მსოფლიოს ამჟამინდელ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ავსტრალიამ ვიზა ხელმეორედ გაუუქმა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ 14 იანვარს ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, განაცხადა, რომლის თანახმადაც, სერბ ჩოგბურთელს ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება.

მინისტრის განმარტებით, მან თავისი გადაწყვეტილება "საზოგადოების საკეთილდღეოდ" მიიღო, რაც იმით აიხსნება, რომ ჯოკოვიჩის მაგალითმა შესაბამისი გავლენა უნდა იქონიოს იმ სხვა პოტენციურ არავაქცინირებულ პირებზე, რომლებიც ავსტრალიაში ჩასვლას დააპირებენ.

17 იანვარს იწყება ავსტრალიის ღია პირველობა, რის გამოც ჩავიდა სწორედ ჯოკოვიჩი იქ, მაგრამ, დიდი ალბათობით, წელს ის ასპარეზობას ვერ შეძლებს: 15 იანვარს ის ქვეყნიდან დეპორტაციას უნდა დათანხმდეს ან გადაწყვეტილება უნდა გაასაჩივროს.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა რამდენიმე დღის წინაც გააუქმეს, თუმცა წინა შემთხვევაში მან სასამართლო დავა მოიგო: მოსამართლემ პროცედურული ხარვეზების გამო უკანონოდ ცნო გადაწყვეტილება, რადგან სპორტსმენს სათანადო დრო არ მიეცა, რომ ვიზის გაუქმების საკითხზე თავისი პოზიციის დაცვა შესძლებოდა.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ავსტრალიაში ჩაფრენილი ეს ცნობილი ჩოგბურთელი ქვეყანაში აუცრელობის გამო არ შეუშვეს: ჯოკოვიჩი მანამდე აცრის შესახებ თავის სტატუსზე საჯაროდ არ საუბრობდა, მაგრამ მოგვიანებით ავსტრალიის სახელმწიფო წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.

ავსტრალიაში არავაქცინირებული პირების შესვლა აკრძალულია, თუმცა ჯოკოვიჩს კორონავირუსი 16 დეკემბერს დაუდასტურდა და სამედიცინო პერსონალის გარკვეული რეკომენდაციის საფუძველზე აპირებდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დასწრებოდა. თუმცა მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ მან სერბეთში დაარღვია თვითიზოლაციის წესები, რის გამოც მას სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც შეიძლება ჯარიმა ან პატიმრობა შეეფარდოს.