შველის თუ არა რამე ნაბახუსევს — მეცნიერებმა წარსულში ჩატარებული კვლევები შეაფასეს
პულსირებადი თავის ტკივილი, ენის სიმშრალე, ღებინებისა და სინანულის ერთმანეთზე ძლიერი შეგრძნებები — დარწმუნებულები ვართ, ახალი წლის პერიოდში ეს სიმპტომები ყველასათვის ნაცნობი იქნება. ხშირად, ალბათ, ნაბახუსევის "წამალსაც" ეძებთ და არაერთ რჩევას პოულობთ ხოლმე, თუმცა ამჯერად მკვლევრები სასიამოვნო ინფორმაციას ნამდვილად არ გვთავაზობენ.
მეცნიერებმა აქამდე ჩატარებული 21 კვლევა შეაფასეს, რომლებშიც ჯამში 386 პირი მონაწილეობდა. კვლევების ფარგლებში ნაბახუსევის საპრევენციო თუ სამკურნალო 23 სხვადასხვა ნივთიერებას სწავლობდნენ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სამკურნალო საშუალებათა ეფექტიანობის საკითხს მეცნიერება ნაკლებად ამყარებს, ამის შესახებ კი ჟურნალ Addiction-ში გვიყვებიან.
კვლევით დადგინდა, რომ ნივთიერებებიდან მხოლოდ 7-მა აჩვენა ნაბახუსევის სიმპტომების კუთხით შესაძლო სარგებელი, რადგან მონაწილეებს პლაცებოს მიმღებ პირებთან შედარებით ნაბახუსევის სიმპტომების ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდათ. მაჩვენებლები პროცენტების სახით ჩაწერეს.
"სიმპტომების 100%-იანი მაჩვენებელი ნამდვილად ძალიან ცუდია და ადამიანთა მოდგმაში ყველაზე საშინელ ნაბახუსევზე მეტყველებს", — განაცხადა დოქტორმა ემერტ რობერტსმა, კვლევის თანაავტორმა.
7 ნივთიერებიდან ყველაზე ძლიერი შედეგები მიხაკის ექსტრაქტს, ანთების საწინააღმდეგო ტოლფენამის მჟავასა და პირიტინოლს (ნივთიერება, რომელიც ვიტამინ B6-ის ორი ერთმანეთთან შეკავშირებული მოლეკულისაგან შედგება) ჰქონდა. კვლევის მონაწილეებს, რომლებმაც დალევისას მიხაკის ექსტრაქტი მიიღეს, ნაბახუსევის სიმპტომების 19%-იანი მაჩვენებელი ჰქონდათ, პლაცებოს მიმღებებ პირებს კი — 43%.
მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მისი ეფექტიანობის დასადგენად ბევრად მეტი კვლევაა საჭირო — კონკრეტულად მიხაკის ექსტრაქტის კვლევაში მხოლოდ 16 ადამიანი მონაწილეობდა. ამასთანავე, გუნდი აღნიშნავს, რომ კვლევების დიდი ნაწილი მკურნალობის შედეგებს არაზუსტად ზომავდა, 21-დან 16 მათგანში კი 30-ზე ნაკლები პირი მონაწილეობდა, რაც არასაკმარისია.
მაშინ, როცა შესაძლოა, ასპირინი და პარაცეტამოლი ნაბახუსევს ამსუბუქებდეს, რობერტსის თქმით, ამ მიზნით შემთხვევით საკონტროლო ცდებში არცერთი არ შეუსწავლიათ.
სხვა შეზღუდვებთან ერთად, გუნდი იმასაც აღნიშნავს, რომ კვლევებიდან 8 მათგანი მხოლოდ კაცებში ჩატარდა, 65 წელს გადაცილებული პირი კი არცერთში არ მონაწილეობდა. ამასთანავე, დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვით, ერთ ქვეყანაში მიღებული შედეგები რამდენად მოერგება სხვებსაც.
საბოლოოდ რობერტსი გვირჩევს, რომ, პრევენცია ნაბახუსევის განკურნების მცდელობაზე უკეთესი გზაა და უმჯობესია, ალკოჰოლს მოვერიდოთ ან ზომიერად მივიღოთ იგი. მათთვის, ვინც მეტის დალევას გეგმავს, მეცნიერის თქმით, წყლის მიღება კარგი იდეაა, თუმცა დალევის შემდგომ უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან არიდების უტყუარი საშუალება — ნამდვილად არა.
პროფესორი დევიდ ნუტი, მედიკამენტების ყოფილი მრჩეველი (იგი კვლევაში არ მოუწვევიათ) იმასაც გვთავაზობს, რომ ალკოჰოლური სასმელები უალკოჰოლო ალტერნატივებით ჩავანაცვლოთ. მან ასეთი სასმელი "სენტია" შექმნა, რომელიც გაბრუებისა და მოდუნების შეგრძნებას ნაბახუსევის გარეშე იწვევს. პროფესორის აზრით, ნაბახუსევი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პრობლემაა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკას ყოველწლიურად 10 მილიარდი ფუტით აზარალებს.
ამრიგად, დარწმუნებულები ვართ, სტატიაში მოყვანილი რჩევები დიდად არ მოგეწონებოდათ, თუმცა შესწავლილი კვლევების აურაცხელ შეზღუდვას თუ გავითვალისწინებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაბახუსევის სამკურნალო საშუალებათა ეფექტურობას არც ერთი კვლევა არ ამყარებს, თუმცა ფაქტი ერთია: ალკოჰოლის არმიღება ნაბახუსევის თავიდან არიდების უტყუარი გარანტია.
კომენტარები