პირველი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის საფასური ძვირდება და 1 ლარი ხდება. აქამდე მეტრო და ავტობუსი 50 თეთრი, მიკროავტობუსების უმეტესობა კი 80 თეთრი ღირდა.

ამის ფონზე, თბილისის მერია აცხადებს, რომ დაინერგება ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები, აბონიმენტები ამოქმედდება, რომელიც "აქტიური მომხმარებლებისთვის" მგზავრობას უფრო იაფს გახდის. როგორც კალაძემ განაცხადა, სატრანსპორტო სისტემა განახლდა და ამას "რა თქმა უნდა, სჭირდება გადახდის სისტემის განახლებაც".

"იმ ტიპის სისტემის შექმნა, რომელიც უფრო კომფორტულს, აქტიური მომხმარებლებისთვის უფრო იაფს, თანამედროვეს გახდის გადახდის სისტემას. შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა, რაც ძალაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა", — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორც კალაძემ განმარტა, ულიმიტო ბარათების საფასური მისი გამოყენების პერიოდზე იქნება დამოკიდებული:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი — 1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი — 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი — 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი — 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი — 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი — 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი ბარათი — 250 ლარი.

უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.

გაიგე მეტი: