შეეხო და ატკინო, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, თუნდაც, მსგავსი შედეგი არ დადგეს, რისკი არსებობს.
გიფიქრია თუ არა საქართველოდან წასვლაზე? თუ კი, რა იყო ამის მიზეზი?
მიფიქრია, თუმცა ეს არასოდეს გამიკეთებია. ალბათ, ამაში კარიერულად მყარი ცხოვრება მიწყობს ხელს, საკუთარი საქმე ძალიან მეხმარება, ნაკლები ვიფიქრო იმაზე, რომ თითქმის გასაქცევად მაქვს საქმე ჩვენს საყვარელ ქვეყანაში. წასვლით თუ წავიდოდი, ცხადია, მხოლოდ ერთი მიზეზით — მეტი თავისუფლება.
რას ეტყოდი ქვიარ ადამიანებს, რომლებიც იმ ეტაპებს გადიან, რომელიც შენ უკვე უკან მოიტოვე?
ვეტყოდი, რომ არაფერია საშიში და ცხოვრებას უფრო მეტად უნდა მიენდონ. მთავარი უნდა იყოს ის, რომ ცხოვრების არ შეეშინდეთ, სხვა ყველაფერი თავისით დალაგდება, ცხოვრება თავად ჩამოაყალიბებს მათ ძალიან კარგ ადამიანებად. საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკუთარი თავით იყოს ყველა კმაყოფილი, იცოდნენ თავიანთი ფასი და ღირებულებები, თავი არასოდეს დახარონ მხოლოდ იმიტომ, რომ იმავე სქესის ადამიანი მოსწონთ და თუ გაუმართლებთ და თანამოაზრეს იპოვიან, ისიამოვნონ მოცემული რეალობით და გამოიყენონ ყოველი წუთი.