წარმატებული დებიუტი ერთგვარი წყევლაა. საყოველთაო აღფრთოვანების დამსახურების შემდეგ, უნდა შეძლო და საკუთარ თავს აჯობო, რადგან შენი მომდევნო ნაბიჯისადმი ასევე საყოველთაო მოლოდინი არსებობს. რა გასაკვირია, რომ ამხელა გამოწვევას ხშირად სათანადოდ ვერ უმკლავდებიან. ასე მოხდა იმ 8 სერიალის შემთხვევაშიც, რომელსაც ქვემოთ იხილავთ. თითქმის იდეალური პირველი სეზონის შემდეგ, ამ სერიალების გაგრძელება ერთგული მაყურებლისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი და მწარე იმედგაცრუება.

1. დიდი პატარა ტყუილები

ფოტო: HBO

ლიან მორიარტის მსოფლიო ბესტსელერის ეკრანიზაცია თავდაპირველად მინისერიალად იყო ჩაფიქრებული. თუმცა, წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ შემქმნელებმა მისი გაგრძელება განიზრახეს. სულ ტყუილად — მეორე სეზონი ლამის სრული კრახისგან ლეგენდარულმა მერილ სტრიპმაც კი ვერ იხსნა.

2. ამერიკელი ღმერთები

ფოტო: Lionsgate Television / Fremantle

ასევე პოპულარული წიგნის ეკრანიზაციის პირველი სეზონის შესაქმნელად პროდიუსერმა ბრაიან ფულერმა რომანის ავტორთან, ნილ გეიმანთან, ითანამშრომლა. სხვა პროდიუსერებთან "შემოქმედებითი ხედვების აცდენის" გამო, ფულერმა მეორე სეზონამდე პროექტი დატოვა, რაც პირდაპირ აისახა სერიალის გაგრძელების ხარისხზე.

3. კივილის დედოფლები

ფოტო: FOX

როცა სერიალის პირველი სეზონის ყურების შემდეგ გვეგონა, რომ, როგორც იქნა, კომედიისა და ჰორორის იდეალური ნაზავი ვიპოვეთ, მეორე სეზონი თავისი უკბილო იუმორით დაგვეწია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "თავში ავარდნა" ქების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხეა.

4. ბანქოს სახლი

ფოტო: Netflix

კივილის დედოფლებისგან განსხვავებით, ბანქოს სახლის პირველ სეზონს არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა მაყურებლებისა და კრიტიკოსებისგან. თუმცა, სერიალის წარმატება და სიუჟეტური ხაზებიც მეორე სეზონის შესაქმნელად მყარ ნიადაგს ქმნიდა. ეს ნიადაგი ერთიანად გამოგვეცალა ფეხქვეშ, როცა დიდი მოლოდინი ახალი სეზონის პირველივე სერიებმა გააქარწყლეს.

5. საშიში ზღაპრები

ფოტო: Desert Wolf Productions / Neal Street Productions / Showtime Networks

თუ რამდენს ნიშნავს მაღალი ბიუჯეტი წარმატებული სერიალის შესაქმნელად, ეს ყველაზე კარგად საშიშმა ზღაპრებმა გაგვაგებინა. სერიალის პირველმა სეზონმა ვარსკვლავური სახეებით, დაძაბული და ჩამთრევი სიუჟეტით და მაღალხარისხიანი ეფექტებით უამრავი მაყურებელი მიიზიდა. თუმცა, მათი უმეტესობა დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა გაგრძელებით, რომელმაც, მართალია, სერიალის "პეწი" შეინარჩუნა, მაგრამ პერსონაჟების ისტორიების განვითარებასა და დამაინტრიგებელი მოულოდნელობების შექმნაში მოიკოჭლა.

6. რივერდეილი

ფოტო: CW

დაძაბულობით დაიწყო რივერდეილიც, რომელმაც დაინტრიგებულ მაყურებელს პირველი სეზონის დასასრულს ბევრი პასუხსგაუცემელი კითხვა დაუტოვა. თუმცა, მეორე სეზონის პირველივე სერიები ისეთი უინტერესო და უაზროდ ჩახლართული გამოდგა, რომ მაყურებლების თითქმის ნახევარი პასუხებს აღარც დალოდებია და სერიალის ყურება შეწყვიტა.

7. ველური დასავლეთის სამყარო

ფოტო: HBO

პირველი სეზონის წარმატება რომ სერიალის შემქმნელებს აბნევს ხოლმე, ამის ყველაზე კარგი მაგალითი სწორედ ველური დასავლეთის სამყაროა. მაყურებლის შენარჩუნება და მათთვის დამაინტრიგებელი ამბების შესათავაზებლად მეორე სეზონში ახალი პერსონაჟები ყოველგვარი კონტექსტის გარეშე გამოჩნდნენ, უკვე დაწყებული პერსონაჟების ხაზები კი ჰაერში გამოკიდებული დარჩა. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, სერიალის რეიტინგიც ჰაერში გამოკიდებული დატოვა.

8. ნამდვილი დეტექტივი

ფოტო: HBO

დაწყებული საქმის უხეიროდ გაგრძელების მნიშვნელობა ამ სერიალის მაყურებლებს ყველაზე უკეთ ესმით. პირველი სეზონის შემდეგ მიღებული აღფრთოვანებული გამოხმაურების შემდეგ, სერიალის შემქმნელებს ალბათ ცოტა უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოთ სიუჟეტის გაგრძელების კარგად მოფიქრებისთვის.