ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი განმარტა და განაცხადა, რომ თუ რუსეთის რომელიმე ქვედანაყოფი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს იქნება შეჭრა. მისი თმით, შეჭრას მკაცრი და კოორდინირებული ეკონომიკური პასუხი მოყვება.

"მე აბსოლუტურად მკაფიო ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან. მისთვის გაუგებარი არაფერია. თუ უკრაინის საზღვართან მყოფი რომელიმე — რომელიმე — რუსული ქვედანაყოფი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრაა. შეჭრას მოყვება მკაცრი და კოორდინირებული ეკონომიკური პასუხი, რომელიც მე დეტალურად განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე ძალიან მკაფიოდ ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს", — განაცხადა ბაიდენმა.

19 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის ქმედება უკრაინის მიმართ "მცირე შეჭრა" იქნება, გამოიწვევს კამათს, რა უნდა მოიმოქმედოს ამერიკამ. თუმცა მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი რეალურად გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია და უკრაინაში შეიჭრება, ეს კატასტროფა იქნება მისთვის. ბაიდენის ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია.

უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შოკირებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერთმანეთისგან განასხვავა "მცირე შეჭრა" და შეჭრა. მისივე თქმით, არასდროს სმენია მსგავსი განცხადება აშშ-ისგან და "ეს მწვანე შუქს უნთებს პუტინს, რომ სიამოვნებით შეიჭრას უკრაინაში".

ამერიკელი სენატორის, რობ პორტმანის განცხადებით, ღრმად შეწუხებულია ბაიდენის განცხადებით და მიაჩნია, რომ ეს საფრთხის დანახვის არასწორი გზაა.

ამავე თემაზე: