რატომ და როგორ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება
ნამდვილი ბედნიერება საკუთარი თავისთვის სიმართლის თქმით იწყება — მაშინაც, როცა სიმართლე მტკივნეულია.
არავის უნდა, მატყუარად იწოდებოდეს. მატყუარებს საუკეთესო შემთხვევაში — არასანდოებად, ხოლო ყველაზე ცუდში, ამორალურებად აღიქვამენ. და მაინც, საკუთარ თავს ყოველდღიურად ისე ვატყუებთ, თითქოს არაფერიაო. "ამ ნამცხვრებით დღეს ვისიამოვნებ, რადგან ხვალ დიეტას ვიწყებ", — ვეუბნები ჩემს თავს; ან: "მე მიყვარს ჩემი სამსახური. მერე რა, რომ მასზე სულ ვწუწუნებ?!"; ანდა, რამდენად ირონიულიც უნდა იყოს: "საკუთარ თავთან ყოველთვის გულწრფელი ვარ".
შენი თავის გაცურება თითქოს ალოგიკურია. ტყუილი ხომ ვინმესთვის იმის თქმაა, რაც იცი, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება. როცა ერთდროულად ორივე — მატყუარაც და ტყუილის ობიექტიც თავად ხარ, ამ დროს სიმართლე თან იცი და თან — არა. ესე იგი, საკუთარი ნებით გვერდს უვლი მნიშვნელოვან ინფორმაციას, რათა ის დასკვნა გამოიტანო, რომელიც შენთვის ხელსაყრელია და არა ის, რაზეც ფაქტები მიუთითებს.
საკუთარ თავს ყველა ატყუებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უწყინარ ჩვევასთან გვაქვს საქმე. რადიკალურ შემთხვევებში ის ცუდ მენტალურ ჯანმრთელობასთან ასოცირდება. შედარებით უწყინარი ფორმით კი მას შეუძლია დროებით დაიცვას ადამიანი უარყოფითი გრძნობებისაგან, მაგრამ მაინც ეღობება წინ ნამდვილ კეთილდღეობას, რომელიც გულწრფელობიდან მოდის. ჭეშმარიტი ბედნიერებისათვის საკუთარი თავისთვის თვალის გასწორებაა საჭირო.
ძალიან ცოტა ადამიანი თუ არის სხვებთან სრულიად გულწრფელი. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტების 60 პროცენტი 10-წუთიანი საუბრისას ერთხელ მაინც იტყუება, დანარჩენები კი — მეტჯერ. საკუთარ გონებაში რეალობას კი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ხშირად ვამახინჯებთ. ამ ფენომენზე არსებულ დაკვირვებებს ერთი მკვლევარი ასე აჯამებს: "ყველა ადამიანი აცურებს საკუთარ თავს".
არავინაა მთლიანად გულახდილი საკუთარ თავთან, რადგან სიმართლე მტკივნეულია. უფრო მეტიც, სამყაროს ზედმიწევნით აღქმა ხშირადაა ხოლმე დეპრესიის ერთ-ერთი ნიშანი, რომელსაც "დეპრესიულ რეალიზმს" უწოდებენ. ცხოვრება, უბრალოდ, სავსეა სისასტიკით. თუ ამის დამადასტურებელი მაგალითი გსურთ, გაიხსენეთ ბოლო შემთხვევა, როცა ვიღაცამ ოთახი დატოვა და თქვენ მასზე ზურგს უკან იხუმრეთ. გულის სიღრმეში ამ ადამიანმა იცის, რომ ასე ხდება ხოლმე, რადგან ის, სავარაუდოდ, ერთხელ მაინც მოგექცათ ზუსტად ასე. მაგრამ ის ამ ცოდნას გვერდზე მოისვრის, რათა თავისი დღე ჩვეულებრივად განაგრძოს.
ხანდახან ადამიანები თავს იმიტომ იტყუებენ, რომ თავიანთ ეგო დაიცვან ან ძალა მოიკრიბონ. ამის მაგალითი აშშ-ის ყოფილმა სენატორმა ალ ფრანკენმა Saturday Night Live-ში განასახიერა, როცა ტელეშოუს გამაღიზიანებელი წამყვანის სტიუარტ სმოლის როლი მოირგო, რომელიც მუდამ ერთ ფრაზას იმეორებდა: "მე საკმარისად კარგი ვარ, საკმარისად ჭკვიანი ვარ და ხალხიც გიჟდება ჩემზე". ამის მსგავსად, თუ ხალხის წინ ლაპარაკი თქვენი ძლიერი მხარე არაა, შეიძლება, საკუთარ თავს პრეზენტაციამდე ამ სიტყვებით ამხნევებდეთ: "შესანიშნავი ორატორი ვარ!" უფრო მასშტაბურ საფეხურზე კი დამწყებმა ბიზნესმენმა შეიძლება საკუთარი თავი იმაში დაარწმუნოს, რომ მისი აბსურდული ჩანაფიქრი ნამდვილად შესანიშნავი იდეაა.
ერთია, იქამდე მოიტყუო, რომ რაღაც კარგად გამოგდის, სანამ ეს რეალობად არ იქცევა და მეორეა, სამუდამოდ ამ ტყუილში იცხოვრო — საკუთარ თავთანაც კი. ამის მაგალითია, თუ სკოლაში ან სამსახურში წარმატება ტყუილით ან უფროსებისა თუ მასწავლებლებისგან დაუმსახურებელი კეთილგანწყობის შედეგად მოიპოვეთ, თუმცა არჩევთ, დაიჯეროთ, რომ ამას საკუთარი დადებითი თვისებების ხარჯზე მიაღწიეთ. 2020 წელს ფსიქოლოგმა პოლ პიფმა და მისმა კოლეგებმა გვაჩვენეს, რომ ადამიანები იღბლის მნიშვნელობას მაშინ აფასებენ, როცა ის აკლიათ და არა მაშინ, როცა წარმატებას აღწევენ. აი, მაგალითად, თქვენი კოლეგა არჩევს იფიქროს, რომ დაწინაურება თავისი სამაგალითო შრომის შედეგი იყო; სხვები კი შეამჩნევენ, რომ ის, ამავე დროს, უფროსის ნათესავია.
საკუთარ შესაძლებლობებზე თავის მოტყუება დაუმსახურებელი უპირატესობის მიღების გასამართლებელ საბუთს გვაძლევს და ჩვენი რეალური ღირსებების შემჩნევასა და შეფასებას ართულებს. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ თავის გაცურება კიდევ უფრო საშიში ხდება, როცა იმ სიმართლეს უგულებელყოფს, რომელიც ძალადობრივ ურთიერთობას ან დამღუპველ ჩვევას ეხება. ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის უარყოფა ამ მდგომარეობის შემანარჩუნებელი მექანიზმი შეიძლება იყოს, რათა არ მოუხდეთ რეაბილიტაციის მტკივნეული პროცესის გავლა. 2016 წელს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებში თვითმოტყუების ჩვევა საშუალოზე განვითარებულია. ამაში შედის აქტიური უარყოფაც ("თუ მომინდა, შემიძლია შევწყვიტო") და შერჩევითი ამნეზიაც ("გუშინ მთვრალი არ ვყოფილვარ").
საკუთარი თავის მოტყუება ანელებს იმ ცვლილებებს, რომლებიც განვითარებისთვის გვჭირდება და გვიბიძგებს, სხვებსაც მოვატყუოთ. უფრო მეტიც, თვითმოტყუება მანიპულაციის კლასიკური ტექნიკაა. როგორც გამოთქმა ამბობს, "რაღაც ტყუილი არაა, თუ მისი გჯერა". მართლაც, ბიოლოგმა რობერტ ტრაივერსმა თავისი ექსპერიმენტებით დაგვანახა, რომ ადამიანები თავიანთი არგუმენტის საწინააღმდეგო მტკიცებულების მოსმენას თავს გამიზნულად არიდებენ. სხვა სიტყვებით, გამყიდველმა, რომელიც გეუბნება, რომ ჯართი, რომელსაც უყურებ, მსოფლიოში ყველაზე კარგი მანქანაა, ალბათ საკუთარ თავსაც დააჯერა, რომ ეს მართლაც ასეა.
თავის გაცურებას ბევრი ენერგია მიაქვს — არ აქვს მნიშვნელობა, ტყუილი შენს უნარებს ეხება თუ მავნე ჩვევებს. გავიხსენოთ პროკრასტინაცია — თავის მოტყუების ფორმა, რომელიც როგორც ტრივიალური ("ჭურჭლის სარეცხ მანქანას მერე ამოვალაგებ"), ისე კატასტროფული ("გულ-მკერდის ტკივილზე ექიმთან შემდეგ კვირაში მივალ") შეიძლება იყოს. ამგვარი თვითმოტყუება ადამიანს არა მარტო პრობლემებისათვის თავის არიდების გამო უჯდება ძვირად, არამედ იმიტომაც, რომ პროკრასტინატორი გონებაში უამრავჯერ ასრულებს თავის გადადებულ საქმეს მისი გაკეთებისგან მიღებული სარგებლის გარეშე. შესასრულებელ საქმეთა სიაში რატომ უნდა ინიშნავდე ბანკის გამოცვლას თვეების განმავლობაში იმის ნაცვლად, რომ ეს ერთხელ გააკეთო და შემდეგ სამუდამოდ გათავისუფლდე?
იმისათვის, რომ სხვებისათვის ზიანის მიყენების გარეშე გაიხანგრძლივოთ თქვენი მოკლევადიანი ბედნიერება, თავის მოტყუება იდეალური ფორმულა ჩანს. ამ გზით ჩვენ გვგონია, რომ საკუთარ გრძნობებს ვიცავთ და ცხოვრებას ვიმარტივებთ. მართლაც, ვის რას დავუშავებთ, თუ თავს დავაჯერებთ, რომ სხვები გვაღმერთებენ? ამას შეგვიძლია დავამატოთ მცირე, უვნებელი პროკრასტინაცია, მაგრამ არა ის, რომ თვალი დავხუჭოთ ჩვენთვისა და სხვებისათვის საშიშ რეალობაზე და ტყუილი სხვების მანიპულირებისათვის გამოვიყენოთ.
მაგრამ რა მოუვა ასეთ დროს ჩვენს გრძელვადიან ბედნიერებას? ტყუილების ბუდეში ცხოვრება შეიძლება კომფორტული იყოს, მაგრამ ეს ისეთივე კომფორტია, როგორსაც ოპიუმის მიღებისას განიცდი: ნამდვილ, ღრმა სიამოვნებას ვერასდროს მოგიტანს. მყუდროების მიღწევა მხოლოდ შენი ჭეშმარიტი მე-სთვის თვალის გასწორებით შეიძლება. ფრანგი ეგზისტენციალისტი ჟან-პოლ სარტრი ნებისმიერი ტიპის თავის მოტყუებას — რაც უნდა უმნიშვნელო ყოფილიყო ის — უწოდებდა "ცუდ რწმენას": ჩვენი ნამდვილი თავის, როგორც მოაზროვნე არსების, პოვნისა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების სურვილის არქონას. არცოდნა შეიძლება ნეტარება იყოს, მაგრამ ამ ხედვის მიხედვით, მას ცხოვრების არაგონივრულად გაფლანგვამდე მივყავართ.
რომ დავაზუსტოთ, სარტრი დიდი პესიმისტი იყო. ის გვირჩევდა, რომ "მომავლის, იმედის, ილუზიის" გარეშე გვეცხოვრა. თუმცა სარტრი იმასაც ამბობდა, რომ გულწრფელობა პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელი იყო. ფსიქოლოგებიც ადასტურებენ, რომ ის ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. პროგრესი მოითხოვს, ზუსტად ვიცოდეთ, სად ვართ ახლა იმასთან შედარებით, სადაც გუშინ ვიყავით.
თუ საკუთარი ნაკლის დანახვას თავს არიდებ, მის გამოსწორებას ვერასდროს შეძლებ. როგორც წიგნის, რაციონალიზმი: რა არის, რატომ ჩანს იშვიათი, რატომ არის მნიშვნელოვანი, ავტორმა, სტივენ პინკერმა აღნიშნა, თავის მოტყუებას მოტივაციის მხრივ რა სარგებელიც უნდა ჰქონდეს, მას შეცდომებისგან არსწავლის უარყოფითი მხარეები გადაწონის. კვლევა მოწმობს, რომ თავის მოტყუება ასოცირებულია ჩვენს უუნარობასთან, შევამჩნიოთ საკუთარი ნაკლი, რაც თვითგანვითარებას აფერხებს. იმის არაღიარებამ, რომ ცოტა ნევროზული ვარ, თავი იმ მომენტში შეიძლება კარგად მაგრძნობინოს, მაგრამ, ამასთან, ის მიკლავს სურვილს, ჩემი თავისა და გარშემომყოფთათვის ხანგრძლივი კეთილდღეობის მიღწევის მიზნით შევიცვალო.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესახებ არსებული ყველა ნეგატიური აზრი დაუფიქრებლად სიმართლედ უნდა მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომის გარეშე მივიღოთ, დავფიქრდეთ და შევაჯამოთ ფაქტები საკუთარ თავზე ისე, თითქოს ისინი სხვა ადამიანის შესახებ იყოს.
საბოლოოდ, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ: გვინდა შეულამაზებელი სიმართლე იმის მიუხედავად, თუ რას გამოიწვევს იგი? თუ მზად ხართ ამისთვის, უკეთესი იქნება, რომ თავის მოტყუების ტენდენციებს ოდნავ და თანდათანობით დაუპირისპირდეთ.
მაგალითად, დაუსვით ეს კითხვა თქვენს თავს: რაზე შეიძლება გაიცინონ ჩემს ზურგს უკან? გააკეთეთ ამ უცნაური თუ ახირებული თვისებების სია და წარმოიდგინეთ, რომ თქვენც იცინით მათზე. შემდეგ ამ ყველაფერზე სხვების გასაგონად გახუმრება სცადეთ. ნახავთ, რომ ეს სავარჯიშო შვებას მოგანიჭებთ, რადგან გაღიარებინებთ იმას, რის დამალვასაც აქამდე ცდილობდით. ამ გზით კი ჭეშმარიტ თავდაჯერებულობას იპოვით. მოგვიანებით ისეთ უფრო რთულ არეებსაც შეეხებით, როგორიცაა თქვენი წარმატების ნამდვილი მიზეზების გამოკვლევა თუ თქვენს ჩვევებსა და ჯანმრთელობის პრობლემებზე დაფიქრება.
თუ ეს გაშინებთ, მაშინ შემდეგი კითხვები დასვით: მირჩევნია, ხალხმა ჩემზე ჩემს ზურგს უკან იცინოს თუ — ჩემთან ერთად? ისეთი რამე მართლა მინდა, რაც არ დამიმსახურებია? ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა გამიადვილდება, თუ ალკოჰოლთან ჩემს პრობლემას კიდევ ერთი წლით უგულებელვყოფ?
გულწრფელობა ადვილი არ არის, მაგრამ ცოტა ხანში სიამაყით შეძლებთ იმის თქმას, რომ სარკიდან მომზირალი ადამიანი მატყუარა არ არის. და ეს სიმართლე იქნება.
კომენტარები