შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა დეკემბერში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 2 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. უწყების ცნობით, მხოლოდ დეკემბრის თვეში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში 12 პირი დააკავეს.

"მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი მიმდინარე წელს დააკავეს. კერძოდ, 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი.