დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთი კვირის თავზე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 70-80% ომიკრონის შტამი იქნება.

"თუ ვიტყვით, რომ დღეს დილას ჩვენ გვქონდა 5 486 შემთხვევა, რეალურად გვქონდა მისი 45% დამოწმებული უკვე ომიკრონის შტამი. აქედან 60% ძირითადად მოდის თბილისზე და 25% ჯერჯერობით მოდის რეგიონებზე. თბილისშია ჯერ ძირითადად კონცენტრირებული, მაგრამ ისეთი სწრაფი დინამიკით მიდის, რომ ალბათ, დაახლოებით 1 კვირის თავზე ეს ავა 70-80%-ის ფარგლებში. მთლიან დადებითობაში უკვე ომიკრონი გვექნება ჩვენ", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

11 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 893, ხოლო გარდაიცვალა — 46 ადამიანი.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 968 313-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 916 421, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 264 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 39 284, ხოლო PCR-ით — 18 262.