ემილი პარიზში — მსუბუქი ესკაპიზმის აუტანელი ხიბლი
სერიალმა, ემილი პარიზში, გამოსვლისთანავე კრიტიკოსების და მაყურებელთა რისხვა გამოიწვია. თუმცა, ამასთან, მას რეალობისგან გასაქცევად არაერთი ადამიანი უყურებს — მათ შორის ისინიც, ვინც შოუს ხარისხზე ჩივის. ქვემოთ The Atlantic-ის სტატიას წაიკითხავთ, რომელშიც სწორედ ეს უცნაური დამოკიდებულებაა გაანალიზებული.
ზოგი თვლის, რომ ღვთისმშობლის ტაძრის დაწვის მსგავსად, Netflix-ის სერიალი, ემილი პარიზში, ფრანგულ კულტურას საფრთხეს უქმნის. სერიალის, სექსი დიდ ქალაქში, შემქმნელის, დარენ სტარის ახალი სიტკომის მთავარი პერსონაჟი მარკეტინგის სპეციალისტი ემილია, რომელიც პლანეტის ყველაზე დახვეწილ ქალაქში, პარიზში სამუშაოდ მიემგზავრება. სერიალმა განაწყენებული ფრანგი მაყურებლისაგან ზიზღნარევი შეფასებები მიიღო. ასევე გამოჩნდა სტატია სათაურით, ხალხს ისე სძულს ემილი პარიზში, რომ ეს გლობალური კრიზისია. ოქროს გლობუსის მუშაობის პრინციპში შეტანილი ბოლოდროინდელ ცვლილებებს კი, გარკვეულწილად, იმ ფაქტით გამოწვეულ აღშფოთებას შეიძლება ვუმადლოდეთ, რომლის თანახმადაც, შოუმ ნომინაციების რაოდენობით სხვა, კრიტიკულად მეტად აღიარებულ სერიალებს გადაუსწრო.
თუმცა სერიალის ბევრი მოძულე, ამასთან, მას სიამოვნებითაც უყურებს. კომიკოსის ფილიპ ჰენრის ტვიტი სწორედ ამ უცნაურ ფენომენს აჯამებს: "1) ემილი პარიზში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სატელევიზიო შოუა, რაც კი ოდესმე მინახავს. 2) მას ერთი ამოსუნთქვით ვუყურე". პერსონაჟი ემილი სამართლიანად იწვევს მაყურებელში გაღიზიანებას, რადგან ის საკუთარ უვიცობას ვერ იაზრებს; მკვეთრი ფერებით, ჭრელი პრინტებით გაწყობილი მისი სტილი შაკიკის გამოსაწვევადაა შექმნილი; და, ამასთან, მისი ფრანგი კოლეგები კლიშეების განსახიერებები არიან. ამის მიუხედავად, ბევრმა ამერიკელმა სერიალს რამდენჯერმეც კი უყურა — მათ შორის 2020 წლის არჩევნების ღამეს, როდესაც ემილის ფლირტმა თავის მომხიბვლელ მეზობელთან დემოკრატიის ჩამოშლის პერსპექტივებზე ფიქრი ცოტა ხნით მაინც უკანა პლანზე გადასწია. როგორც ჟურნალისტმა შარლი ლიმ შარშან დაწერა, "ემილი პარიზში დამამშვიდებელი სერიალია, რადგან ზუსტად ვიცით, რას უნდა ველოდოთ... აქ არანაირი დაძაბულობა არაა".
მაყურებლებში სიყვარულისა და სიძულვილის ამგვარი შერწყმა, ცოტა არ იყოს, უცნაურია. გასული ათწლეულის განმავლობაში ბევრმა კრიტიკოსმა განმარტა, რატომ არ უნდა ვუწოდოთ რაიმე ნამუშევარს guilty pleasure (ეს ტერმინი მიემართება კულტურის იმ ნიმუშებს, რომლებიც კი მოგვწონს, მაგრამ ეს მოწონება გვესირცხვილება). მათი მტკიცებით, ამ ცნებამ შესაძლოა შენიღბოს კლასიზმი, ცრურწმენა და ამერიკული ილუზია, რომ ადამიანმა მთლიანი თავისუფალი დრო ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს. სტარის სხვა სერიალი, სექსი დიდ ქალაქში, რომელშიც მოხერხებულად ერწყმის ერთმანეთს სატირა და დრამა, თავის დროზე ზოგიერთი კრიტიკოსისაგან შეფასდა როგორც "სისულელე გოგოებისთვის". ამგვარი ზედაპირული შეხედულების გადაფასებამ კი იმ რეალობის შექმნას შეუწყო ხელი, რომელშიც კომიქსების, ეროტიკისა თუ პოპმუსიკის სიყვარული დასაცინი აღარაა. მაშ, რატომ იწვევს უხერხულობას უდარდელი ემილის თავგადასავლების ყურება?
სერიალის ახალგამოსული მეორე სეზონი გვეხმარება იმის გარკვევაში, როგორ მოახერხა დარენ სტარმა მაყურებელში ასეთი ამბივალენტური გრძნობების გამოწვევა. ემილი პარიზში არ არის მხოლოდ ტურისტული ფანტაზიის ნაყოფი, რომელიც უგულებელყოფს საღ აზრსა და კარგ გემოვნებას. ჩვენს ეპოქაში, როდესაც მორალი და პოლიტიკა მოურიდებლად იჭრება გართობის დისკურსში — როდესაც სატელევიზიო შოუები და მოდა ფასდება არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებების გამო, არამედ მათი ქვეტექსტებისთვისაც — ემილი პარიზში ორ პროვოკაციულ გზავნილს გადმოსცემს. ის სრული ესკაპიზმის მისაღწევად მუდმივად თავს არიდებს ცხოვრების უსიამოვნო ასპექტებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხარისხის არსებულ განსაზღვრებებს.
სხვა თუ არაფერი, შოუს კონფლიქტი ხომ ისეთი ტრივიალური საკითხების გარშემო ტრიალებს, როგორებიცაა — მოახერხებს თუ არა ემილი თავის მომხიბვლელ მეზობელ გაბრიელთან ურთიერთობის დაწყებას ან აიცილებს თუ არა პრეტენზიული უფროსის, სილვის, რისხვას. ის, რაც რეალურად მაყურებელს სერიალის ყურებას აიძულებს, არის კონტრასტი ემილის ამერიკულ ოპტიმიზმსა და მისი ფრანგი ნაცნობების დახვეწილობას შორის. ემილის კარიერიზმისაკენ მიდრეკილება, პროვინციალიზმი და სტარბაქსისადმი სიყვარული ამ ფრანგი პერსონაჟებისთვის უგემოვნობასთან ასოცირდება. სერიალი ფრანგულ მგრძნობელობად სილამაზისა და სიამოვნებისადმი სწრაფვას სახავს, რაც, საბოლოოდ, გემოვნების დოგმატურ განსაზღვრებად იქცევა.
პირველი სეზონით გამოწვეული სიამოვნების წყარო ის იყო, რომ შოუ ამ დაპირისპირებას მოხერხებულად არიდებდა თვალს — ის, ერთი მხრივ, პარიზს უზადო დესერტად წარმოიდგენდა, მეორე მხრივ კი, ამბოხებულ ემილისაც უჭერდა მხარს. მისი უკმეხი სარეკლამო იდეები წარმატებული იყო; მისი უცოდინარობა იზიდავდა მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს; მისი უსაფუძვლო პრეტენზიები ფანტასტიკური მასშტაბის გახლდათ, მაგრამ ასევე ხაზს უსვამდა იმ ჭეშმარიტებას, რომ სიამოვნება არ არის უნივერსალური ცნება. ის, რომ ერთი ადამიანი ჯასტინ ბიბერს ეთაყვანება, არ ამცირებს ბახის მოსმენისგან მეორის მიერ განცდილ სიამოვნებას; არც პიცის სიყვარული აკნინებს კალმახის ამანდინით ტკბობას. ვინც უარს ამბობს პოპმუსიკასა და პიცაზე, შეიძლება თავი უპირატესად იგრძნოს, მაგრამ ემილი პარიზში მხრებს იჩეჩავს ასეთ სნობიზმზე.
როდესაც მსგავსი მხრების აჩეჩვა სტარის მიერ შერჩეული მსახიობებისთვის ნიშნეული ენთუზიაზმითა და სიმსუბუქით ხორციელდება, რაღაც განსაკუთრებულს ვიღებთ — თუმცა ეს ასევე დისონანსსაც იწვევს. ემილი არა მხოლოდ ეტიკეტის ხელოვნურად შემუშავებულ წესებს არღვევს, ის, ამასთან, თავის ამერიკელობას — რომელიც კონსუმერიზმით, ზედაპირულობით და კარიერიზმით განისაზღვრება — დამანგრეველ ძალად იყენებს. ამერიკის ჰეგემონია თითქმის ტოტალურია, მაგრამ ემილი ძირს უთხრის მის წინააღმდეგ შემორჩენილი რამდენიმე ანკლავიდან ერთ-ერთს — პარიზს. პირველი სეზონის განმავლობაში მაყურებელს ჰქონდა მოლოდინი, რომ რაღაც მომენტში ემილის მოუწევდა გაკვეთილის სწავლა და განვითარება, რათა უკეთ მორგებოდა პარიზულ ჩვეულებებს. ეს არ მომხდარა. დაიმახსოვრეთ, მსგავსი სატელევიზიო შოუების მიზანი დაძაბულობის მინიმუმამდე დაყვანაა.
მეორე სეზონი სიუჟეტს ოდნავ ართულებს. ამჯერად ყველაზე სახალისო ხუმრობებს ემილის მისამართით ამბობენ. მაგალითად, როცა ემილი შეწუხებული ჩანს, მეგობარი მინდი მას ეუბნება: "ისე გამოიყურები, თითქოს ახლახან ინსტაგრამზე მიმდევარი დაკარგე". მოგვიანებით, ფრანგულის გაკვეთილზე, ჯგუფელი ემილის აღწერს როგორც მოსაწყენ კარიერისტს, რომელიც ახირებულად იცვამს. ეს სასაცილოა, რადგან სიმართლეა. და, დიახ, ემილიმ საბოლოოდ დაიწყო ფრანგულის სწავლა — თან არა საკუთარი სურვილის გამო, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ ენის ბარიერი მას პრობლემებს უქმნის. ამავდროულად, მეორე სეზონში ადგილობრივ პერსონაჟებსაც ეძლევათ დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა, ფრანგულ ენაზე წარმართული დიალოგები კი მათ სიღრმეს მატებს.
სიუჟეტი ჯერ კიდევ აბსურდული და პრივილეგიებისადმი ბრმაა — სეზონის დასაწყისში ემილი სენ-ტროპეში თავის მეგობრებთან ერთად ფინანსებზე დარდის გარეშე მოგზაურობს. თუმცა ამჯერად კულტურული გაუცხოების მიზეზი ნაკლებადაა ჩაცმის სტილი თუ საკვები და მეტად — ურთიერთობები. ემილი ცდილობს იხელმძღვანელოს ერთგვარი პურიტანული მორალური პრინციპებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ სურს სასიყვარულო კავშირის გაგრძელება მეგობრის ყოფილ შეყვარებულთან. სილვი აბუჩად იგდებს მას და მიუთითებს, არ იყოს იმდენად არაფრანგი, რომ უარი თქვას რომანზე. ამით სერიალი გვანახებს, როგორაა გადაჯაჭვული ქცევა და ესთეტიკა, ღირებულებები და დამოკიდებულებები იმ ბუნდოვან ცნებასთან, რომელსაც კულტურა ჰქვია. "მთელი დანარჩენი ცხოვრება გაქვს იმისთვის, რომ ისეთი მოსაწყენი იყო, როგორიც მოგესურვება", — ამბობს სილვი, — "მაგრამ სანამ აქ ხარ, შეიყვარე, დაუშვი შეცდომები, დატოვე განადგურების კვალი".
ფრანგმა მაყურებელმა შეიძლება სილვის რჩევა არ მოიწონოს, მაგრამ რასაც ის ამბობს, ნაკლებად გამოხატავს სტერეოტიპულ ეროვნულ დამოკიდებულებას და მეტად — იმ ფილოსოფიას, რომელიც ემილის ერთდროულად მიმზიდველსაც ხდის და დისკომფორტულსაც. ეს სატელევიზიო შოუ ხატავს იდეალისტურ სამყაროს, რომელშიც სხვათა შეფასებების მიუხედავად საკუთარი სურვილების მიყოლა ყოველთვის გვიფასდება, ხოლო სხვისი სტანდარტებისადმი დამორჩილება უბედურების მეტს არაფერს მოგვიტანს.
მაყურებლებმა იციან, რომ მატერიალურმა პირობებმა და მორალურმა შეზღუდვებმა შეიძლება ქცევის ფორმირებაც მოახდინოს. მაგრამ მათ ასევე იციან ისიც, რომ ვერასოდეს იგრძნობენ თავს ისე თავისუფლად, როგორც ემილი. ამიტომაც ვუყურებთ ამ შოუს, რადგან ეს დასასვენებლად წასვლას ჰგავს.
კომენტარები