ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობას წყვეტენ. წუხელ, გვიან ღამით პარტიის ოფისთან ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე მივიდა, რომელმაც მათ უთხრა, რომ ექსპრეზიდენტის თხოვნაა, შიმშილობა შეწყვიტონ.

"დღეს მოვედი მოშიმშილეებთან, რათა გამეცნო მათთვის მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა, რადგანაც შიმშილობის ამ ფორმით გაგრძელება ერთი მხრივ არსებითად დაასუსტებს მათ ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, თუკი არ შეწყვეტენ შიმშილობას, მიხეილ სააკაშვილი მზად არის თავად დაიწყოს შიმშილობა და ამ გზით გამოხატოს პროტესტი მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით", — თქვა მშვენიერაძემ.

პარტიი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მათ არ აქვთ იმის დაშვების უფლება, რომ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს, რადგან ეს ფატალური შედეგით დასრულდება, ამიტომ შიმშილობას წყვეტენ.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, რომ ის განიცდის აქ მყოფ თითოეულ ადამიაზე, რომლებიც მე-11 დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ ისტორიული უსამართლობის აღმოსაფხვრელად და ასეთ შემთხვევაში, ის იძულებული ხდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი ალბათობის დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი. ჩვენ, მეგობრებთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე და სხვა მრავალფეროვანი, არაძალადობრივი პროტესტის ფორმა გამოვიყენოთ მომდევნო პერიოდში", — განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ასე იქნება, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, პოლიტიკური მართლმსაჯულება არ დასრულდება და მოქალაქეს არ გაუჩნდება განცდა, რომ არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს.

პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი კირთაძე კი აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება და ის იქნება როგორც თბილისში, ასევე, სხვა ქალაქებში.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნად იქნა მიღებული. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეებში ასობით ერთგული თანამებრძოლი ვნახე, რომელსაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუძლია გაწიროს ამ ქვეყნისთვის. ბრძოლა აუცილებლად გრძელდება", — ამბობს ის.

21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელია მასობრივი შიმშილობა გამოაცხადა. მელიას ინფორმაციით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანმა დაიწყო შიმშილობა. 22 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ მოშიმშილეთა სიაში 180 ადამიანია დარეგისტრირებული, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. აქტივისტები კახეთის გზატკეცილზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისის ეზოში განლაგებულ კარვებში შიმშილობდნენ.