გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციებს როგორც ქართული ოცნების, ასევე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს სთავაზობს. ამის შესახებ პარტია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"როდესაც წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე, ორივე პარტიის, როგორც "ოცნების", ასევე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ვთავაზობთ, დაგვიჭირონ მხარი, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურაზე და კომისიის ფორმირების პროცესში თანაბრად იქნას წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც აირჩია ხალხმა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში.

საკრებულოებში, სადაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციური უპირატესობით უნდა იყოს პოზიციები წარმოდგენილი, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ნაციონალურ მოძრაობას სურს, პრინციპით, რომ მათ ჰქონდეთ თანამდებობები და არც ერთი თანამდებობა ქართულ ოცნებას, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა დაუჭირა მხარი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ისინი პარტიებს მოუწოდებენ, საკრებულოს ერთობლივ მართვაში აქტიურად ჩაერთონ და წალენჯიხაში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა თანაბრად აიღონ. მათი განცხადებით, 7 მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანით თქვეს, რომ არც ქართული ოცნებისა და არც ნაციონალური მოძრაობის ხილვა არ სურთ უმრავლესობით.

"შესაბამისად, მათ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ ყველამ ერთად. ეს ორივე პოლიტიკური ძალა კი, უკვე თვეებია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იქცევა უპასუხისმგებლოდ, არათანმიმდევრულად და მოქმედებს ვიწროპარტიული ინტერესებით, მუნიციპალიტეტებში ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რისი შედეგიცაა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოების ამ დრომდე უფუნქციოდ დარჩენა", — ამბობენ პარტიაში.

დღეს, 20 იანვარს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, კორნელი სალია აირჩიეს. ეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის მე-5 მცდელობა იყო.